სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგები

"2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიამონიტორინგი

3–23 მაისი, 2014

2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით „სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა“ (CDI) განაახლა მედიამონიტორინგი ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „პროფესიონალური მედია არჩევნებისთვის“ ფარგლებში. მონიტორინგი ხორციელდება 2014 წლის 15 აპილიდან 2014 წლის 30ივნისის ჩათვლით და მოიცავს საინფორმაციო პორტალის ტიპის 12 ყველაზე რეიტინგულ ქართულ ვებგვერდს: netgazeti.ge, droni.ge, pirveliradio.ge, liberali.ge, news.ge, presa.ge, civil.ge, tabula.ge, reportiori.ge, for.ge, dfwatch.net, palitratv.ge. მოცემული ანგარიში მოიცავს მედიამონიტორინგის შედეგებს 3 მაისიდან 23 მაისის ჩათვლით.

ონლაინ მედიის მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა შემდეგი ძირითადი მიგნებები:

· 2012 და 2013 წლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით ონლაინ მედიაში შეიმჩნევა მკვეთრი გაუმჯობესება როგორც ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის, ასევე სუბიექტთა ობიექტური გაშუქების კუთხით.

· მონიტორინგის მეორე პერიოდშიც, 2013 წლის მონიტორინგის შედეგებთან შედარებით, პოზიტიური ცვლილებები შეიმჩნევა ვებგვერდებზე presa.ge, droni.ge, tabula.ge

· განსაკუთრებით აღსანიშნავია presa.ge, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მუშაობის სტილი.

· მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მთავრობისა და პრემიერმინისტრის საქმიანობა გაშუქდა.

· კვლავ ნაკლები სიხშირით შუქდებოდა მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო საქმიანობა; ვებგვერდები მეტ ყურადღებას უთმობდნენ პოლიტიკური პარტიებისა და სახელისუფლებო ძალების გაშუქებას.

· მონიტორინგის მეორე პერიოდში ონლაინ მედიაში მერობის კანდიდატთა გაშუქება არ გახშირებულა.

netgazeti.ge

მონიტორინგის აღნიშნულპერიოდში netgazeti.ge კვლავ საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდზე არ შეიმჩნეოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. უმაღლეს დონეზე იყო დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (29%), კოალიცია „ქართული ოცნების“ (27%), პრემიერმინისტრისა (14%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (12%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის მიმართ არ დაფიქსირებულა (იხ. დიაგრამა 1). უარყოფითი ტონის შედარებით მაღალი მაჩვენებლები გამოიკვეთა მთავრობისა (21%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (15%) გაშუქებისას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი ტონი ძირითადად გვხვდებოდა რესპონდენტთა განცხადებებში და არა ჟურნალისტთა ტექსტებში. netgazeti.ge-ს ჟურნალისტები მონიტორინგის პერიოდში თავს იკავებდნენ პოლიტიკური შეფასებებისა და დაუსაბუთებელი მსჯელობისგან. მონიტორინგის მოცემულ პერიოდში მერობის კანდიდატთა წიანსაარჩევნო საქმიანობა ვებგვერდს აქტიურად არ გაუშუქებია.

netgazeti.ge-მ აქტიურად გააშუქა სამთავრობო უწყებებში პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები. ასეთ სტატიებში დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები და ადგილი არ ჰქონია ჟურნალისტთა მხრიდან დაუსაბუთებელ მსჯელობასა და სუბიექტურ შეფასებებს.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ netgazeti.ge საკმაოდ ობიექტურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდის ჟურნალისტები მაღალ დონეზე იცავენ ჟურნალისტურ სტანდარტებსა და ეთიკის ნორმებს.

droni.ge

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის
შედეგებთან შედარებით droni.ge-ზე შეიმჩნევა პოზიტიური ცვლილება სუბიექტთა გაშუქების ბალანსის დაცვის კუთხით. ვებგვერდზე აღარ ჩანს დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად პრემიერმინისტრი (49%), მთავრობა (20%), კოალიცია „ქართული ოცნება“ (15%)და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ (10%) გაშუქდა. აღსანიშნავია დადებითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი მთავრობის (67%) გაშუქებისას(იხ. დიაგრამა 2), რაც განაპირობა იმან, რომ ვებგვერდზე მონიტორინგის მოცემულ პერიოდში გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი სტატია, სადაც საქართველოს პრემიერმინისტრი მთავრობის მიღწევებზე საუბრობდა („პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა ჰარვარდის კლუბში (თარგმანი)“, 21.05.2014). დადებითი ან უარყოფითი ტონის მაღალი პროცენტული მაჩვნებლები სხვა სუბიექტების გაშუქებისას არ დაფიქსირებულა.

მონიტორინგის მეორე პერიოდში droni.ge-მ აქტიურად გააშუქა ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. უნდა აღინიშნოს, რომ ამ სტატიებში წარმოდგენილი არ ყოფილა განსხვავებული პოზიციები საკითხის მიმართ (მაგალითად: „ჯაფარიძე: „ხუდონჰესის მშენებლობა ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, 23.05.2014; „ლევან ბეჟაშვილი: „ადგილობრივები ხუდონჰესის პროექტის მნიშვნელობაში უნდა დავარწმუნოთ“, 23.05.2014; „ბიძინა გუჯაბიძე: „ხუდონჰესი“ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის გადაუდებლად აუცილებელია“, 12.05.2014; „ზურაბ ტყემალაძე: „ხუდონჰესი 90-ანებში რომ აგვეშენებინა, საქართველო დღეს სულ სხვა სიტუაციაში იქნებოდა“, 14.05.2014).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ droni.ge-ზე, გასულ წლებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით, შეიმჩნევა პოზიტიური ცვლილებები როგორც ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვის, ასევე სუბიექტთა გაშუქების ბალანსის კუთხით. droni.ge-ზე აღარ გვხვდება ჟურნალისტური სტანდარტების უხეში დარღვევის შემთხვევები. ვებგვერდი ობიექტურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

pirveliradio.ge

მონიტორინგის მეორე პერიოდში pirveliradio.ge კვლავ საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვან მოვლენას. დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. ვებგვერდზე არ შეიმჩნეოდა განსაკუთრებულად დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (32%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (25%), კოალიცია „ქართული ოცნებისა“ (16%) და პრემიერმინისტრის (16%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის მიმართ არ დაფიქსირებულა(იხ. დიაგრამა 3). მერობის კანდიდატების გაშუქებისას დადებითი ტონის მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა ნიკა მელიას (52%) გაშუქებისას, ხოლო უარყოფითი ტონის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დავით ნარმანიას (21%) ერგო (იხ. დიაგრამა 4).

pirveliradio.ge-ს სტატიებში მაღალ დონეზე იყო დაცული ჟურნალისტური ეთიკის ნორმები. თუმცა, მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდზე შეგვხვდა რამდენიმე სტატია, რომლებიც წარმოადგენდა ამონარიდებს სხვადასხვა მედიასაშუალებიდან. ამ სტატიებში კი დარღვეული იყო ჟურნალისტური ეთიკის ნორმები (მაგალითად: „ოცნების ნაციონალი კანდიდატები? ფოთი, ზუგდიდი, თელავი“, 22.05.2014).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ pirveliradio.ge საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

liberali.ge

მონიტორინგის მეორე პერიოდში liberali.ge კვლავ საკმაოდ ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდზე არ შეიმჩნეოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. მაღალ დონეზე იყო დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. მონიტორინგის პირველ პერიოდთან შედარებით იმატა უარყოფითი ტონის მაჩვენებელმა მთავრობის საქმიანობის გაშუქებისას.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (41%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (26%), პრემიერმინისტრისა (17%) და კოალიცია „ქართული ოცნების“ (10%) საქმიანობა გაშუქდა. აღსანიშნავია უარყოფითი ტონის საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი მთავრობის (45%) გაშუქებისას(იხ. დიაგრამა 5), რაც განაპირობა იმან, რომ ვებგვერდმა ვრცლად გააშუქა სხვადასხვა ორგანიზაციის საკმაოდ კრიტიკული მიმართვები მთავრობის მიმართ (მაგალითად: „უცხოელი ექსპერტები საყდრისის ნგრევას უნდა დააკვირდნენ?!“, 7.05.2014; „არასამთავრობოები დავით დარახველიძის მიერ „ჰომოფობიური“ შეფასებების შესახებ განცხადებას ავრცელებენ“, 12.05.2014). დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები მონიტორინგის სხვა სუბიექტების მიმართ არ დაფიქსირებულა. მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდი ნაკლები სიხშირით აშუქებდა მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობას და ძირითად ყურადღებას პოლიტიკურ პარტიებსა და სახელისუფლებო სტრუქტურებს უთმობდა.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ liberali.ge კვლავ საკმაოდ ობიექტურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. შეიმჩნევა კრიტიკული განწყობა ხელისუფლების საქმიანობის მიმართ. მაღალ დონეზეა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

