ნუგზარ ჯუღელი: „სანამ ეთერში ვიტყოდი, მანამდე დამაბრალეს, ფოთუმი ახსენაო...“

დიდი მნიშვნელობა არა აქვს, იცნობთ თუ არა მას, მთავარი ისაა, რომ მასზე გსმენიათ და ალბათ, აუცილებლად გსმენიათ, თუკი ასაკით იმდენად პატარა არ ხართ, რომ მსგავსი რამე-რუმეები არ გაინტერესებთ - საქართველოს დიქტორ-კომენტატორთა უგვირგვინო მეფეზე, ნუგზარ ჯუღელზე მოგახსენებთ, რომლის ფრაზები, კარგა ხანია, ფრთიან გამოთქმებად იქცა და ხან სად გვახსენებს თავს, ხან სად.

როგორც ბატონმა ნუგზარმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, იმ ფრაზებიდან, რომელთა ავტორობაც მიაწერეს, უმრავლესობა არათუ არ უთქვამს, მათი თქმა აზრადაც არ მოსვლია, თუმცა, ღიმილით ადასტურებს იმასაც, რომ კვამლი უცეცხლოდ არ გაჩენილა.

ყველაზე სასაცილო და პოპულარული ფრაზა, რომელიც ნუგზარ ჯუღელს ეკუთვნის, „სოხუმი, ბათუმი და ფოთუმია“, თუმცა, ამ ფრაზას თავისი წინაისტორია აქვს:

„ფოთუმი“ მანამდე დამაბრალეს, სანამ მართლა ვიტყოდი. სხვადასხვა ადგილას მესმოდა ეს ფრაზა და ბევრი პირდაპირ მეუბნებოდა კიდეც, „ფოთუმი“ რამ გათქმევინა, რა მაგარი ვინმე ხარო. თავის მართლებას რომ ვიწყებდი, არ მითქვამს-მეთქი, მაინც არავის სჯეროდა. როცა ჩემმა მეგობრებმაც დამიწყეს შაყირი, ერთთან სუფრასთან ყოფნის დროს წამომცდა - რას გადამეკიდეთ, არ მითქვამს ეგ ფრაზა, მაგრამ თუ არ მომეშვებით, ვიტყვი-მეთქი.

ამას ჩაეჭიდნენ და საშველი არ მომცეს. სანაძლეოც დავდეთ, რომელიც კაი მამაპაპური სუფრის გაშლას აკისრებდა წაგებულს. ჰოდა, ერთხელაც, „მოამბე“ მიმყავს და ტექსტში მაქვს ასეთი წინადადება: „საქართველოში წყალსათხილამურო სპორტის განვითარება სოხუმში, ბათუმსა და ფოთში იგეგმება“. ამაზე უკეთეს შემთხვევას, აბა, საიდან ჩავიგდებდი ხელში და, როცა ამ წინადადების წაკითხვის დრო მოვიდა, წყნარად, მკაფიოდ წავიკითხე: „...იგეგმება სოხუმში, ბათუმსა და ფოთუმში...“ - მერე კი, ვითომც არაფერი, ტექსტის კითხვა გავაგრძელე.

რა თქმა უნდა, მაშინ „მოამბე“ პირდაპირ ეთერში გადიოდა და ჩემმა მეგობრებმა კარგად გაიგონეს, რა ვთქვი. მაგრამ სხვებმაც ხომ გაიგონეს? წავიდა გარჩევები ხელმძღვანელობასთან. მივიღე საწყალი სახე და ვთქვი: რა მოხდა, ადამიანები არ ხართ? შემეშალა, რითმაში ჩავსვი-მეთქი. დამიჯერეს თუ არა, არ ვიცი, მაგრამ საყვედური ოფიციალურად არ მოუციათ.“

