გასული საუკუნის ქართველი მილიონერი ამერიკაში, გრიგოლ კობახიძე, იგივე ჯორჯ კობი

ახლა მოგითხრობთ ყველაზე დიდ ქართველზე და მეცენატზე, რომელსაც ამერიკაში ოდესმე უცხოვრია. მისი ცხოვრება ჰოლივუდის ფილმისთვის საუკეთესო მასალად გამოდგება. „კი მაგრამ ალექსანდრე ქართველიშვილი, ჯორჯ ბალანჩინი, გიორგი მაჩაბელი?“ – იკითხავთ თქვენ.

შედარებით ნაკლებად ცნობილი გრიგოლ კობახიძე ის კაცია, რომელმაც თქვენს მიერ ზემოთ გაკვირვების დროს ნახსენებ და ბევრ სხვას ქართველს ხელი გაუმართა ცხოვრებაში, დააფინანსა ისინი, გააცნო მათ თავიანთ სფეროებში ბევრი ცნობილი ადამიანი და ცხოვრება ააწყობინა მათ ამერიკის შეერთებულ შტატებში. გრიგოლ კობახიძე რომ არა, ისინი შეიძლება ჩვენ არც კი გვყოლოდნენ იმ სახელით, რა სახელითაც დღეს არიან ისტორიაში შესული.

ამერიკა ცათამბჯენების ქვეყანაა და ეს ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ძირითადი მასალები, რომლებიც ამ შენობების მშენებლობისას გამოიყენება, როგორიცაა ზემდგრადი მინა–ბლოკი და წყალგამძლე ცემენტი – ქართველ გამომგონებლის მიერაა შექმნილი, რომელსაც ოკეანის გაღმა ჯორჯ კობის (George Coby) სახელით იცნობდნენ.

გასულ საუკუნეში ქართველებს ოფიციალური მილიონერი ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გვყავდა, რომელიც ამერიკის ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულში არაერთხელ დაასახელეს. მაშინდელი მილიონები კი რამდენსაც უდრის დღეს ალბათ ამის წარმოდგენა ძნელია. ჯორჯ კობის წარმოების საქონელბრუნვა 1929 წლისთვის 15 მილიონ დოლარს აღწევდა, სუფთა შემოსავალი კი - 4 მილიონს.

გრიგოლი დაიბადა 1883 წელს ამბროლაურის რაიონის სოფელ თხმორში, რაჭველი გლეხის, დავით კობახიძის ოჯახში. წერა-კითხვა სოფლის მღვდელმა შეასწავლა. პატარა გიგოს დიდ ნიჭთან ერთად, კარგი ხმა და მუსიკალური სმენაც აღმოაჩნდა, მაგრამ სწავლის გაგრძელების ნაცვლად ბიჭს გულმა სახლიდან შორს, თავგადასავლების საძიებლად გაუწია. ჰოდა, 10 წლის გიგამ, დაკრა ფეხი და გამოიქცა.

თავის უფროს ძმას შენატროდა, ბორჯომში, ვიწროლიანდაგიან რკინიგზაზე რომ მუშაობდა და თავადაც ორთქლმავლის მემანქანეობაზე ოცნებობდა. მშობლიური სოფლიდან ბორჯომისკენ ფეხით გამოემართა. მგზავრობის დროსაც უამრავი რამ გადახდა თავს - ოკრიბისკენ მიმავალს, აბრაგები შემოეყარნენ. მათმა მეთაურმა ბიჭუნას ოცნებების შესახებ რომ შეიტყო, ერთი გადაიხარხარა, მერე ჯიბიდან 10 ოქროს მანეთიანი ამოიღო და მუჭში ჩაუჩხრიალა: - წადი, ბიძია, კაცი გამოდი და მერე კი შენ იცი, მეც გამიხსენეო. აბრაგის ნაჩუქარი ფულით ქუთაისამდე ჩააღწია, მაგრამ იქ ერთ გულღრძო მედუქნეს შეშურდა მისი: პატარა გიგა მისსავე თანატოლებს ქუჩაში აცემინა და ოქროს მანეთიანებს თავად დაეპატრონა. თანატოლებისგან გაძარცული და გამეტებული რაჭველი ბიჭი ქუჩაში მეპურეებმა იპოვეს და შეიფარეს. "რაჭველის საქმე პურის ცხობაა. ღვთის მადლით, ხელობას ქვე გასწავლით, დარჩი აქანა და იმუშავე!" - უთხრა ერთ-ერთმა. მაგრამ გიგას ეს საქმე არ იზიდავდა. გულკეთილ მეპურეებთან მხოლოდ ორი ღამე გაათია, მერე კი ბორჯომისკენ განაგრძო გზა.