news.ge

მონიტორინგის პირველ პერიოდთან შედარებით news.ge-ზე შემცირდა დადებითი ტონის პროცენტული მაჩვენებლები როგორც მთავრობის, ისე სხვა სუბიექტების გაშუქებისას. ვებგვერდი კვლავ ობიექტურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები მონიტორინგის მოცემულ პერიოდში არ დაფიქსირებულა.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (30%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (24%), პრემიერმინისტრისა (16%) და კოალიცია „ქართული ოცნების“ (11%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის მიმართ არ დაფიქსირებულა(იხ. დიაგრამა 6). ვებგვერდი ნაკლები სიხშირით აშუქებდა მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობას და ძირითად ყურადღებას პოლიტიკურ პარტიებსა და სახელისუფლებო სტრუქტურებს უთმობდა.

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდი აქტიურად აშუქებდა სოციალურ ქსელ Facebook-ზე მოპოვებულ ინფორმაციას.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ news.ge მონიტორინგის მეორე პერიოდშიც ობიექტურად აშუქებდა წინასაარჩევნო პროცესებს. დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

presa.ge

2012 და 2013 წლების არჩევნების პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით presa.ge-ზე შეიმჩნევა რადიკალური ცვლილება ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვის კუთხით. ჟურნალისტთა ტექსტებში საერთოდ აღარ გვხვდება სუბიექტური შეფასებები. მონიტორინგის მეორე პერიოდშიც ვებგვერდმა საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქა ქვეყანაში მინდინარე მოვლენები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად პრემიერმინისტრის (32%), კოალიცია „ქართული ოცნების“ (28%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ (14%) და მთავრობის (13%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ტონის საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა „ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ (73%) გაშუქებისას (იხ. დიაგრამა 7), რაც განაპირობა იმან, რომ ვებგვერდმა ხშირ შემთხვევებში უკომენტაროდ გააშუქა ამ პარტიის წინასაარჩევნო შეხვედრები და დაპირებები.

მერობის კანდიდატების გაშუქებისას ჭარბობს დადებითი ტონის მაჩვენებლები (იხ. დიაგრამა 8). მონიტორინგის მოცემულ პერიოდში presa.ge-მ გამოაქვეყნა არაერთი სტატია, სადაც სხვადასხვა ქალაქის მერობის კანდიდატები საუბრობდნენ მათი საარჩევნო პროგრამების შესახებ (მაგალითად: „რა განუცხადეს „პრესა.ჯი“-ს ზუგდიდის მერობის კანდიდატებმა?“, 22.05.2014; „რას სთავაზობენ ამომრჩეველს ზუგდიდის მერობის კანდიდატები?“, 23.05.2014).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ presa.ge-მ რადიკალურად გააუმჯობესა მუშაობის სტილი ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვის კუთხით. მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდმა ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

civil.ge

მონიტორინგის მეორე პერიოდში civil.ge კვლავ საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდზე არ შეიმჩნევა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. უმაღლეს დონეზეა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (33%), პრემიერმინისტრის (17%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ (16%)და კოალიცია „ქართული ოცნების“ (13%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ დაფიქსირებულა (იხ. დიაგრამა 9). სუბიექტების გაშუქებისას ვებგვერდზე ჭარბობს ნეიტრალური ტონი. მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო საქმიანობა civil.ge-ს აქტიურად არ გაუშუქებია.

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდმა ამომწურავად გააშუქა თბილისის მერობის კანდიდატების, პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების სიები (მაგალითად: „14 Candidates Run for Tbilisi Mayor”, 19.05.2014; “20 Parties, 4 Blocs Registered to Run in Local Elections”, 19.05.2014).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ civil.ge საკმაოდ ობიექტურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს. უმაღლეს დონეზეა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.ვებგვერდი დეტალურად აშუქებს საარჩევნო სუბიექტთა რეგისტრაციის პროცედურებს.

tabula.ge

მონიტორინგის მეორე პერიოდში tabula.ge-მ საკმაოდ ობიექტურად გააშუქა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. მონიტორინგის პირველ პერიოდთან შედარებით ვებგვერდზე უფრო თანაბარი სიხშირით შუქდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა თუ სახელისუფლებო სტრუქტურის წარმომადგენელთა კომენტარები. დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (31%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (24%), კოალიცია „ქართული ოცნებისა“ (17%) და პრემიერმინისტრის (14%) საქმიანობა გაშუქდა. უარყოფითი ტონის შედარებით მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა მთავრობის (34%) გაშუქებისას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი ტონი გვხვდებოდა რესპონდენტთა განცხადებებში და არა ჟურნალისტთა ტექსტებში. tabula.ge-ს ჟურნალისტები მონიტორინგის პერიოდში თავს იკავებდნენ პოლიტიკური შეფასებებისა და დაუსაბუთებელი მსჯელობისგან.