სამაგიეროდ, ნუგზარ ჯუღელი საყვედურს ვერ გადაურჩა თბილისის ერთ-ერთ პაპანაქება ზაფხულში, როცა ეთერში ტყუილის თქმა პირადი მიზნებისთვის დასჭირდა, ანუ, კანონის ენით რომ ვთქვათ, სამსახურებრივი მოვალეობა პირადი შეხედულებისამებრ გამოიყენა. საქმე ის გახლავთ, რომ იმ ზაფხულს ნუგზარ ჯუღელს ცოლ-შვილი ზღვისპირა ქალაქში ჰყავდა გაგზავნილი დასასვენებლად, თვითონ კი თბილისში იყო და მუშაობდა. როგორც მისი კოლეგები იხსენებენ, ზაფხულში „მოამბის“ წაყვანის მისეული, ორიგინალური მეთოდი ჰქონდა: ეკრანზე ხომ წელსზემოთ ჩანდა და წელსზემოთ, როგორც იტყვიან, საკუბოვედ იყო გამოწყობილი: პერანგი, პიჯაკი და ჰალსტუხი. აი, წელსქვემოთ კი... როგორც წესი, შარვალსაც იხდიდა, მაგიდის ქვეშ შედგმულ ვარცლში ცივი წყალი ჰქონდა ჩასხმული და შიგ ტიტლიკანა ფეხები ჰქონდა ჩაყრილი... აბა, რას იფიქრებდით, რომ საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ამბებზე მაშინ „მოამბის“ სტუდიიდან ნახევრადშიშველი ჯუღელი გესაუბრებოდათ. არადა, ასე კი იყო.

ჰოდა, ერთხელაც, ცოლ-შვილის გარეშე ყოფნის, მგზნებარე თავგადასავლებით სავსე იდილია მეუღლემ დაურღვია, როცა უთხრა, რომ რამდენიმე დღეში აპირებდა ჩამოსვლას, რადგან დასავლეთში ამინდი გაფუჭებულიყო. დაელოდე გამოდარებასო, კი უთხრა ნუგზარ ჯუღელმა, მაგრამ მეუღლემ ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, ხვალვე უნდა ჩამოვიდეო. ნუგზარ ჯუღელმა ბოლო ხერხს მიმართა: „ბავშვი მაინც არ გეცოდება? იწვის თბილისი, იწვის! ტელევიზორს მაინც უყურე, რა ტემპერატურაა გამოცხადებული!“. მეუღლემ არ დაუჯერა, მაგრამ პირობა მისცა, რომ საღამოს პროგნოზს აუცილებლად მოუსმენდა. საღამოს „მოამბე“ ნუგზარ ჯუღელს მიჰყავდა. ამინდის პროგნოზიც თვითონ უნდა გამოეცხადებინა და, როცა დედაქალაქში არსებული ტემპერატურის დასახელების დრო მოვიდა, ნუგზარმა მშვიდად წარმოთქვა: „თბილისში, ღამით 32-34, დღისისთ კი... 41-42 გრადუსი სიცხე“. და ეს მაშინ, როცა ტექსტში 36-37 გრადუსი ეწერა. ნუგზარ ჯუღელმა საქმე მოკვარახჭინებულად ჩათვალა და სტუდიაში მუშაობის შემდეგ სახლში წავიდა:

„მეორე დილით მირეკავს უფროსი - ნუგზარ, ეს რა მიქენიო. უკვე გზაში ვიყავი, სამსახურში მოვდიოდი და ხალხი კი ვნახე გამოსული ქუჩაში, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, სანამ უფროსმა არ გამარკვია: თურმე პროფკავშირებს ჰქონიათ რაღაც კანონი, სადაც წერია, რომ 40 თუ 41 გრადუსზე მეტ სიცხეში მუშაობა არ შეიძლება და აღარ მუშაობს ხალხი, „მოამბემ“ გუშინ 42 გრადუსი სიცხე გამოაცხადაო. ცოლი კი დავარწმუნე, მაგრამ მერე მე მომიწია ხელმძღვანელობის დარწმუნება იმაში, რომ შემეშალა...“, - სიცილით იხსენებს ნუგზარ ჯუღელი.

ქართული ტელესივრცის ყველა დროის კოლორიტული ტელეწამყვანი და კომენტატორი დიდი ხალისით იხსენებს ეროსი მანჯგალაძესთან ურთიერთობის წლებს და ამბობს, რომ ეს დიდი მსახიობი კომენტატორობაშიც შეუდარებელი იყო:

