ვინ გადაიღო სკანდალური ვიდეო სადაც მერაბიშვილი 2 გვამს ითხოვს?

ქსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოფილი პირადი ფოტოგრაფის, ირაკლი გედენიძის განცხადებით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალა, სადაც მთავრობის წევრები , მათ შორის, პრეზიდენტი ფიგურირებს, მუხროვანშია გადაღებული, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ირაკლი გედენიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ვიდეომასალა მუხროვანის ამბოხის დროს არის გადაღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. გედენიძის განცხადებით, ადგილზე მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვიდეოგადამღები ჯგუფი იმყოფებოდა და მისი ვარაუდით, კადრები სწორედ შსს-ს ოპერატორის მიერ არის გადაღებული.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ციტატას, სადაც ის გვამებზე საუბრობს, როგორც გედენიძემ აღნიშნა, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს, თუმცა იცის, რომ ამ პერიოდში, როდესაც მერაბიშვილი დავალებებს გასცემდა, მიხეილ სააკაშვილი ადგილზე არ იმყოფებოდა. ირაკლი გედენიძე მუხროვანში პრეზიდენტის მისვლისას მივიდა.

ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.

youtube-ზე ვიდეო გუშინ appolon osman-ის სახელით აიტვირთა. მისი ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარი