კახა ბუცხრიკიძე კობა დავითაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს

კახა ბუცხრიკიძე კობა დავითაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს. როგორც დეპუტატის განცხადებაშია ნათქვამი, სიცრუეა კობა დავითაშვილის ბრალდება იმის შესახებ, რომ ე.ციხის კადრებში მისი ხმა ისმის.


"ვითხოვ, დაუყოვნებლივ ჩატარდეს ამ კადრების საერთაშორისო ექსპერტიზა, გამოვლინდეს კადრების წარმოშობის გარემოებები და გაირკვეს, არის თუ არა ამ კადრებში არსებული ხმა ჩემი. თუ დადგინდა, რომ ეს არის ჩემი ხმა, სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას და საკუთარი ინიციატივით მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეს იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. ხოლო, თუ დადასტურდა, რომ ეს არ არის ჩემი ხმა, კობა დავითაშვილმა აგოს პასუხი საკუთარი სიტყვებისთვის და დატოვოს პარლამენტი საზოგადოებისა და ამომრჩევლის განზრახ შეცდომაში შეყვანისთვის", - აცხადებს ბუცხრიკიძე.


მისივე თქმით, სახელმწიფოს უარის შემთხვევაში საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარებას ორგანიზებას თავად, არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით გაუკეთებს.


"ნათელია, რომ ეს არის "ქართული ოცნების" ცილისმწამებლური ბინძური კამპანიის გაგრძელება. ეს არის მცდელობა, ზეწოლის მეშვეობით მოახდინონ პარლამენტარების გადაბირება, თუმცა მათ ეს არ გამოუვათ", - აღნიშნავს ბუცხრიკიძე.

კომენტარი