გრიგოლ რობაქიძე - 129: მწერლის ანდერძი დღემდე შეუსრულებელია

დღეს გრიგოლ რობაქიძე 129 წლის გახდა. ,,მე ისტორიას არაფერს ვანდობ, რადგან იგი ფრიად დაუნდობელია”- ეს მისი სიტყვებია.

ის ხშირად იმალებოდა ფსევდონიმებში, ხშირად იქცეოდა არაორდინარულად, წერდა განსხვავებული სტილით და ვერავინ ვერასდროს ხვდებოდა მის ფარულ და ნამდვილ იდეოლოგიას. პოლიტიკურად ის შეიძლება მოგვენათლა ნაციონალისტად, ფაშისტად, ზოგადად მისი მსოფლმხედველობა ჰგავდა ნაციონალისტურ-სოციალისტურს, მაგრამ დროდადრო ასე ფიქრის საშუალებასაც არავის აძლევდა. მავანნი კი მას უბრალოდ და მარტივად, ფაშისტს ეძახდნენ.

მისი პიროვნება გაურკვეველი დარჩა მისივე ახლობლებისთვის, თუმცა, რაოდენ სუბიექტურადაც უნდა მოგეჩვენოთ, რობაქიძემ დაუნდობელ ისტორიასაც კი დააყრევინა ფარ-ხმალი,რადგან ვერცერთმა მემატიანემ მას იარლიყი ვერ მიაკერა; ასახა მხოლოდ დეტალები, ბევრი რამ კი დღემდე გაურკვეველია, თავის წერილებსა და ესეებში ამბობს მხოლოდ ერთს-,, “ნამდვილობა” მხოლოდ შინაგანი ზიარებით ისაზღვრება ლოგოსისა. მე უკანასკნელისაგან ზიარება მიმიღია და მთელი ქვეყანაც კი რომ ახმაურდეს ჩემს წინააღმდეგ – ეს მე ვერ შემარხევს“.

90-იან წლებში მართლა ახმაურდა მთელი ქვეყანა, ფაქტობრივად, ლეგენდები დადიოდა გრიგოლ რობაქიძის ზოგიერთ ესსესა და მოთხრობაზე, რომელთა შორისაც, ორი ყველაზე უცნაური წიგნიც იგულისხმებოდა- “ადოლფ ჰიტლერი – უცხოელი მწერლის თვალით” და “მუსოლინი – მზიურნიშნეული”.

მწერლის ორი ესსეისტური დითირამბა, რომელიც მან XX საუკუნის ორ ყველაზე ცნობილ დიქტატორს მიუძღვნა.

საბჭოთა კავშირში იკრძალებოდა მისი ყველა რომანი, რადგან თვლიდნენ ,რომ ის ფაშისტი იყო. ფაშიზმთან ერთად,რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ეშინოდათ მისი პატრიოტული იდეოლოგიისაც ,რადგან მის მწერლობაში ყოველთვის იდო დიდი პატრიოტული მუხტი, როცა ,,გველის პერანგს“ კითხულობთ, ძნელია არ იგრძნო, რა მარტივია აფეთქდეს მასში ჩადებული პატრიოტიზმი, თუკი ამას გარემო პირობებიც ოდნავ შეუწყობს ხელს, ხელშემწყობი კი ამ დროს საბჭოეთი თავად იყო. ამას ემატებოდა, რობაქიძის ხმამაღალი განცხადება ,რომ ვერ ეგუება საბჭოთა კავშირში ცხოვრებას.

,,გულისნადები“ - ასე ჰქვია მის წერილს, სადაც ის მაშინდელ საზოგდოებაში და ახლა უკვე ისტორიაში გაჩენილ კითხვებს პასუხობს. მის ნამდვილობასა და გულწრფელობაში ეჭვის შეტანა კი ცოტა არ იყოს მკრეხელობის ტოლფასია, თუ გავითვალისწინებთ იმ საფრთხეს, რაც მას ელოდა ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგ. წერილში რობაქიძე წერს:

,, დავტოვე საბჭოეთი, რადგან მარქსის გემით არ შემეძლო (და არც შემიძლია) მოზმევა რისამე: არც აზრითი და მით უფრო არც “ხელოვნითი”.

რაც შეეხება, მასზე მიკერებულ საბჭოურ იარლიყს - ფაშისტს, მოგვიანებით, უკვე სიცოცხლის ბოლო წლებში , ის თითქმის დეტალურად ხსნის, რა იყო დიქტატორებზე შექმნილი მისი ესსეების მიზეზი.

,,საბჭოეთში მე მომნათლეს “ფაშისტად”. ესეც სინამდვილეს ეწინააღმდეგება. “წიგნი ჰიტლერზე”? ეს წიგნი “პითაგორული” გეგმებითაა აგებული. მოკლედ: იქ ნაციონალისტურ-სოციალისტური მსოფლხედვა სრულიად შენგრეულია შინაგან – ამავე დროს ჰიტლერი მართებულ არეშია მოქცეული: ამ არეში კი იგი მართლაც მითიური ძლევამოსილებით იზრდება.“

„დიახ, ჰიტლერი მართლაც ახალი ადამიანია, უფრო ზუსტად: ადამიანის ახალი ხატი. მის სტიქიაში მარად სასიკეთო ინტერფერენციის სახით შემოქმედებითად იძვრის ცალკეულ ადამიანსა და პირველმდგენს შორის დაძაბულობის შემქმნელი ცეზურა” - ალბათ, ბევრნი არც ეთანხმებით ჰიტლერის რობაქიძისეულ ხედვას, მაგრამ რთულია, მას ცალსახად დიქტატორული სულის და მენტალობის პიროვნება ვუწოდოთ. მიუხედავად იმისა , რომ ბევრს საუბრობენ მის უარყოფით პიროვნულ თვისებებზე; ამბობენ ,რომ ის გერმანიაში ცხოვრებამ სრულიად სხვაგვარ ადამიანად ჩამოაყალიბა და რომ მისთვის ჰუმანიზმი სრულიად უცნობი ცნება იყო.

