გიორგი თავდგირიძე: "ხუდონჰესის პროექტი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი საგარეო გარანტიაა"

"ქვეყნის უსაფრთხოება დამოკიდებულია არა მხოლოდ თავდაცვის შესაძლებლობის განვითარებაზე, არამედ ეკონომიკური და ენერგეტიკული უსაფრთხოების მყარ ბაზაზე. ამიტომ, მხარს ვუჭერთ მსხვილ ეკონომიკურ პროექტებს. ამ კონტექსტში განვიხილავთ ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას და მივიჩნევთ მას მნიშვნელოვან მოვლენად ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისათვის, შესაბამისად ენერგოუსაფრთხოების მნიშვნელოვან ფაქტორად." _ განაცხადა დღეს გამართულ კონფერენციაზე სამხედრო ანალიტიკური კვლევის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი თავდგირიძემ.

სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" გამართულ კონფერენციაზე:" ხუდონჰესი და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევები" მონაწილეობენ თავდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ეკონომიკის სამინისტროებიდან; წარმომადგენლები პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტიდან, ასევე, უსაფრთხოებისა და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოებიდან.

ღონისძიება იმართება არასამთავრობო ორგანიზაციების "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივისა " და "სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრის" ორგანიზებით.

ერთ-ერთი მომხსენებლის, გიორგი თავდგირიძის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა პირდაპირ კორელაციაშია ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალთან და აქედან გამომდინარე, ხუდონი პირდაპირ (საგადასახადო ბაზის გაზრდა) და ირიბად (ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო ენერგია) ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისათვის საჭირო ფინანსური რესურსის ზრდას.

"საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში დეკლარირებული მიზნების მისაღწევად უდავოდ მნიშვნელოვანია ეკონომიკური მეგაპროექტები, ისეთი როგორიცაა ხუდონის ჰიდროელექტროსადგური, ანაკლიის საზღვაო ნავსადგური, "შაჰ დენიზის" პროექტის მეორე ფაზის დაწყება და ა.შ. ასეთი პროექტები უდიდეს გავლენას ახდენენ ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტსა და უსაფრთხოების მნიშვნელოვან საგარეო გარანტიებზე. ამის ნათელი მაგალითია ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის მშენებლობა, რომლის პარალელურად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დააფინანსა "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა", რომელმაც მნიშვნელოვნად გაზარდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა (შედარებისთვის, საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი 2000-2003 წლებში არ აღემატებოდა 40 მილიონ ლარს, ხოლო "წვრთნისა და აღჭურვის პროგრამისათვის" ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 150 მილიონ ლარამდე გამოყო)" _ განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

ასევე ვითვალისწინებთ, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა პირდაპირ კორელაციშია ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალთან და მიგვაჩნია, რომ ხუდონი პირდაპირ (საგადასახადო ბაზის გაზრდა) და ირიბად (ეკონომიკის განვითარებისთვის საჭირო ენერგია) ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისათვის საჭირო ფინანსური რესურსის ზრდას.

კომენტარი