„ერთი პერიოდი ორივეს გვიწევდა საფეხბურთო მატჩების რეპორტაჟის გაძღოლა. ბატონ ეროსის სიგიჟემდე უყვარდა ფეხბურთი, მაგრამ მეტოქე გუნდების ფეხბურთელებში ნაკლებად ერკვეოდა, იმის დრო კი არ ჰქონდა, რომ მატჩის დაწყებამდე ჩაჯდომოდა. ერთხელაც, „დინამო“-„არარატის“ თამაშის დროს, ბურთი სომეხმა ფეხბურთელმა მიიღო და უკვე იმდენხანს ატრიალებს, რომ არდასახელება არ შეიძლება. გევრდიგვერდ ვსხედვართ, რეპორტაჟი ეროსის მიჰყავდა. „ბურთი აქვს...“ - ბატონი ეროსი შეჩერდა და გადმომხედა, მიშველეო. მეც ჩურჩულით, ისე, რომ მიკროფონში ხმა არ გაპარულიყო, ვუკარნახე: „იშტოიანს, იშტოიანს!“ როგორც ჩანს, ეროსის სახელიც უნდოდა, მაგრამ ჩაძიების დრო აღარ იყო და ეთერში თქვა: „დიახ, ბურთი აქვს ბატონ იშტოიანს“. - ასე მხოლოდ მას შეეძლო, აბა, ჩემი „მარგალიტები“ მასთან შედარებით რა მოსატანია... მარტო ეროსი მანჯგალაძის ეს ცნობილი ფრაზა რად ღირს, წარმოთქმისთანავე რომ იქცა ფრთიან გამოთქმად: „და აი, აღმართეს ამ მკვდრებმა ცოცხალი კედელი!“.

სტატიის ბოლოს კი, ალბათ, უპრიანი იქნება ის უკვდავი ფრაზები გავიხსენოთ, რომლებიც სხვადასხვა ეპიზოდებში ითქვა ნუგზარ ჯუღელის მიერ, ან არ თქმულა და მოუგონეს - ეს ორი რამ ისეა არეული ერთმანეთში, რომ ზოგჯერ თვითონ ნუგზარ ჯუღელიც ვერ ამჩნევს, მაგრამ ეს სულაც არ აღიზიანებს - სხვებთან ერთად იცინის თავის ნათქვამზეც და „ნათქვამზეც“:

„ბურთი მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა აუტში მოიგერია, რომელსაც დინამოელები თავიანთი ნახევრიდან მოაწვდიან. მოაწოდეს, პასი წინ, ისევ აუტი. განაახლეს თამაში გვერდითი ხაზიდან, მეტოქის ნახევარზე გადავიდნენ და... ისევ აუტი. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ დინამოელები აუტ-აუტ მიიწევენ წინ...“

„მეტოქის საჯარიმო მოედანზე ჩვენი ხუთი ფეხბურთელი და მოწინააღმდეგეთა გუნდის ექვსი მცველი იმყოფება. პლუს მეკარე, რა თქმა უნდა. ეს, დაახლოებით ოცდაოთხი ფეხია...“

„დარტყმა! არის! არის! ულამაზესი გოლი და აი, თქვენ ხედავთ, რომ სტადიონზე ბურთი ღელავს, ხალხი კი ჯერ კიდევ ბადეშია!..“

„თბილისის სპორტის სასახლეში ნამდვილი საკალათბურთო ამინდია. მიუხედავად იმისა, რომ გუშინ და გუშინწინ პაპანაქება წვიმა იყო, დღეს კოკისპირულად ცხელა...“

„მოედანზეა სანაქებო ქართველ კალათბურთელთა შემდეგი ხუთეული: მილოვიდოვი, ბოროდაჩევი, დერიუგინი, კაპუსტინი, დარსაძე“.

„კაპუსტინი ახტა, მაგრამ ტკაჩენკოსთან ვერაფერი გააწყო და იძულებული გახდა, ჩამომხტარიყო: გინდა ახტი, გინდა დახტი, ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა...“

„აი, თქვენ კადრში ხედავთ დაღლილ ოპოშნიანს, რომელმაც მშვენივრად ითამაშა დღეს და რეჟისორი სწორად იქცევა, როცა მის სახეს მსხვილი ხედით გვიჩვენებს. ოპოშნიანი ღრმად სუნთქავს, ეტყობა, გადაღლილია. ისუნთქე, ოპოშნიან, ისუნთქე! შენ დღეს ეს ნამდვილად დაიმსახურე!..“

„თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში დღეს ორი ოთარი თამაშობს: ოთარ გაბელია და... ნუკრი კაკილაშვილი“.

„და აი, სარბენ ბილიკებზე გამოჩნდა ოთარ გაბელია, რომელიც ალბათ, მალე გამოვა მოედანზე. საინტერესოა, ვის შეცვლას აპირებს მწვრთნელი?“

კომენტარი