„ჯაშუშების მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა უნდა იქნას გამოყენებული“

„დრონი. ჯი“ დაინტერესდა როგორ აფასებს ოპოზიციური სპექტრი რუსეთის ჯაშუშების გამოვლენას და ამ საკითხზე სასაუბროდ ოპოზიციის ლიდერებს დაუკავშირდა.
„მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“, პეტრე მამრაძე: „ჯაშუშობა უმძიმესი დანაშაულია და მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, თუ ეს დანაშაული ადამიანს უმტკიცდება, ეს ადამიანი საკმაოდ მკაცრი სასჯელით ისჯება, მათ შორის, სასჯელის უმაღლესი ზომითაც კი, ამიტომ იმ შემთხვევაში, თუკი, ეს დანაშაული ამ ადამიანებს დაუმტკიცდათ, ჯაშუშების მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა უნდა იქნას გამოყენებული, ვინაიდან, ვიმეორებ, ჯაშუშობა უდიდესი დანაშაულია“.
„ახალი მემარჯვენეები“, მამუკა კაციტაძე: ,„რამდენადაც ვიცი, ყველა სპეციფიურ სფეროს თავისი ქცევის წესები და მეთოდიკა აქვს და მე, მაინცდამაინც, არ მახსენდება, რომ ჯაშუშების გამოვლენა დოკუმენტური და მხატვრული ფილმებით იყოს სადმე გადაცემული. ის, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან ჯაშუშური მოქმედების და სხვა მოქმედებების მხრივაც ინტერესის საგანს წარმოადგენდა, წარმოადგენს და ხვალაც ასე იქნება სიახლე ნამდვილად არ არის და რა თქმა უნდა, ამას უნდა ვებრძოლოთ, მაგრამ ბრძოლა ამ ყველაფრის მიმართ ფილმების ჭრილში არ უნდა გადადიოდეს.
ერთი სიტყვით, ამ შემთხვევაში, სპეციფიურ შინაარს არ ვეხები, სახელმწიფომ, ბუნებრივია, დაზვერვითი და კონტრდაზვერვითი საქმიანობა სხვა სახელმწიფოს მიმართ უნდა გასწიოს, განსაკუთრებით, იმ ტიპის სახელმწიფოს მიმართ როგორიც რუსეთია“.
„რესპუბლიკელები“, დავით უსუფაშვილი: „რუსეთის ჯაშუშების გამოვლენა, სამწუხაროდ, ძალიან ჰგავს 4-5 წლის წინ გამოვლენილ რუსეთის ჯაშუშების დროს აგორებულ კამპანიას, ისეთივე კამპანიაა აგორებული დღეს, როგორიც მაშინ იყო, რადგან ჯერ თქვეს რუსეთის ჯაშუშები გამოვავლინეთო, შემდეგ 3-4 დღეEსახელებს და გვარებს არ ამხელდნენ და ამით მგონი, ამ საქმეს პოლიტიკურ-საინფორმაციო ინტრიგასაც კი სძენდნენ. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ დაკავებულები უცხო ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ მართლაც მუშაობდნენ და შესაბამისად, მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი“.
„ეროვნული საბჭო“, კობა დავითაშვილი: „ჯაშუშების თემაზე მომზადებულმა დოკუმენტურმა გადაცემამ თრილერი მომაგონა, რომელსაც ძალიან კარგი რეჟისორი და ოპერატორი ჰყავდა და გულდასაწყვეტი იქნება ასეთი ტალანტი თუ დაიკარგება, მათ აშკარად, უფრო ფართომასშტაბიან ფილმებზე უნდა იმუშაონ“.
„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, ლევან ვეფხვაძე: ბუნებრივია, ეს დადებითი მოვლენაა, თუმცა, პირადად მე, ბევრი ნეგატიური რამ დავინახე. თუ გიფიქრიათ იმაზე რამდენი მფრინავი გვყავს საერთოდ? გვეყოლება ალბათ, 30-35 მფრინავი და ახლა, 30 მფრინავიდან 6 კაცი ჯაშუში რომ აღმოჩნდება ეს საგანგაშო სიტუაციაა“.
„ქართული პარტია“, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ნინო ძაგნიძე: „ამ თემის შეფასებაზე „ქართულმა პარტიამ“ ადრეც თავი შეიკავა და ამ მხრივ, დღესაც არაფერი შეცვლილა. არ მგონია, რომ ლიდერებმა დღეს ამ საკითხზე კომენატრები გააკეთონ. „ქართული პარტია“ რუსეთის ჯაშუშების გამოვლენის საკითხზე კომანტარს არ აკეთებს“.
„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“, ეკა ბესელია: „იცით, მე, ხელისუფლების პროპაგანდის და პიარების არ მჯერა, აქედან გამომდინარე, ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს და შესაბამისად, კომენტარსაც ვერ გავაკეთებ“.
„ქართული დასი“, ჯონდი ბაღათურია: „ჯაშუშების გამოვლენა პოზიტიური მოვლენაა. დღე არ გავა კვირა ან თვე, რომ რომელიმე სახელმწიფომ რომელიმე სახელმწიფოს ჯაშუში არ გამოავლინოს, მაგრამ ასეთი ამბავი არსად ატეხილა. არ არსებობს ისეთი სახელმწიფო დაინტერესებულ სახელმწიფოში სადაზვერვო საქმიანობას რომ არ აწარმოებდეს. სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებში სადაზვერვო საქმიანობას ჩვენც ვაწარმოებთ და არცთუ წარუმატებლად.
ტრადიციულად ცნობილია, რომ ქართველები კარგი „ჩეკისტები“ არიან, საბჭოთა კავშირის დროს ასე ამბობდნენ. ბერიას და ინაურის გახსენება უკვე საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველებს სადაზვერვო სამსახურებში მუშაობის კარგი გამოცდილება აქვთ.
უბრალოდ, მე, ზედმეტად მეჩვენება ასეთი აჟიოტაჟის ატეხვა, რადგან ასეთი რაღაცები სახელმწიფოებს შორის არ ხმაურდება ხოლმე. ამ დროს რაღაცა რაღაცაში იცვლება ხოლმე. ვფიქრობ, შესაძლებელი იყო, რომ ეს 13 ჯაშუში კარგი გაგებით ვაჭრობის საგანი გამხდარიყო, თუმცა შესაძლოა, ეს იყო კიდეც ვაჭრობის საგანი, ვერ მოივაჭრეს და მხოლოდ ამის შემდეგ გახმაურდა. პრინციპში ამით დიდად არაფერი დაშავებულა, მაგრამ აუცილებლად უნდა გვესმოდეს ჩვენ, რომ ამ აჟიოტაჟის გამო პასუხს, ნამდვილად, მივიღებთ. ამიტომაც, ვფიქრობ, რომ მეტი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს“.
„ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები“, ვაკო ავალიანი: „რა თქმა უნდა, ქვეყანაში კონტრდაზვერვის სამსახური უნდა მუშაობდეს და კარგია, რომ საქართველოში კონტრდაზვერვის სამსახური ასე კარგად მუშაობს, და ჩვენ, „თავისუფალი დემოკრატები“ ვიმედოვნებთ, რომ გამოძიება პროფესიონალურად წარიმართება“.
„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, გოგი თოფაძე: „არ ვიცი, რეალურად, რა ხდება და ამიტომ ვერაფერს გეტყვით. ამ თემაზე ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვარ, ამ ეტაპზე საბოლოო დასკვნებს ვერ გავაკეთებ“.


კომენტარი

×