,, ქარტია 2010 ”- ის საგანგებო განცადება 2008 წლის აგვისტოს ომის თარიღთან დაკავშირებით

დასავლეთში მცხოვრებ ქართველთა გაერთიანება „ქარტია – 2010” მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებად” წოდებული კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის და მისი მომხრეების მიერ გაჟღერებული ბრალდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავს დაესხა მძინარე ცხინვალს არის ქვეყნის ინტერესების ისეთი სიღრმის ღალატი, რომლის მსგავსი ანალოგი გასული საუკუნის ოციანი წლების ქართველი ბოლშევიკების ანტიეროვნულ მოქმედებებში თუ შეიძლება მოვიძიოთ.

"ქართული ოცნების” ლიდერის და მისი თანამოაზრეთა ინტერპრეტაციამ აგვისტოს ომის თაობაზე, მრავალ სხვა სერიოზულ მიზეზთან ერთად, განაპირობა ჩვენი უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება ამ კოალიციის მიმართ, რომელიც ჩვენ მრავალგზის გამოვთქვით ქართული პრესის ფურცლებზე.

რუსეთის საამებლად ნათქვამმა ამ სრულიად აბსურდულმა ბრალდებამ, შესაძლოა, მომავალში რეალური საფრთხე შეუქმნას საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენას, რამეთუ მსოფლიოს ისტორიაში არის პრეცედენტები, როცა პრეზიდენტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები ქვეყანაზე და ქვეყნის პასუხისმგებლობაზე პროეცირდება.

ზემოთქმულიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიგვაჩნია დღეს კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სულ რამოდენიმე ფაქტი, რომელიც წინ უსწრებდა ქართული ჯარის შესვლას ცხინვალში და რომელთა მნიშვნელობაზე მრავალმა უცხოელმა პოლიტოლოგმა და სამხედრო ექსპერტმა გაამახვილა ყურადღება.

· 28 ივლისს, როდესაც დაიწყო ცხინვალიდან ქართული სოფლების მიმართულებით ინტენსიური სროლა, ცხინვალში ჩავიდნენ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე არმიეს გენერალი პანკოვი და 58-ე არმიის მეთაური ანატოლი ხრულოვი.

· 3 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში შევიდა 42-ე დივიზიის მზვერავი ბატალიონი.

· 4 აგვისტოს რუსეთის 58 არმიის სამედიცინო და კავშირგაბმულობის ნაწილები.

· 5 აგვისტოს როკის გვირაბიდან შემოვიდა 33-ე საჰაერო – სადესანტო ბრიგადა.

· 6 აგვისტოს ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობა დაბანაკდა ჯავაში.

· 7 აგვისტოს დილის ოთხ საათზე როკის გვირაბიდან შემოვიდნენ სატანკო ბრიგადები.

· და მხოლოდ 8 აგვისტოს საქართველოს ჯარი, საქართველოს ტერიტორიის დასაცავად, შევიდა ცხინვალში. დაიბომბა 58-ე არმიის ნაწილები როკის გვირაბთან (დაჭრილი იყო 58-ე არმიის მეთაური).

· სამი დღე დაკარგეს რუსებმა ცხინვალის დასაბრუნებლად. საბოლოო ჯამში სტრატეგიული ბრძოლა თბილისზე მოგებული იყო. ამერიკელებმა უმოკლეს ვადაში გადმოისროლეს 2 ათასი ჩვენი ჯარისკაცი ერაყიდან, რომლებიც განლაგებულები იქნენ თბილისის დასაცავად.

ასეთი იყო რეალური ვითარება 2008 წლის აგვისტოს განთიადისას. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება შეეყვანა ქართული ჯარი ცხინვალში, შეეჩერებინა რუსეთის ჯარის წინსვლა დედაქალაქისაკენ და ამასთან ერთად მიეცა დრო დასავლეთისთვის მოეხდინა სათანადო რეაგირება რუსეთის სამხედრო ინტერვენციაზე იყო არა „ თავდასხმა მძინარე ცხინვალზე“, არამედ საქართველოს სუვერენიტეტის გადარჩენის ერთადერთი გზა და საშუალება.

საქართველოს მიწაზე რუსეთის მიერ დაწყებული სამხედრო მოქმედებების მიზანი ცხადია არ იყო 1993 წლიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების კვლავ ოკუპაცია. რუსეთის მიზანი იყო „ურჩი“ ხელისუფლების შეცვლა და საქართველოს დაბრუნება რუსეთის პოლიტიკურ სივრცეში. სამწუხაროა, რომ დღეს ჩვენ გვიხდება ამ ცნობილი და საყოველთაოდ აღიარებული ფაქტების გამეორება, რამეთუ ჩვენი ღრმა რწმენით ივანიშვილის მიერ შექმნილი ოპოზიციური კოალიცია მიზნად ისახავს რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესების განხორციელებას სამხრეთ კავკასიაში.

იმედს გამოვთქვამთ, რომ პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ქართველი ხალხის მიერ გამოვლენილი თვითშეგნება არ დაუშვებს ძნელად მოპოვებული სახელმწიფო დამოუკიდებლობის დაკარგვას და ჩვენი ქვეყნის მორიგ ოკუპაციას რუსეთის მიერ.

ქარტია 2010” _ ის სახელით 1990 წლის 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს დეპუტატები:

მედეა თუშმალიშვილი – საფრანგეთი

ვიქტორ დომუხოვსკი – პოლონეთი

კომენტარი