შეუპოვრობის წყალობით, ყველა დაბრკოლება გადალახა და უფროს ძმას -ლეონტისაც მიაგნო. ის კინაღამ გადაირია და მოულოდნელად გამოცხადებულ გიგას შინ დაბრუნება დაუპირა, მაგრამ ბიჭმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა: სანამ მემანქანეობას არ ვისწავლი, ბორჯომიდან ფეხსაც არ მოვიცვლიო. რაღა უნდა ექნა ლეონტის - ოჯახში წერილი აფრინა, გიგა ჩემთან არისო და უმცროსი ძმა ერთ რუს მემანქანეს მიაბარა.

გიგა საკმაოზე მეტად ბეჯითი მოსწავლე აღმოჩნდა - ორთქლმავლის მართვაც მალე შეისწავლა და მის მოწყობილობაშიც ბრწყინვალედ გაერკვა. ერთხელ, როდესაც ლეონტისთან ერთად ორთქლმავალი მიჰყავდა, რაღაც დეტალი მწყობრიდან გამოვიდა და მატარებელი გაჩერდა. მგზავრები, მუხლის გასაშლელად, ვაგონებიდან ჩამოვიდნენ, ხოლო გიგა და მისი ძმა ორთქლმავალს დაუტრიალდნენ. სწორედ ამ დროს მათ ერთ-ერთი მგზავრთაგანი მიუახლოვდა და ჰკითხა, - დახმარება ხომ არ გჭირდებათო? იგი ოდესელი ქიმიკოსი, ვინმე სიმონოვი აღმოჩნდა, რომელიც საქართველოში ბორჯომის ცნობილი მინერალური წყაროების შესასწავლად ჩამოსულიყო.

იმ დღეს, რა თქმა უნდა, ორთქლმავალიც შეაკეთეს და გზაც განაგრძეს, მაგრამ გიგას ყურადღება სხვა რამემ მიიპყრო - სიმონოვი ენაწყლიანი მოსაუბრე აღმოჩნდა და იმდენი ილაპარაკა ბორჯომის წყაროებსა და ჩამომსხმელ ქარხანაზე, რომ ყმაწვილი დიდად დააინტერესა: "ბორჯომის მინერალური წყალი მეტად ფაქიზია... ამიტომაც მის შესანახად განსაკუთრებული შედგენილობის მინის დამზადებაა საჭირო", -ამბობდა სიმონოვი და გამურულ ახალგაზრდა მემანქანეს მოთმინებით უხსნიდა, თუ როგორ მზადდება მინა და რა თვისებები აქვს მას. საბოლოოდ, ეს ამბავი იმით დამთავრდა, რომ გიგამ რკინიგზაზე მუშაობას თავი დაანება და ქარხანაში სიმონოვს მიაკითხა. მან მიიღო ყოფილი მემანქანე და ბოთლების კეთებაშიც დააოსტატა. სწორედ მაშინ მიხვდა 20 წლის გიგა კობახიძე, რომ მისი ნამდვილი მოწოდება ქიმია იყო და არა სხვა რამ.

"დაიმახსოვრე, ყმაწვილო: ჩვენისთანა ხალხს ადრე ჯადოქრებადაც კი ნათლავდნენ და სჯიდნენ, მაგრამ სიბნელის დამარცხება მაინც მოვახერხეთ და მაინც დავამტკიცეთ, რომ ქიმია -მეცნიერებაა! ამას მუხლჩაუხრელი შრომით მივაღწიეთ!" -ასე ეუბნებოდა სიმონოვი ბიჭს, რომელიც ამ სიტყვებს შემდგომში ყოველთვის იხსენებდა.