ამბობდნენ ,რომ ის ეგოისტურად იყო შეყვარებული საკუთარ თავზე და თანამედროვეთა ნიჭს არ აღიარებდა, ძნელად თუ მოიძებნება სადმე მწერალი, რომლის, როგორც პიროვნებისადმი და როგორც შემოქმედისადმი საზოგადოების განწყობა რადიკალურად ისე განსხვავებული ყოფილიყო, როგორც ეს რობაქიძის შემთხვევაში იყო, დღემდე მისი პიროვნების უარყოფითი დეტალების ნათელსაყოფად მოჰყავთ მაგალითი მისი და კონსტანტინე გამსახურდიას პირადი შუღლისა, მავანნი ამბობენ,რომ რობაქიძეს გამსახურდიასი შურდა კიდეცო, სხვანი ამბობენ, რომ ერთმანეთს ქართულს უწუნებდნენ და კონფლიქტის მიზეზიც ეს იყო, ბევრი კი მათ პოლიტიკურ ,,მაქინაციებშიც“ სდებს ბრალს, თუმცა გრიგოლ რობაქიძის ერთი ესსე სწორედ კონსტანტინესადმი სამადლობელი ფრაზით იწყება, თითქოს აქედან ყველაფერი ნათელი უნდა იყოს , რობაქიძე წერს:

,, მწერალთ: ა. აბაშელს, შ. აბხაიძეს, კ. გამსახურდიას, რ. გვეტაძეს, ვ. გორგაძეს, ი. გრიშაშვილს, შ. დადიანს, ს. ეულს, ი. ვაკელს, გ. ლეონიძეს, კ. ლორთქიფანიძეს, ნ. ლორთქიფანიძეს, ს. კლდიაშვილს, ი. მოსაშვილს, დ. სულიაშვილს, გ. ტაბიძეს, ტ. ტაბიძეს (თუ ცოცხალია), ლ. ქიაჩელს, ს. შანშიაშვილს, დ. შენგელაიას, ს. ჩიქოვანს, კ. ჭიჭინაძეს, ა. ჭუმბაძეს და მეცნიერთ: ვ. ბერიძეს, პ. ინგოროყვას, შ. ნუცუბიძეს, დ. უზნაძეს -

სამი თვის წინათ ერთი ამბავი მაცნობეს პარიზიდან. ოლია თავაძეს, ყოფილ წევრს საქ. მთავრობისა, ეამბნა, როცა ბერლინი, 1945 წელს საბჭოთა ჯართა მიერ ალყაშემორტყმული, ცეცხლის ქვეშ ნადგურდებოდა, მოვარდა ჩვენთან, მთავრობის სასახლეში, ერთი ჯგუფი მწერალთა კ. გამსახურდიას მეთაურობით – თხოვნით: რაიმე ზომები მიგვეღო გრ. რობაქიძის და მ. წერეთლის, რომელნიც მაშინ ბერლინში ეგულებოდათ, გადასარჩენადო. – მრავალი შერხევა განმიცდია ნეტარი წუთით, ხოლო ასეთი სიმძაფრით არა. ასეთი რამ მხოლოდ დიდი კარდჰუს სამშობლოში თუა შესაძლო. მრავალი ცრემლი დავღვარე, ცრემლი ნეტარების. ეხლაც შერხეული ვარ, ვიგონებ რა ამ ამბავს, გამოუცხადო მადლობა ამ მწერლებს? ეს ემსგავსებოდა – მადლობა გმომეთქვა მღვდელმთავრისადმი ზიარებისათვის.“

ამ ფარაზას მოჰყვება ის აღსარება, რომელიც, როგორც ჩანს, სიცოცხლეშივე მას სახელის რეაბილიტაციისთვის დასჭირდა, მიუხედავად იმისა,რომ ბევრგან და ბევრჯერ უთქვამს, თუნდაც ქვეყანა ამიმხედრდეს, მაინც ვერ შემარხევსო, სიცოცხლის ბოლო წლებში მაინც სცადა საკუთარ თავზე მოსმენილი ჭორ-მართლის გარკვევა, აკი ამბობს კიდეც,რომ ისტორიას ამას ვერ ანდობს.

–„საიქიოსკენ“ განმზადილს, მსურს „გარდუვალი“ დავრჩე და ამისათვის: ვიყო „მართალი“.

როგორც ჩანს,ის მართლა მართალ ადამიანად დარჩა, თუნდაც ბოლო აღსარების გამოც. არსებობს ასეთი ისტორია, რომ როცა გრიგოლ რობაქიძე გარდაიცვალა და ვერ აღსრულდა მისი ანდერძი, ერთადერთი კაცი იდგა მცხეთაში, ტაძრის საკურთხეველთან და ეს ერთადერთი კაცი იყო კონსტანტინე გამსახურდია, რომელმაც მარტომ უზრუნველყო გრიგოლ რობაქიძისთვის პარაკლისის გადახდა. არავინ იცის, რამდენად მართალია ეს ისტორია, მაგრამ, თუნდაც, მხოლოდ ლეგენდა ამ ადამიანების ღირსებაზე მეტყველებს.

გრიგოლ რობაქიძის ანდერძი კი დღემდე შეუსრულებელია:

,,ჩემი ნატვრაა: როცა მე ამ სოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს ამ პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს. მეტს არასა ვთხოვ საქართველოს.“

კომენტარი