სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალექსანდრე ჭიკაიძემ კინოლოგიური პროექტი გახსნა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კინოლოგიური პროექტი (K9) გახსნა. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოში აშშ- ელჩი რიჩარდ ნორლანდი, ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობების საერთაშორისო ბიუროს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილე ქეროლ პერეზი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.

პროექტი მიზნად ისახავს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლას, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განვითარების მოკლევადიანი სტრატეგიის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადენს. კინოლოგიური პროექტი აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს დაფინანსებით 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა და ფინანსთა სამინისტროების წარმომადგენლებისგან შეიქმნა ოპერატიული დანაყოფი, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების აღმოჩენის საკითხებზე სამომსახურეო ძაღლებთან ერთად მუშაობს.

ორივე უწყებისთვის შეძენილია 5 სამომსახურეო ძაღლი. ოპერატიული დანაყოფის წევრებმა, შეძენილ სამომსახურეო ძაღლებთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმატებით გაიარეს რვა კვირიანი მომზადების კურსი, ასევე გაეცნენ თურქეთში არსებულ სისტემას. მიმდინარე ეტაპზე სამომსახურეო ძაღლები, დანაყოფის წევრებთან ერთად, ყოველდღიურად გადიან მომზადებას შინაგან საქმეთა სამინისტროს კინოლოგიური სამსახურის ბაზაზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

პროექტის ფარგლებში, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ძაღლების 8 მუდმივ საცხოვრებელს - ვოლიერს, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. ასევე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად იგეგმება დროებითი ვოლიერების მშენებლობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100