ოთხ წელიწადში დაეუფლა ლამის ყველა ტექნოლოგიას, რაც ქარხანაში იყო. გამომგონებლობის ნიჭიც აღმოაჩნდა - შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა.

ბორჯომიდან სიმონოვი ჯერ თბილისის მინის ქარხანაში გადმოიყვანეს, იქიდან კი 1902 წელს მშობლიურ ოდესაში დააბრუნეს. გიგა, რომელსაც მინის წარმოება პრაქტიკულად უკვე კარგად შეესწავლა, თან გაჰყვა მას. ოდესის ქარხანაში ცოტა ხანს იმუშავა, მერე კი დააწინაურეს და დონბასში - დაბა კონსტანტინოვკაში გადავიდა: იქ ახალგაზრდა სპეციალისტები სჭირდებოდათ და სიმონოვმაც ურჩია, წასულიყო. ისიც უნდა ითქვას, რომ კონსტანტინოვკა მაშინ საშიში დასახლებაც იყო -ადგილობრივი კაზაკები ვერ იტანდნენ "უცხო რჯულის" მუშებს და აწიოკებდნენ; ცხადია, ისინიც ანალოგიურად პასუხობდნენ და ამიტომაც, კონსტანტინოვკაში დღე ისე არ გავიდოდა, მკვლელობა თუ არა, შეხლა-შემოხლა მაინც რომ არ მომხდარიყო. აი, ასეთ დაბაში გაუშვეს გიგა კობახიძე (იმხანად ის ოფიციალურად, რუსულ ყაიდაზე -"გრიგორი კობახიდზევად" იყო ცნობილი) მინის ქარხნის ხელმძღვანელად. შეუპოვარი ხასიათის წყალობით, ყმაწვილს არაფრად ჩაუგდია სიმონოვის მეუღლის ვიშვიში: ამ ოქროსავით ბიჭს ან კაზაკები მოკლავენ, ან - მუშებიო, და 1904 წელს, დანიშნულების ადგილას ჩავიდა.

გრიგორი კობახიდზევი კონსტანტინოვკაში ერთადერთი ქართველი იყო და, ცხადია, ბრწყინვალე რეპუტაციით სარგებლობდა, მაგრამ ხიფათს მაინც ვერ ასცდა: ერთ წვიმიან ღამეს მას კარზე ორმა მამაკაცმა დაუკაკუნა და ღამის გათევის უფლება სთხოვა. ქარხნის დირექტორმა, რაღა თქმა უნდა, ორივე შეიფარა. დილით ადრე კი კაზაკები მიადგნენ და სტუმრებთან ერთად წაიყვანეს. ჟანდარმერიაში "გამოარკვიეს", რომ კონსტანტინოვკის მინის ქარხნის დირექტორი კობახიდზევი უკრაინელ "სამოსტოინიკებთან" ანუ დამოუკიდებლობისთვის მებრძოლებთან იყო დაკავშირებული. გიგა კობახიძე სასწრაფოდ დააპატიმრეს და გადასახლებასაც კი უპირებდნენ, მაგრამ ღმერთმა არ გაწირა - სასჯელად მხოლოდ შინაპატიმრობა და უსასყიდლოდ, უბრალო მუშად მუშაობა აკმარეს.

კონსტანტინოვკის მინის ქარხანაში ახალი დირექტორი გამოგზავნეს -ეროვნებით ფრანგი, გვარად გამანი. წინამორბედის გაცნობისთანავე, ფრანგი ქიმიკოსი დარწმუნდა, რომ რუსებს ტალანტის დაფასება მართლაც არ შეეძლოთ და გიგას ჟანდარმერიაში უშუამდგომლა - სოლიდური თანხა გადაიხადა, რათა ყოფილი დირექტორისთვის სასჯელი მოეხსნათ.

კობახიძე გათავისუფლებით კი გაათავისუფლეს, მაგრამ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე ცხოვრება აუკრძალეს.

