სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ივანიშვილის ერთ–ერთი მრჩევლის, გია ხუხაშვილის აუხდენელი პროგნოზები

"დრონი.ჯი" აგრძელებს ქართველ ექსპერტთა პოლიტიკური და სხვა სახის პროგნოზების ციტირებას. ამჯერად, ექსპერტ გია ხუხაშვილ იმ პროგნოზებს შემოგთავაზებთ, რომელთა უცილობელ აცხადებაზე, თავის დროზე, ხუხაშვილი ლამის თავს დებდა. სამწუხაროდ, ჩვენი ექსპერტები არა ცივი გონებით, მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მოვლენებზე და მოსალოდნელ პროცესებზე გათვლებით პროგნოზირებენ, არამედ მათთვის სასურველი მომავლის შემოჩეჩებას ცდილობენ და თან გვარწმუნებენ, ეს ყველაფერი უეჭველად ახდებაო. აჰა, ერთად ვნახოთ, როგორ ახდა და აცხადდა გია ხუხაშვილის პოლიტიკური და ეკონომიკური პროგნოზები.

"სამწუხაროდ, ბადრი პატარკაციშვილის ფაქტორი ამ ხელისუფლებას თავისი დანაშაულებრივი ქმედებების გადასაფარავად სჭირდება. მავანს სურს, რომ ალბათ ასე მოხდეს, მაგრამ მე დაბეჯითებით შემიძლია განვაცხადო – არც ერთი, არც ათი წლის მერე, ბადრი პოლიტიკაში მოსვლას არ აპირებს". (2007 წ.)

"საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ამოწურა უცხოური კრედიტების აღების ლიმიტი. აქ, უმთავრესად, ნდობის ლიმიტზეა ლაპარაკი. უცხოური კრედიტები და გრანტები არ დაიხარჯა იმ რეკომენდაციების მიხედვით, რომლებიც ამ ფულს თან მოჰყვა და რომელზეც თანხმობა განაცხადა ჩვენმა მთავრობამ. პირიქით, მალე უკვე აღებული კრედიტების გასტუმრების დრო დადგება. ერთ ცენტსაც აღარ მოგვცემს არცერთი ქვეყნის ხელისუფლება, აშშ-ის ადმინისტრაციის გარდა".

"შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მალე დაიწყება საბიუჯეტო კრიზისი. ხელისუფლებამ უამრავი თანხა დახარჯა არჩევნებზე, საარჩევნო და სხვა სახის პიარზე, უამრავი გაუთვალისწინებელი, ამასთან, გაუმართლებელი ხარჯი გასწია და ახლა ბიუჯეტი ცარიელია. მალე პენსიებსა და ხელფასებს ვეღარ დაარიგებენ". (2008 წ.)

"გაერთიანებული ოპოზიცია" უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში და ამით "ნაციონალური მოძრაობის" პარპაში სამუდამოდ დასრულდება". (2008 წ.)

"ოპოზიცია არის უპრეცედენტოდ ძლიერი და ერთიანი, "ნაცმოძრაობა" კი არა, დღეს მთელი სახელმწიფო აპარატი იბრძვის მის დასამარცხებლად, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ. "ეროვნულმა საბჭომ" მართებული სტრატეგია აირჩია და გამარჯვებასაც ამის წყალობით მიაღწევს".

"პროექტი "სიღნაღი" ფულის გასათეთრებლად წამოიწყეს. რეალურად, იქ არც არაფერი შეიცვლება, არც არაფერი შენდება. რამდენიმე კილომეტრი გზა დაიგება და ამით მორჩება ყველაფერი. ზღაპარი, თითქოს ვინმე მთელი ქალაქის ინფრასტრუქურის შეცვლას გეგმავს". (2006 წ.)

"ქვეყანაში, რომელმაც ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, ჯერაც დანაღმულია ათობით ჰექტარი ტერიტორია კონფლიქტის ზონების სიახლოვეს, ტურისტი არ ჩამოვა. ეს ყველაფერი არის ფუჭი პიარი, მეტი არაფერი". (2009 წ.)

"სააკაშვილმა, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაკარგა უალტერნატივო ლიდერის იმიჯი. ის უალტერნატივო არასდროს ყოფილა ჩვენთვის, მაგრამ გავლენიანი უცხოური პოლიტიკური წრეები მან და მისმა ლობისტებმა დაარწმუნეს ამაში. შეიძლება ითქვას, ნებისმიერი სერიოზული უცხოელი ლიდერის კარი მისთვის დახშულია". (2009 წ.)

"შეიძლება თამამად ითქვას, ეს უკვე ამ ხელისუფლების დასასრულია, უარეს შემთხვევაში – დასასრულის დასაწყისი. ამ აქციებს უკვე ვეღარ გაუძლებს სააკაშვილის რეჟიმი, რადგან ხალხი და ოპოზიცია არის ერთიანი და ერთი მიზნით გამოსული ქუჩაში". (2009 წ.).

"რუსეთი ყველანაირ საშუალებას იყენებს, რომ მისი გვერდის ავლით არცერთი ენერგოპროექტი არ განხორციელდეს და ამ მიზანს მიაღწევს კიდეც. "ნაბუკოს" და სხვა პროექტებს განხორციელება არ უწერია, ჩვენდა სამწუხაროდ, "ნაბუკო" მკვდრადშობილი პროექტია". (2008წ.)

"ბიუჯეტი არის ცარიელი, ათასგვარ უაზრო პროექტზე დაიხარჯა საბიუჯეტო სახსრები და მალე უმწეოთა დახმარებებსა და პენსიებს ვეღარ დაარიგებენ ესენი. შემოდგომიდან დაიწყება უდიდესი ეკონომიკური და ფინანსური რყევები, ხალხი, სოციალურად დაუცველი ფენები, შემოდგომით უკვე ოპოზიციის დაუხმარებლად გამოვლენ ქუჩაში და ასევე ოპოზიციის დაუხმარებლად ააყირავებენ ამ ხელისუფლებას". (2009 წ.)

"ნინო ბურჯანაძე არის, ერთ-ერთი სოლიდური ალტერნატივა სააკაშვილისა, შეიძლება ითქვას, ოპოზიციაში ის ყველაზე გამოცდილი პოლიტიკოსი და ლიდერია. ამას აღიარებენ ევროპისა და ამერიკის სახელისუფლებო წრეებიც, უცხოური მედიაც, უცხოელი ექსპერტებიც". (2009 წ.)

"ამ წლის ბოლომდე ეს ხელისუფლება ვერ გასტანს. ყველაფერი ამაზე მეტყველებს, უპირველესად, ხელისუფლების წარმომადგენელთა ქცევა და უცხოელი ლიდერების დამოკიდებულება სააკაშვილის რეჟიმის მიმართ". (2009 წ.).

"სააკაშვილის ხელისუფლებას, შეიძლება ითქვას, ყავლი გაუვიდა. სწორედ ამერიკელები დაარწმუნებენ მას ამაში და მისი შემცვლელიც მალე გამოჩნდება". (2009 წ.)

"არცერთი ქვეყანა, არც ერთი გავლენიანი პოლიტიკოსი არ ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიები რუსეთის მიერ ოკუპირებულია. კი, ეს ფაქტია, მაგრამ მე არ მსმენია და არსად წამიკითხავს, არც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სიტყვა ოკუპაცია იქ ნახსენები არ არის". (2010 წ.)

"არც ჰილარი კლინტონის და არც სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში არ იგეგმება. ეს ხელისუფლების პიარია და მალე გამოჩნდება, რომ იტყუებიან". (2010)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100