დადებითი ან უარყოფით ტონის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებლები სხვა სუბიექტების გაშუქებისას არ დაფიქსირებულა (იხ. დიაგრამა 11). მერობის კანდიდატების გაშუქებისას ვებგვერდზე ჭარბობს დადებითი ტონი (იხ. დიაგრამა 12).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ tabula.ge-ზე, გასულ წლებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებთან შედარებით, შეიმჩნევა გაუმჯობესება პოლიტიკური პროცესების ობიექტურად გაშუქების კუთხით. ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდზე არ დაფიქსირებულა.

reportiori.ge

მონიტორინგის მეორე პერიოდში reportiori.ge-მ კვლავ საკმაოდ ობიექტურად გააშუქა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ვებგვერდზე ჭარბობს უარყოფითი ტონი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაშუქებისას, ხოლო დადებითი ტონი სახელისუფლებო სტრუქტურების გაშუქებისას. reportiori.ge-ს სტატიებში დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (27%), კოალიცია „ქართული ოცნების“ (24%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ (13%) და პრემიერმინისტრის (9%) საქმიანობა გაშუქდა. უარყოფითი ტონის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (37%), ხოლო დადებითი ტონის ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი პრემიერმინისტრს (27%) ერგო (იხ. დიაგრამა 12). თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დადებითი ან უარყოფითი ტონი გვხვდებოდა რესპონდენტთა განცხადებებში და არა ჟურნალისტთა ტექსტებში. reportiori.ge-ს ჟურნალისტები მონიტორინგის პერიოდში თავს იკავებდნენ პოლიტიკური შეფასებებისა და დაუსაბუთებელი მსჯელობისგან.

მერობის კანდიდატების გაშუქებისას ვებგვერდზე ჭარბობს დადებით ტონის მაჩვენებლები (იხ. დიაგრამა 13), რაც განაპირობა იმან, რომ reportiori.ge მონიტორინგის პერიოდში აქტიურად აშუქებდა კანდიდატთა წინასაარჩევნო შეხვედრებსა და დაპირებებს.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ reportiori.ge ობიექტურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. თუმცა, ჭარბობს უარყოფითი ტონი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. ვებგვერდზე დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

for.ge

მონიტორინგის პირველ პერიოდთან შედარებით for.ge-ზე საგრძნობლად მოიმატა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკამ. მოიმატა ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევებმაც.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (38%), კოალიცია „ქართული ოცნებისა“ (29%) და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (21%) საქმიანობა გაშუქდა. უარყოფითი ტონის საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებელი დაფიქსირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (51%) გაშუქებისას (იხ. დიაგრამა 14). მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო საქმიანობა ვებგვერდს აქტიურად არ გაუშუქებია.

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში for.ge საკმაოდ ხშირად აქვეყნებდა ინტერვიუებს ისეთ რესპონდენტებთან, რომლებიც უკიდურესად კრიტიკულად იყვნენ განწყობილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ (მაგალითად: „მანანა კობახიძეს „რუსთავი 2“-ზე და ნაციონალებზე ეცინება: „ბინძური ხალხია“, 12.05.2014; „დემოკრატიის შუქურის“ სპორტული ბრწყინვალება - რა მოხდა 13 მაისს, ანუ როგორ ჩაფლავდა ოპერაცია „სანამ პრეზიდენტს ეძინა“, 13.05.2014).

for.ge-ს სტატიებში არაერთხელ შეგვხვდა ჟურნალისტთა მხრიდან დაუსაბუთებელი მსჯელობისა და შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები; მაგალითად: „ავადსახსენებელმა კოაბიტაციამ „ქართულ ოცნებასა“ და მრავალ სისტემურ დანაშაულში მხილებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის პოლიტიკური ქორწინების სახე მიიღო“ („ინგა გრიგოლია ამხელს!“, 16.05.2014).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მონიტორინგის წინა პერიოდთან შედარებით for.ge-ზე იმატა ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევებმა. ვებგვერდზე ცხადად შეიმჩნევა საკმაოდ კრიტიკული განწყობა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.