ფრანგი კოლეგა კვლავაც დაეხმარა და გერმანიის ქალაქ მიუნხენში მცხოვრებ ძმასთან სარეკომენდაციო წერილი გაატანა: ეს კაცი ცნობილი ქიმიკოსია, რწმენით რესპუბლიკელი; რუსეთში აღარ დაედგომება და მიხედეო. ასე გაემგზავრა 25 წლის გიგა კობახიძე პოლონეთის გავლით გერმანიაში. უკეთ რომ ვთქვათ, ის სხვა ყოფილ პოლიტპატიმრებთან ერთად გააძევეს ამ ქვეყანაში.

ყმაწვილს ორი ხელი სამოსისა და შელანძღული ფეტრის შლაპის გარდა, აღარაფერი ებადა. ჯიბეში გამანის მიცემული ბარათი კი ედო, მაგრამ როცა მითითებულ მისამართზე მივიდა, იმედი სასტიკად გაუცრუვდა -ბატონი გამანი გარდაცვლილიყო, მისი მეუღლე კი ამერიკაში გადასვლას აპირებდა და დახმარება არაფრით შეეძლო. მან მხოლოდ მინის ქარხნის გზა ასწავლა ახალგაზრდა უცხოელს და ასე მოიშორა თავიდან.

გიგა მიუნხენში დასახლდა. მიუნხენის მინის ქარხანაში რუსეთიდან ჩასული პოლიტპატიმარი უბრალო მუშად მიიღეს და ისიც - ნახევარ განაკვეთზე: ქარხნის პატრონმა განუცხადა, - მე ფულს უქმად არ ვყრიო. გასამრჯელოც ძალზე მიზერული იყო და გიგა კობახიძემაც, გაგიკვირდებათ და, ცირკს მიაკითხა: ჭიდაობა ბავშვობიდან უყვარდა და საამისო მონაცემებიც ჰქონდა. სწორედ ცირკის პატრონმა, ცალთვალა ადრიან დრექსლერმა დააფასა ის - მოჭიდავეთა დასში წამყვან ათლეტად დანიშნა და დღიურად ათი მარკა გამოუყო. დრექსლერის ცირკი მიუნხენში დიდი პოპულარობით სარგებლობდა და, ასე გასინჯეთ, თვით მინის ქარხნის მეპატრონეც მისი ხშირი სტუმარი იყო.

გიგა კობახიძემ, ბრწყინვალე ფიზიკური მონაცემების წყალობით, მიუნხენში მალე გაითქვა სახელი, როგორც დაუმარცხებელმა მოჭიდავემ. ის მინის ქარხნის მეპატრონემაც არენაზე შენიშნა და ისე მოიხიბლა მისი ილეთებით, რომ ქარხანაში საცდელი ლაბორატორიის მოწყობის ნება დართო. სწორედ აქედან დაიწყო ქართველი ქიმიკოსის აღმავლობა, თუმცა ჭიდაობისთვის თავი არ დაუნებებია - ისევ წარმატებით გამოდიოდა ცირკში და მაყურებელს აღაფრთოვანებდა.

მალევე, გიგა დაქორწინდა კიდეც. მისი მეუღლე გახდა რუსი ემიგრანტის შვილი, ულამაზესი დაშა ნოდვიკოვა. თუმცაღა, ჯერ თაფლობის თვესაც არ ჩაევლო, როცა გიგა მორიგ ხიფათს გადაეყარა: მიუნხენს იტალიური ცირკის მოხეტიალე დასი ეწვია, რომელშიც ბლომად იყვნენ მოჭიდავეებიც; მათგან განსაკუთრებით ერთი, ვინმე ნერო გამოირჩეოდა - ის მძიმეწონოსანი იყო და მთელი ევროპა ისე მოევლო, ხალიჩისთვის მუხლიც კი არ ჰქონდა შეხებული.

