სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რუსეთში ეშინიათ როგორც ეგვიპტის ლიბერალიზაციის, ისე მისი ისლამიზაციის

რუსი ანალიტიკოსების ერთი ნაწილი საკმაოდ შიშით უყურებს ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებს.
ეგვიპტელი ანალიტიკოსების დასკვნამ, _ ეგვიპტეში მიმდინარე პროცესები ისეთივე ძირეულია, როგორც 1952 წელს მიმდინარე მოვლენები და გლობალური შედეგები ექნებაო, _ ბევრი ააღელვა რუსეთში.
ეგვიპტე უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა, როგორც სტრატეგიული, ისე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით და არა მარტო არაბული სამყაროსათვის. ეგვიპტეში იკვეთება როგორც ევროპის, ისე აშშ-ს ინტერესები, რომლებიც ამ რეგიონის გადაძალვას ცდილობენ ფუნდამენტალური იდეოლოგიის მატარებელი ქვეყნებისა თუ პოლიტიკურ-მილიტარისტული ძალების საწინააღმდეგოდ.
რუსების ერთ ნაწილს ეგვიპტეში მიმდინარე პროცესი მიაჩნიათ აღმოსავლეთ ევროპაში და ზოგიერთ პოსტსაბჭოურ ქვეყანაში განხორციელებული «ხავერდოვანი რევოლუციების» მსგავს მოვლენად, მის გაგრძელებად.
თუ ეგვიპტის მოვლენების მიმდინარეობაში მართალაც ურევია ისევ ის ძალები, რომლებიც დირიჟორობდნენ “ვარდების რევოლუციას” თბილისში და სხვა მსგავს მოვლენებს თუნდაც უკრაინის აწ უკვე თითქმის დამარცხებულ “რევოლუციას”, მაშინ გამოდის, რომ აღმოსავლეთის ქვეყნებში იწყება მსგავსი მოვლენები, რომლებიც საბოლოო ჯამში რუსული ინტერესების საწინააღმდეგო იქნება.
ე. ი. უკრაინაში რუსეთის მიერ საკმაოდ წარმატებით განხორციელებული ანტიდასავლური “კონტრევოლუცია”, მხოლოდ სუსტი წარმატება ყოფილა რუსეთის მხრიდან, და მაშასადამე, დემოკრატიული, თუ გნებავთ, დასავლური ძალები ახლა აღმოსავლეთის “დემოკრატიული რევოლუციებით” დააპირებენ თავისი ინტერესების გატარებას.
თუ ეს ვარაუდი სწორია, მაშინ აშშ-ს და ზოგადად დასავლეთის წინსვლა აღმოსავლეთის მიმართულებით არც შემწყდარი, არც შეჩერებული არ ყოფილა. უბრალოდ დასავლეთი, განსაკუთრებით აშშ, ელოდა მომენტს, თუნდაც ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისს, დაწყებულს მთელ მსოფლიოში, მათ შორის აფრიკა-აზიის ქვეყნებში და ყოველგვარ სიტუაციას თავის სასარგებლოდ იყენებს.
როდესაც მსოფლიოს ბევრი ქვეყანა, მათ შორის ამერიკაც, დიდი ფინანსური განსაცდელების თუ გამოწვევების წინაშე დგას, დაუდგრომელი ამერიკული პოლიტიკა, მაინც პოლიტიკურ მოგებაზე და თავის ინტერესების გავრცელებაზეა ორიენტირებული. ეს პოლიტიკაში ჩვეულებრივი მოვლენაა.
შეიძლება ეგვიპტეზე დაკვირვების შედეგად ამერიკელები ელოდნენ მოვლენების ასეთ განვითარებას.
ამგვარ ვითარებაში რუსეთს ხიფათი ელის, ვინაიდან მისი ფინანსურ-ეკონომიკური მდგომარეობა, შეიძლება ეგვიპტურზე უკეთესია, მაგრამ, სოციალური უკმაყოფილება მაინც აშკარაა რუსეთში. შეიძლება ჯერ-ჯერობით ამას პროტესტის ფორმა არ მიუღია, მაგრამ თუ გადაეჯაჭვა რუსულ საზოგადოებაში არსებულ ტერორისტთაგან დაუცველობის სინდრომში, შეიძლება საშიში სახე მიიღოს ხელისუფლებისათვის.
თუ ეგვიპტის ამბებში ამერიკის ხელი მართლაც ურევია ან თუ ამერიკა გააძლიერებს თავის გავლენას ეგვიპტეზე, რაც ჰქონდა იმასთან შედარებით, ეს ცუდია რუსეთის ხელისუფლებისთვის, განსაკუთრებით ვლადიმერ პუტინისთვის. ამაში იგულისხმება ისიც, რომ დიდი ხნით, რამდენიმე ვადით არჩეული პრეზიდენტები აღარ ეყოლება ეგვიპტეს. მერე კი შესაძლოა ამგვარი პრეცედენტი გავრცელდეს უფრო აღმოსავლეთით, რუსეთისკენ.
დღევანდელი ეგვიპტის პრეზიდენტი დიდი ხნის მანძილზე ამერიკელების მხარდაჭერით თუ არა, მოთმინებით მაინც სარგებლობდა. ეგვიპტის პრეზიდენტი მხარს უჭერდა ამერიკისა და დასავლეთის პოლიტიკას 1991 წელს ერაყში კუვეიტის გამო, სამხედრო ნაწილების კი მიაშველა. ისრაელთან დაახლოების გამო 1979 წელს ეგვიპტე გამორიცხეს არაბთა გაერთიანებული ლიგიდან, თუმცა ჰოსნი მუბარაქმა შეძლო და ეგვიპტე ისევ მიიღეს ლიგაში, როგორც მნიშვნელოვანი არაბული ქვეყანა.
მაგრამ მოხუცმა მუბარაქმა, მიუხედავად იმისა, რომ ექვსჯერ გადაურჩა ისლამისტების მხრიდან მოკვლას, თავი ვერ გაართვა სიტუაციას, კრიმინალს, კრიზისს, კორუფციას და ა. შ.
შესაძლოა ვაშინგტონში უფრო პროამერიკული თუ დემოკრატიული კურსი სჭირდებათ ეგვიპტისა ან მომენტის ხელიდან გაშვება არ სურთ, ამიტომ, ის გაწირეს, არ დაიცვეს, როგორც თავის დროს უვარგისი შევარდნაძე.
ჰილარი კლინტონმა მოუწოდა ეგვიპტის ხელისუფლებას უარი თქვას ძალადობაზე.
არადა ახლა უკვე ძალადობს, უფრო სწორად იბრძვის, მასა, თანაც თავგანწირულად, უკანდაუხევლად, ხშირ შემთხვევებში კონსტიტუციის უხეში დარღვევით. ამგვარ ვითარებაში კლინტონის ასეთი განცხადება მრავლისმეტყველია. როგორც ჩანს, ამერიკელებმა უკვე გამოუტანეს განაჩენი ეგვიპტის გადაბერებულ და ხელისუფლებით ვერ გამძღარ პრეზიდენტს.
მოკლედ, რუსეთი ყველგან მტრულ ამერიკულ ხელს ხედავს.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ პოლიტიკური ელიტის გადაღლა ბებერი პრეზიდენტისგან, ეგვიპტის მოსახლეობის დიდი ნაწილის, მათ შორის ქალების სურვილია მოხდეს მეტი ლიბერალიზაცია ქვეყნის საშინაო პოლიტიკისა. უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის გაღიზიანება კორუფციით და ცუდი ეკონომიკური პოლიტიკით.
ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები სულ უფრო მდიდრდებიან, მოსახლეობა კი ღატაკდება და ა. შ.