dfwatch..net

მონიტორინგის მეორე პერიოდში dfwatch.net კვლავ საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდზე არ შეიმჩნეოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (40%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (23%), პრემიერმინისტრისა (15%) და კოალიცია „ქართული ოცნების“ (11%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები ვებგვერდზე არ დაფიქსირებულა (იხ. დიაგრამა 15). მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ვებგვერდზე ნაკლები სიხშირით შუქდებოდა მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობა და მეტი ყურადღება იყო გამახვილებული პოლიტიკური პარტიებისა და სამთავრობო უწყებების საქმიანობაზე.

მონიტორინგის მეორე პერიოდში dfwatch.net-მა აქტიურად გააშუქა ტელეკომპანია „რუსთავი 2-ში“ სათვალთვალო აპარატურის აღმოჩენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, მთავრობის მიერ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ გამოთქმული კრიტიკა და ამ კრიტიკის შეფასებები. ამ თემების გაშუქებისას დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები და ადგილი არ ჰქონია ჟურნალისტთა მხრიდან დაუსაბუთებელ მსჯელობასა და სუბიექტურ შეფასებებს.

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ dfwatch.net საკმაოდ ობიექტურად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. მაღალ დონეზეა დაცული ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

palitratv.ge

მონიტორინგის მეორე პერიოდში palitratv.ge საკმოად ობიექტურად და მიუკერძოებლად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ვებგვერდზე არ შეიმჩნეოდა დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ. დაცული იყო ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

მონიტორინგის სუბიექტებს შორის ყველაზე ინტენსიურად მთავრობის (42%), პრემიერმინისტრის (19%), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ (14%) და პრეზიდენტის (11%) საქმიანობა გაშუქდა. დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ დაფიქსირებულა. უარყოფითი ტონის შედარებით მაღალი მაჩვენებელი ერგო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ (იხ. დიაგრამა 16). მერობის კანდიდატთა წინასაარჩევნო საქმიანობა ვებგვერდს აქტიურად არ გაუშუქებია.

მონიტორინგის პერიოდში palitratv.ge-ზე არაერთხელ შეგვხვდა რედაქციის მიერ ჩატარებული სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივი გამოკითხვა. უნდა აღინიშნოს, რომ მსგავს სიუჟეტებში დაცული იყო მოსაზრებათა ბალანსი და წარმოდგენილნი იყვნენ რესპონდენტები განსხვავებული შეხედულებებით დასმული საკითხის მიმართ (მაგალითად: „ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას: პრემიერმა თუ პრეზიდენტმა და აქვს თუ არა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა?“, 14.05.2014; „არის თუ არა კვლავ აქტუალური კითხვა: რომელი ვექტორისკენ იხრება ქვეყანა - ჩრდილოეთისკენ თუ დასავლეტისკენ?“, 21.05.2014).

მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ palitratv.ge ობიექტურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები.

დასკვნა

2012 და 2013 წლებში განხორციელებულ საარჩევნო მედიამონიტორინგთან შედარებით ქართულ ონლაინ მედიაში შეინიშნება პოზიტიური ცვლილებები ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დაცვის კუთხით. მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ჟურნალისტური ეთიკის ნორმების უხეში დარღვევის შემთხვევები არც ერთ შერჩეულ ვებგვერდზე არ შეგვხვედრია. განსაკუთრებით აღსანიშნავია presa.ge, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მუშაობის სტილი. მონიტორინგის სუბიექტთა ობიექტური გაშუქების კუთხით გააუმჯობესეს მუშაობა ვებგვერდებმა droni.ge და tabula.ge-მ.

მონიტორინგის მოცემულ პერიოდში ქართულმა ონლაინ მედიამ საკმაოდ ობიექტურად და მიუკერძოებლად გააშუქა როგორც მერობის კანდიდატთა, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიისა და სახელისუფლებო სტრუქტურების საქმიანობა. არც ერთ ვებგვერდზე არ შეიმჩნევა მკვეთრად დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ.

მონიტორინგის პირველ პერიოდთან შედარებით ონლაინ მედიაში რაიმე საგულისხმო ცვლილებები არ დაფიქსირებულა".

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100