...ადრიან დრექსლერის ცირკში ფალავნების შერკინება ქართველის გამარჯვებით დასრულდა. მოხეტიალე დასის ხელმძღვანელმა იხტიბარი არ გაიტეხა და დრექსლერს შესთავაზა, ფალავნები არალეგალურად, კიდევ ერთხელ შეეხვედრებინათ. იმხანად ეს გერმანიაში იკრძალებოდა, მაგრამ დრექსლერი მაინც დათანხმდა. შეხვედრა ჩაიშალა, რადგან პოლიციამ ყველაფერი შეიტყო და ფალავნებიც და პრომოუტერებიც, როგორც იტყვიან, ფაქტზე დააკავა - შეჯიბრების დაწყების წინ. ასე აღმოჩნდა გიგა საკანში, მაგრამ მინის ქარხნის მეპატრონემ ამჯერადაც უშველა: გამოსასყიდი გადაიხადა, ციხიდან გამოიყვანა და, მეუღლესთან ერთად, ლონდონის გავლით, ამერიკაში გაამგზავრა.

გიგა მალე გერმანელ სპეციალისტთა დახმარებით მინის პროდუქციის დამამზადებელ მცირე საწარმოს აარსებს, შემდეგ ინგლისში მიემგზავრება. 1908 წელს ლონდონში მინის ქარხანაში ეწყობა უბრალო მუშად. იქაც გამოადგა ცოდნა, თავისი გამოცდილება, მალე შეამჩნიეს და დააწინაურეს. იქაც ჭიდაობდა და ცირკშიც გამოდიოდა. მალე ფინანსურად ისე მომაგრდა, რომ ცოლიც ჩაიყვანა, მაგრამ მოშურნეები გამოუჩნდნენ. ამიტომ იძულებული გახდა, მრავალთა მსგავსად ბედი ამერიკაში ეძებნა.

1909 წლის 1 აგვისტოს 26 წლის გრიგოლ კობახიძე ნიუ-იორკში ჩადის. იმ დროს ამერიკის შეერთებულ შტატებში საკმაოდ იყვნენ ქართველები, მათ შორის რაჭველები, რომელთა ერთ ნაწილს ჩვეული ხელობისთვის, მეპურეობისთვის მოეკიდა ხელი. გრიგოლი სწორედ მათი დახმარებით მოეწყო ამერიკაში. ცხრა წელიწადს ცოლთან ერთად კომპანია "ჯენერალ ელექტრიკში" მუშაობდა და თავისი საქმის დასაწყებად ფულს აგროვებდა. დამატებითი შემოსავალი მისთვის ამჯერად გამოგონებებს მოჰქონდა, რამდენიმე პატენტი მიიღო ავტომატურ საწერ-კალმებზე. მცირე ბიზნესიც წამოიწყო. კალმებითა და სხვა წვრილმანი საკანცელარიო ნივთებით ვაჭრობით იმდენი ფული დააგროვა, რომ 1919 წელს დიდი ქარხნის გამართვა შეძლო მასაჩუსეტსის შტატში, ბოსტონთან, ქალაქ ეტლბოროში. 1922 წელს მისი წარმოება ფეხზე დადგა.

სულ მალე მისმა the Coby Glass Products Company-მ ამერიკის აღმოსავლეთის შტატებში სახელიც გაითქვა და ნდობაც მოიპოვა. აქვე უნდა ითქვას - სახელიც მაშინ შეიცვალა და ჯორჯ კობი დაირქვა, თუმცაღა ქართველობისთვის არასოდეს უღალატია -მფარველობდა და ხელს უმართავდა თანამემამულეებს, ვისაც ამერიკაში ახალი ცხოვრების დაწყება ეწადა.

პირველ სარეკლამო ფურცლებზე აღბეჭდილია ფირმის პროდუქცია - სამედიცინო, ქიმიური, ლაბორატორიული და სხვა 45 სახის ნაირგვარი ფორმის ნაწარმი, ზომა-წონის მაჩვენებლებით. უშვებდა აგრეთვე ფანჯრის მინებს, ოთახის გასატიხრ ფილებსა და ყიდდა ნედლ მასალას. კობის პროდუქცია ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. იგი მუდმივად აუმჯობესებდა ტექნოლოგიას. გრიგოლი 300-მდე მუშისა და ათეულობით ტექნიკოს-ოსტატისთვის შრომისა და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნას ცდილობდა. მილიონერის სტატუსის მიუხედავად, უსაქმოდ არასოდეს მჯდარა - მისი 60-ზე მეტი პატენტი წარმოებას პრესტიჟს მატებდა.

