„ოფიცრის ცოლი“ და „მშვიდობისკენ იძულებისთვის“ – რუსული „ნაგრადები“

როგორც წესი, სახელმწიფო ჯილდოები, ორდენები და მედლები თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს და სხვადასხვა სფეროს მოიცავს. ისინი კონკრეტულ პირებს გადაეცემა, რომელთაც ჯილდოს მიღების კანდიდატად, ესა თუ ის ორგანიზაცია, უწყება ან დამსახურებული პიროვნებები (ერთობლივად) წარადგენენ.

ჯილდოების, მედლების და ორდენების წარმოებას სახელმწიფო სტრუქტურები არეგულირებენ, მათი გადაცემა სპეციალური კომისიების მეშვეობით ხდება, ამა თუ იმ ჯილდოს მიმთვისებლები კი სხვადასხვანაირად ისჯებიან.

ერთი შეხედვით, რუსეთშიც ისეა, როგორც სხვა ცივილიზებულ ქვეყნებში. მაგრამ რუსეთი რის რუსეთი იქნება, თუ რამით არ გამოირჩა. ამ ბოლო დროს რუსი ბლოგერების განქიქებისა და დაცინვის მიზეზი გახდა ახალი „საზოგადოებრივი ჯილდოები“, რომელთა გაცემის შესახებ გადაწყვეტილება რუსეთის ხელისუფლებამ სულ ცოტა ხნის წინ მიიღო.

რუსმა სამხედრო ბლოგერებმა ამ ჯილდოებიდან ორი – „ოფიცრის ცოლი“ და „მშვიდობისკენ იძულებისთვის“ ამოიღეს მიზანში და მათი დაცინვით გული კარგად მოიოხეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ ნიშნებს და მედლებს რუსეთის რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსული სიმბოლიკის აკადემია – „მარსი“ ამზადებს. მათი გაცემა კი სხვადასხვა წესით ხდება.

ასე მაგალითად, სამახსოვრო ნიშანი „ოფიცრის ცოლი“ შეიძლება გადაეცეთ:
აღმასრულებელი ხელისუფლების ფედერალური ორგანოების ოფიცერთა ცოლებს, სადაც გათვალისწინებულია სამხედრო (სპეციალური) სამსახური. იგულისხმებიან როგორც მოქმედი, ასევე გადამდგარი ან რეზერვში მყოფი ოფიცრების ცოლები.

სამახსოვრო ნიშანი შესაძლოა გადაეცეს ასევე სამხედრო (სპეციალური) სამსახურის ოფიცრის ქვრივს.

ხსენებული ნიშნის გადაცემის პრეროგატივით სარგებლობენ „საზოგადოებრივი მედლებისა და ნიშნების კომისიის“ თავმჯდომარე, სამხედრო ნაწილების მეთაურები, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ვეტერანთა ორგანიზაციების ხელმძღვანელები და საზოგადოებრივი გაერთიანებების ხელმძღვანელები.

იქვე ქვეყნდება ამონაწერი კანონიდან, სადაც მითითებულია, რომ სახელმწიფო სამკერდე ნიშნების, მედლების, ორდენების, მედლების ლენტების არაკანონიერი ტარება ისჯება 100–დან 1.500 რუბლამდე ჯარიმით და ჯილდოების კონფისკაციით, ხოლო სახელმწიფო ჯილდოს დასახელების მსგავსი ან მის დასახელებასთან და დიზაინთან მიახლოებული სამკერდე ნიშნის, მედალის ან ორდენის დამზადება ისჯება 1.500–დან 2.000 რუბლამდე ჯარიმით.

ბლოგერები, რომელთა შორის ჯარისკაცები და ოფიცრებიც არიან, საკმაოდ ირონიულად ეკიდებიან „ოფიცრის ცოლის“ სამახსოვრო ნიშანს და ცდილობენ ამოიცნონ, რას შემატებს ოფიცრის ცოლს მარცხენა ან მარჯვენა მკერდზე იმის აღნიშვნა, რომ ოფიცრის ცოლია და არა, ვთქვათ, ყასაბის.

„ჩემს ცოლს ბებია ჰყავდა ქართველი და ახლაც ჰყავს თბილისში შორეული ნათესავები. დავუშვათ, დაქვრივდა და ამ სამახსოვრო ნიშნის მიღების შემდეგ საქართველოში მოხვდა, რომელიმე ნათესავთან. ხომ ჩაქოლავენ ქუჩაში გამოსვლისთანავე? არაფერს ვამბობ ჩეჩნეთში მოხვედრაზე... რა, გამოდის, მხოლოდ სახლში და ჩემი ქალაქის – სამარის ქუჩებში უნდა ატაროს?“– კითხულობს ერთ–ერთი ბლოგერი–ოფიცერი.

ამ სამახსოვრო ნიშანზე კიდევ ბევრი საქილიკო ციტატის მოყვანა შეიძლება, მაგრამ განსაკუთრებული მსჯელობისა და აზრთა სხვადასხვაობის საგნად იქცა ინფორმაცია სრულიად ახალი მედლის შესახებ. მედლის სახელწოდებაა „მშვიდობისკენ იძულებისთვის“ და იგი სულ ახლახან, რამდენიმე თვის წინ შეიქმნა.

მედლის მიმღებთა შორის დასახელებული არიან როგორც რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები, სამშვიდობო ძალების სამხედრო და სამოქალაქო პირები, „ასევე ყველა პირი, რომელმაც ქმედითი მონაწილეობა მიიღო საქართველოს მშვიდობისკენ იძულებაში და აგრესიისა და ჰუმანიტარული კატასტროფისგან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ხალხის ხსნაში. მედლის მიღება შეუძლიათ ასევე სახალხო რაზმების წევრებს და მოხალისეებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ მშვიდობისკენ საქართველოს იძულებაში“.

მედლის გაცემის უფლება აქვთ: „საზოგადოებრივი მედლებისა და ნიშნების კომისიის“ თავმჯდომარეს, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის, შავი ზღვის ფლოტის, სამშვიდობო ძალების კონტიგენტის, 58–ე არმიის ხელმძღვანელებს და მათ მოადგილეებს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების ასევე სამხედრო ნაწილების ხელმძღვანელებს და ვეტერანთა ორგანიზაციების ლიდერებს.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რამდენ ადამიანს გადაეცა ეს მედლები, მაგრამ სამხედრო ბლოგერებმა რომ ჯილდო მასხარად აიგდეს, ფაქტია. ყველა ბლოგერი–ჯარისკაცი აღნიშნავს, რომ ცარიელი მედალი დიდი ვერაფერი ბედენაა და მას მატერიალური წახალისებაც უნდა მოჰყვებოდეს.

ყველაზე საინტერესო კი ის მინაწერი იყო, რომელიც მედლის ფოტოზე ერთ–ერთმა ბლოგერმა–ჯარისკაცმა დატოვა:
„ცხინვალისთვის ბრძოლაში ფხიზლად დარჩენილთა“ მედალს არ შემოიღებენ?“

კომენტარი