სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ შეაჩერა ნაცმოძრაობამ საპარლამენტო საქმიანობა?

საპარლამენტო უმცირესობამ საპარლამენტო საქმიანობა შეაჩერა და თბილისში ბრუნდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის, მათ შორის, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დაკითხვაზე დაბარების, ქუთაისში პრეზიდენტისა და უმცირესობის წარმომადგენლების წინააღმდეგ გამართული აქციის, ასევე ნიკა გვარამიასა და ალექსანდრე ხეთაგურის დაპატიმრების გამო მიიღეს.

საპარლამენტო უმცირესობის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის განცხადებით, ამ ფონზე ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება მათთვის შეუძლებელია, თუმცა მათი ეს ქმედება ბოიკოტად არ უნდა იქნეს აღქმული. უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე მომხდარ ფაქტებს აშკარა ზეწოლად და დაშინებად აფასებს.

საპარლამენტო უმცირესობის გადაწყვეტილებას უმრავლესობის მხრიდან შეფასებები მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მანანა კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების პროტესტს უსაფუძვლოს უწოდებს. მისი თქმით, უმცირესობის წევრები ამ ფორმით პარლამენტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლას ცდილობენ.

კობახიძის პოზიციას იზიარებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე. მისი განცხადებით, პროტესტის ამ ფორმით გამოხატვისთვის სერიოზული მიზეზია საჭირო. საპარლამენტო უმცირესობა დღევანდელ საკანონმდებლო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ერთობლივ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100