საქართველოს დამოუკიდებლობას აღტაცებით შეეგება. სამშობლოში დაბრუნება და ქვეყნის სამსახურში ჩადგომა სურდა, მაგრამ 1918-21 წლებში მისი ბიზნესი ჯერ კიდევ ფეხს იდგამდა. ოკუპაციის შემდეგაც ცდილობდა სამშობლოს დახმარებას და მოლაპარაკებებს აწარმოებდა ხელისუფლებასთან მინის დიდი ქარხნის მშენებლობის თაობაზე. "ნეპი" ნებას რთავდა და ხელს უწყობდა უცხოურ კონცესიებს, ამიტომ შესთავაზეს კაპიტალის ჩადება, მაგრამ გრიგოლი ამას არ დათანხმდა - მას თვითონვე სურდა მშენებლობისთვის ეხელმძღვანელა, რადგან ბოლშევიკებს ფულს ვერ ანდობდა. უარის შემდეგ გადაწყვიტა, თავის სოფელს დახმარებოდა და თანხმობაც მიიღო.

1925 წელს, ქართველმა მილიონერმა სამშობლოშიც იმოგზაურა - დღეს ძნელი სათქმელია, როგორ ან რის გამო დართო კომუნისტურმა რეჟიმმა ამერიკაში ცნობილ ქიმიკოსს საქართველოს მონახულების ნება, მაგრამ ფაქტია, რომ ჯორჯ კობი, იგივე გრიგოლ კობახიძე 1925 წელს, ოც წელზე მეტი ხნის განშორების შემდეგ, პირველად ჩამოვიდა საქართველოში. ფეხით გაიარა ის გზა, რომელიც პატარა ბიჭმა განვლო 33 წლის წინ.

სახლი აუშენა იმ მეპურეების ოჯახს ქუთაისში, ვინც მაშინ ბავშვს ღამე გაათევინა და მოუარა, დედას კი ბავშვობაში შეპირებული 10.000 მანეთის საჩუქრები ჩაუტანა. იმ აბრაგსაც კი ეძებდა, ვინც 10 ოქროს მანეთიანი აჩუქა, მაგრამ ვერსად მიაგნო -1924 წლის ცნობილ აჯანყებას შესწიროდა. "აქ ახლა ბოლშევიკები არიან... დაგვაშინეს ყველანი და თავად კი ისე ლაღად დადიან, გაგიკვირდება", - ეუბნებოდა გიგას უფროსი ძმა ლეონტი, რომელმაც ამერიკაში წამოსვლაზე უარი განაცხადა -ბოლშევიკები ამას არ მაპატიებენო.

მეორედ 1928 წელს ეწვია საქართველოს. ოთხ წელიწადში ბევრი რამ გაუკეთა თავის კუთხეს. დაეხმარა მრავალ გაჭირვებულ ოჯახს, სოფელ თხმორს აუშენა სკოლა, აფთიაქი, მდინარე შარეულაზე გადო ორი ხიდი, შეაკეთა ეკლესია და მღვდლის სახლი, გახსნა სავაჭროები, მოამარაგა საქონლით და მოაგვარა მრავალი წვრილმანი პრობლემა. მასთან დახმარების სათხოვნელად არა მარტო რაჭისა და იმერეთის სოფლებიდან, არამედ ქუთაისიდანაც მიდიოდნენ. ამ დროს ძმისშვილი ჩავიდა თბილისიდან და შეატყობინა, რომ დაჭერას უპირებდნენ, ამიტომ სასწრაფოდ გაემგზავრა სოფლიდან და ქვეყნიდანაც.

კობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოგონება წყალგამძლე ცემენტი და ზემდგრადი მინა-ბლოკი ფლორიდას უკავშირდება. ქართველ ქიმიკოსს კარგა ხნის განმავლობაში უწევდა იქ ყოფნა და ხედავდა: ტროპიკულ, ტენიან ჰავას ვერც აგური უძლებდა და ვერც ხე - ყველაფერი ძალიან მალე ფუჭდებოდა და ხელახლა გასაკეთებელი ხდებოდა. ჯორჯ კობიმ სულ რამდენიმე წელიწადში გამოიგონა ცემენტი, რომელსაც ტენი ვერას აკლებდა; აგურის შედგენილობაშიც მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა და შექმნა მინა-ბლოკი, რომელიც შენობის გარედან მოსაპირკეთებლად იყო განსაზღვრული და მზის შუქს ირეკლავდა. ამ გამოგონებებმა ამერიკის მრეწველობაში გადატრიალება მოახდინა და მოგვიანებით -30-იან წლებში, პირველი ცათამბჯენების აშენებისას, ფართოდ დაინერგა.

ჯორჯ კობი ამის წყალობით ძალიან გამდიდრდა და მულტიმილიონერად იქცა. პირველი, რაც მან ამის შემდგომ გააკეთა, სათამაშოების მაღაზიისა და უპოვართათვის სასადილოების ქსელის გახსნა იყო. 1925 წელს ქართველი ქიმიკოსი ამერიკის უმდიდრეს ადამიანად მეოთხედ დაასახელეს - იმ დროისათვის ეს საოცრება იყო. ჯორჯ კობი ერთხმად, ამერიკის ქიმიური მრეწველობის მეფედ აღიარეს.

1929-1933 წლების "დიდ დეპრესიად" მონათლული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ჯორჯ კობისაც შეეხო. მისი წარმოებაც გაკოტრდა. მისმა კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა თავი მოიკლა.

ჯორჯ კობი მართალია მილიონებს "დაემშვიდობა", მაგრამ იმედი არ დაუკარგავს. იმდენი შეძლება კიდევ ჰქონდა, რომ გაჭირვებულ ქართველებს დახმარებოდა არა მარტო ამერიკაში, არამედ ევროპასა და საქართველოშიც. მეცენატ ქართველს ჰყავდა სტიპენდიატებიც, მათ შორის ცნობილი რეჟისორი ვასო ყუშიტაშვილი. უმოქმედობას ვერ ეგუებოდა, ამიტომ თავის სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების პატარა ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისივე ხელით აკეთებდა. გაიხსენა საწერ-კალმებისა და საკანცელარიო ნივთების დამზადების ხელობა და მუშტარიც გაიჩინა. ქიმიკოსმა შეიამხანაგა გიორგი მაჩაბელი, რომელმაც ამერიკაში პარფიუმერიის წარმოებას მიჰყო ხელი და სახელიც გაითქვა. მისი წარმოების გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა - სუნამო "საქართველოს დედოფლის" ჯვრიანი ოქროს გვირგვინის ფორმის უმშვენიერესი ფლაკონის დამზადება და, როგორც გიორგი მაჩაბელი შემდგომში აღნიშნავდა, მისი პროდუქციის წარმატების მთავარი მიზეზი ეს იყო;

ცნობილი ავიატორი ქართველიშვილი წარუდგინა ავიაციით დაინტერესებულ მილიონერს. მისი დამსახურება იყო ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილის თვითმფრინავისთვის ზემტკიცე მინის კაბინის დამზადება, რომელიც აფრენის შემდეგ ფიუზელაჟში ჩადიოდა. ჯორჯ კობიმ გაუმართა ხელი შემდგომში კარგად ცნობილ ქართველ ოქროსმაძიებელ მაიკ მიტოს და ალასკაზე ოქროს გადამამუშავებელი ქარხანა ააშენებინა; მანჯურიიდან ჩამოიყვანა და ლაბორატორია მოუწყო მედიკამენტ პემოდინის შემქმნელ ქართველ ექიმს ნიკოლოზ ჯიშკარიანს და სხვ...

