"თუ რუსეთი ყირიმს შეიერთებს, საქართველოსთვის MAP-ის მიცემა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იქნება"

საქართველოს შესაძლოა, უკვე სექტემბერში მიეცეს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა "კომერსანტი" ავრცელებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
"მათი ინფორმაციით, ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა უკრაინაში კრიზისის შედეგზე იქნება დამოკიდებული", - ნათქვამია "კომერსანტის" სტატიაში.
ამასთან, რუსული გამოცემა აღნიშნავს, რომ თუ 16 მარტის რეფერენდუმის შედეგად, ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში გაწევრიანდება, დიდი ბრიტანეთში, სექტემბერში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე საქართველო ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას მიიღებს.
როგორც "კომერსანტი" წერს, ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივა საქართველოსთვის 2008 წელს, ბუქარესტში გამართული ალიანსის სამიტის დროს გაჩნდა.
ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის წინააღმდეგობამ ხელი შეუშალა საქართველოსთვის MAP-ის მიცემას, მაგრამ საქართველოს დაპირდნენ, რომ მომავალში შეძლებდა ალიანსში გაწევრიანებას.
სტატიის ავტორის თქმით, 2008 წლის ომის შემდეგ და რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან გაქრა – 2012 წლის ჩიკაგოს სამიტზე მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ნატო-ს კარი საქართველოსთვის ღიაა.
"უკრაინაში რუსეთის ქმედებებმა აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის უფრო გადამწყვეტი პოლიტიკის განახლებული დებატების საჭიროება გამოიწვია. იმაზე, რომ საქართველოს განაცხადი ნატო-ში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უნდა დაკმაყოფილდეს, იმ სახელმწიფოს წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ, რომლებიც ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ გამოდიოდნენ მოწოდებით, არ მოეხდინათ ამ საკითხის ფორსირება", - ციტირებს სტატიის ავტორი ნატო-ში საკუთარი წყაროს კომენტარს.
ამასთან, სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში საკუთარმა წყარომ განუცხადა, რომ ცოტა ხნის წინ, ვაშინგტონში ვიზიტად მყოფ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს თეთრი სახლის წარმომადგენლები საქართველოს ნატო-ში ინტეგრირების მხარდაჭერას შეპირდნენ.


კომენტარი