ოზურგეთის საოლქოს თავმჯდომარე ზეწოლის შესახებ ინფორმაციას კატეგორიულად uaryofs

ოზურგეთში მეორე ტურისთვის ემზადებიან. "ქართული ოცნების" კანდიდატი ბეგლარ სიორიძე და "პატრიოტთა ალიანსის" წევრი, შოთა გოგიბერიძე, რომელიც აღნიშნულ პარტიაში "ფორუმიდან" თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ ცოტა ხნით ადრე გადავიდა, საკუთარ ძალებს უკვე მეორე ტურში მოსინჯავენ.

მეორე ტურის მოლოდინშია, ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობაც.

როგორც "პიასთვის" გახდა ცნობილი, ბოლო დღეებში, ოზურგეთში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს, ოზურგეთის საოლქო–საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზვიად თენეიშვილის ჯანმრთელობის გაუარესება 15 ივნისს, არჩევნების დღეს ( ის გულის შეტევით გადაიყვანეს საავადმყოფოში. ავტ) "ქართული ოცნების" კანდიდატის მხრიდან განხორციელებულ გარკველ ზეწოლას უკავშირდებოდა.

ინფორმაციის დასადგენად ბეგლარ სიორიძეს დავუკავშირდით, რომელმაც განაცხადა:

"გარკვეული ვარაუდები მაქვს, ვის შეიძლება ჭირდებოდეს მსგავსი ბინძური ჭორების აგორება, თუმცა თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან. ბატონი ზვიადი არის თავისი საქმის პროფესიონალი და მთელს რაიონში სპატივცემულო ადამიანი. შეგიძლიათ, პირადად მას კითხოთ, მაგ ბინძურ ჭორს აქვს თუ არა რაიმე საერთო სიმართლესთან"

ზვიად თენეიშვილი გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს:

"სისულელეა! აბსურდია ეს ინფორმაცია! არანაირი მსგავსი ან თუნდაც მიახლოებული რამ არ ყოფილა. ყველა ადამიანს შეიძლება შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემა და ყველა შეიძლება გახდეს ავად. ახლა სრულიად კარგად ვარ და ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას", -განაცხადა ოზურგეთის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

კომენტარი