1941 წლის 7 დეკემბერს ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომში ჩაება. გრიგოლმა ამერიკის მთავრობას ფინანსური დახმარება სთხოვა საომარი შეკვეთებისთვის მინის წარმოების აღსადგენად. როცა მისი საბუთები და მონაცემები შეისწავლეს, დაუყოვნებლივ მიიღო ლიცენზია და თანხა - 2 მილიონი დოლარი. მოკლე ხანში მოაწყო წარმოება და გახსნა ქარხანა მასაჩუსეტსის მოსაზღვრე როდ-აილენდის შტატის ქალაქ პატაკეტში. შეიძინა ოთხი ჰოლანდიური დანადგარი, დაიქირავა 300-მდე მუშა და დაიწყო ქიმიური და სამედიცინო ლაბორატორიების, საველე ჰოსპიტალებისა და რიგითი საავადმყოფოებისთვის აუცილებელი პროდუქციის დამზადება. მალე the Coby Glass Products Company კვლავ მძლავრ საწარმოდ იქცა. განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა იყო ახალგამოგონებულ მინის ამპულებზე ინიექციებისთვის. მისი ნაწარმი მიეწოდებოდა როგორც კანადას, ასევე მოკავშირეებსაც. ჯორჯ კობი ისევ უმდიდრეს ადამიანად იქცა.

ომის შემდეგ წარმოება მშვიდობიან რელსებზე გადაიყვანა და სიახლე დანერგა - ქიმიური სითხით სავსე ელექტროსანთლებში, ე.წ. Babel light-ში, ქსელში ჩართვის შემდეგ ფერადი ბუშტები იწყებდნენ მოძრაობას. მანამდე ნაძვის ხეებს ნამდვილი სანთლებით რთავდნენ, რაც ხშირად ხანძარს იწვევდა. მოგვიანებით სანთლებს ფერადი მინისგან ამზადებდა და ქიმიური სითხეც საჭირო აღარ იყო. ფერადი მინისგან სხვადასხვა ფორმის სათამაშოების დამზადება დაიწყო და "ორნამენტი" უწოდა. ქართულ დროშისფერ ყუთებში ჩაწყობილ სათამაშოებს ეწერა: "კობი. მინის საშობაო ხის ორნამენტები. კობი - ეს შობაა". სათამაშოები კანადაში გადიოდა, ამიტომ წარწერა ფრანგულადაც კეთდებოდა.

სამწუხაროდ, გრიგოლ კობახიძეს შვილი არ ჰყავდა. თავის დროზე სურდა, ძმისშვილები ან ახლო ნათესავები ჩაეყვანა ამერიკაში და წარმოებაში ჩაება, მაგრამ ვერ შეძლო და საბჭოთა კავშირში დაწყებული რეპრესიების გამო მათთან ურთიერთობა სულაც შეწყვიტა, რათა ისედაც დაზარალებულ ოჯახს მის გამო ახალი რეპრესიები აღარ დასტეხოდა თავს. რაკი ქართველთაგან ვერავინ დააინტერესა წარმოებით, გრიგოლმა კომპანიონებად იტალიური წარმოშობის ძმები ჯიმ და ჯული პაგლისები აიყვანა, რომლებიც გახდნენ კიდეც მისი საქმის გამგრძელებლები.

84 წლის გრიგოლ კობახიძე გარდაიცვალა 1967 წელს. პაგლისებს დავიწყებისთვის არ მიუციათ ჯორჯ კობის ღვაწლი და არც სახელი შეუცვლიათ წარმოებისათვის. მისი ბიოგრაფის, ემიგრანტ გივი კობახიძის ცნობით, 1980-იან წლებში მათ კედელზე ეკიდათ მინის ქარხნისა და წარმოების დამფუძნებლის, ქართველი მრეწველის გრიგოლ კობახიძის დიდი ფოტო. კობის მინის ორნამენტები დღემდე იყიდება ინტერნეტმაღაზიაში. მათ შორის ორიგინალური ფორმის ნაძვის ხის კენწეროს მოსართავი - შექმნილი ჯორჯ კობის – გრიგოლ კობი.

კომენტარი