უკმაყოფილო არიან რადიკალი მაჰმადიანებიც, რომლებსაც სურთ თავისი იდეების გატარება. თუმცა ისლამისტ, უფრო სწორად მაჰმადიან პოლიტიკოსებს შორის ეგვიპტეში დიდი სხვაობაა, ერთნი ევროპული ტიპის ქვეყნის აშენებას მიესწრაფვიან, რა თქმა უნდა, ტრადიციების გათვალისწინებით, რადიკალები კი უფრო მეტს მოითხოვენ.
ალბათ, ამ მიზეზითაც იყო გამოწვეული ამერიკის ადმინისტრაციის ზემოხსენებული განცხადება, მათ მართლაც უნდათ სასწორის პინა მათ მხარეს დარჩეს გადმოწეული. ყველას აშინებს ისლამიზაციის საფრთხე.
გარდა ამისა, რუსეთს აქვს უდიდესი პრობლემა – ჩრდილო კავკასია. ეგვიპტის ხელისუფლება მნიშვნელოვან მეგობრად თუ არა პარტნიორად მაინც თვლიდა რუსეთის ხელისუფლებას. მას არასოდეს დაუჭერია მხარი ჩეჩნების წინააღმდეგობისთვის, განსაკუთრებით რადიკალური მეთოდებით ბრძოლისას.
რუსეთში, ალბათ, შიშობენ, თუ მეტად ლიბერალიზაცია მოხდება ეგვიპტის ხელისუფლებისა, ლიბერალურ ხელისუფლებებთან ავტორიტარულ რუსეთს ხშირად გაუმხელელი თუ გამოუმზეურებელი, მაგრამ მაინც პრობლემები აქვს.
თუ რადიკალები მოვლენ ეგვიპტის სათავეში, რადიკალებს სძულთ აშშ, მაგრამ არანაკლებ სძულთ რუსეთი, რომელიც გენოციდს უწყობს მათ მოძმეებს ჩრდილო კავკასიაში.
თუ ისლამიზაცია მოხდა ეგვიპტისა, ამას შეიძლება სხვა მაჰმადიანური ქვეყნების ისლამიზაციაც მოჰყვეს. ეს კი პრობლემაა რუსეთისთვის.
ეგვიპტის რადიკალ ისლკამისტ იდეოლოგებს საკმაოდ მიმდევრები ჰყავთ ჩრდილო კავკასიაში. თანაც რუსეთში უამრავი მაჰმადიანი ცხოვრობს. ზემოთ ვახსენეთ, რომ ეგვიპტე დიდად მნიშვნელოვანია მთელი არაბული და საერთოდ მაჰმადიანური სამყაროსათვის. ეგვიპტის მაგალითი, როგორიც არ უნდა იყოს ის, მნიშველოვან გავლენას იქონიებს სხვა არაბული ქვეყნების შიდა და მერე გარე პოლიტიკაზე.
დღეს ეგვიპტეში მხოლოდ ერთი გამოყრუებული ბერიკაცის წინააღმდეგ არ მიდის ბრძოლა. ეგვიპტეში დღეს სხვადასხვა მსოფლმხედველობა ერკინება ერთმანეთს.
ეგვიპტის ხელისუფლების ბედი უკვე გარკვეულია, ახლა ეგვიპტის მომავლის ბედი წყდება, რომელზეც დიდიდ არის დამოკიდებული მთელი რეგიონის, აფრიკისა და აზიის გეოპოლიტიკური ვითარება.
რუსეთს ძალიან აწყობდა დღევანდელი ეგვიპტის რეჟიმი.
ჩვენთვის რა თქმა უნდა, ეგვიპტის ლიბერალიზაცია და დემოკრატიზაციაა მისაღები, როგორც ადამიანებისათვის, ისე დაინტერესებული მხარისათვის. თუ ეგვიპტე უფრო დემოკრატიული გახდება, მისთვისაც რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპანტად ჩაითვლება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100