სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსული მედიის ცნობით, რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ორი რუსი სამხედრო დაჭრეს

რუსული მედიის ცნობით, დაუდგენელი პირები თავს დაესხნენ დაღესტნის სიახლოვეს, საქართველო-რუსეთის საზღვართან მდებარე რუსეთის სასაზღვრო ჯარების საგუშაგოს. იმის გამო, რომ საგუშაგო ძნელად მისადგომ, მთიან ადგილასაა განთავსებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს არანაირი მონაცემები არ გააჩნიათ დაღუპულთა ან დაშავებულთა შესახებ.

„ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ თავდასხმა დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა. „ბოევიკებმა“ მესაზღვრეებს ცეცხლი ავტომატებიდან და ყუმბარმტყორცნებიდან გაუხსნეს. დაღესტნის ცუნტინის რაიონის პოლიცია განგაშის შედეგად იქნა მობილიზებული და სასწრაფოდ გაიგზავნა შემთხვევის ადგილზე. ჯერჯერობით მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ საგუშაგოს მიმართულებით გახსნილმა ცეცხლმა ხანზარი გამოიწვია.

გაზეთი „ვზგლიადი“ კი იუწყება, რომ ამ დროისთვის შეტევა უკვე მოგერიებულია და საპასუხო ცეცხლის შედეგად რუსმა მესაზღვრეებმა თავდამსხმელთა გაფანტვა მოახერხეს. ამავე წყაროს ცნობით, შეიარაღებული შეტაკების მიმდინარეობისას ორი რუსი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამ დროისათვის საგუშაგოს მისადგომებთან ასაფეთქებელ მოწყობილობებს ეძებენ.

რუსულ სასაზღვრო პუნქტზე თავდასხმის შესახებ გავრცელებული ინფორმაციიდან სულ ცოტა ხანში, "ინტერფაქსი" ავრცელებს ცნობას, რომ უცნობმა პირებმა მახაჩყალაში, დაღესტნის სამეცნიერო ცენტრის შენობასთან ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედეს. სააგენტოს ცნობით, შემთხვევა 00:20 სთ-ზე მოხდა: როცა სახავტოინსპექციის მუშაკებმა ერთ-ერთი მსუბუქი ავტომანქანა გააჩერეს, შიგ მსხდომთაგან ერთ-ერთმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. აფეთქების სედეგად ორი საგზაო პოლიციელი დაიჭრა.

ცუნტინის რაიონი საქართველოს საზღვართან, ალაზნის გაყოლებაზეა განთავსებული. ადრე აქ რამდენჯერმე მომხდარი თავდასხმის უკან, რუსული მედიის ცნობით, ე.წ. ცუნტინის ჯგუფი იდგა, თუმცა, 2011 წლის აპრილში რუსმა ძალოვნებმა სეძლეს მათი მეთაურის - სულეიმან მაგომედოვის ლიკვიდაცია, რის შემდეგაც „ბოევიკთა“ წინააღმდეგობა შესუსტდა. რუსულ მედიაში არ არის მითითებული, სასაზღვრო პუნქტს დაღესტნის მხრიდან დაესხნენ თავს თუ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, თუმცა, ამ ისტორიას რომ პროვოკაციის სუნი სადის, აშკარაა.

მით უმეტეს, თუ გავიხსენებთ, რომ დღეს შატილის მახლობლად საქართველოს საჰაერო სივრცე სამმა რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა „მი-8“-მ დაარღვია და ისინი 3 კმ-ის სიღრმეში შემოიჭრნენ. თვითმხილველთა თქმით, ვერტმფრენები ქართული საგუშაგოს თავზე დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ტრიალებდნენ, შემდეგ კი რუსეთის მიმართულებით გაუჩინარდნენ. საქართველოს საჰაერო საზღვრის დარღვევიდან რამდენიმე წუთში საგანგებო განცხადება საქართველოს საგარეო უწყებამაც გაავრცელა.

და ბოლოს, 8 სექტემბერს, ღამით მომხდარ თავდასხმასთან მიმართებაში რუსული მედიის მიერ „ცუნტინის დაჯგუფებისა“ და რუსი ძალოვნების მიერ ლიკვიდირებული მათი მეთაურის, სულეიმან მაგომედოვის ხსენებაა შემთხვევითი: როგორც ცნობილია, მისი ლიკვიდაციის შემდეგ რუსულ მედიაში კარგა ხანს ტრიალებდა ინფორმაცია, თითქოს მოკლული ბოევიკი ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100