თინა ხიდაშელი: „...აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განვიხილავ...“

თუ გახსოვთ, „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუს დროს, როცა ჟურნალისტებმა მილიარდერს მისი მთავარი დასაყრდენი პირების - რესპუბლიკელების ციტატები ჩაახუტეს, სადაც ისინი, ფაქტობრივად, აღიარებენ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, ივანიშვილმა გაიკვირვა - თინა მართლა ეგეთებს ამბობდაო? არადა, რესპუბლიკელთა პოზიციის ამსახველი ციტატები ინტერნეტშიც მრავლად მოიპოვება. დღეს რამდენიმე მათგანს, წყაროს ორიგინალის მითითებით გთავაზობთ:

2001 წლის 19-23 მარტს, სოჭში ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ასპექტების განხილვის ფარგლებში, დისკუსია გაიმართა, რომელზეც „კავკასიის სტაბილურობის პაქტი“ განიხილეს. თინა ხიდაშელი, ნათელა აქაბა, ემზარ ჯგერენაია, ზაზა შათირიშვილი, არდა ინალ-იფა, ჯონ პოლ ლედერახი, დავით ბერძენიშვილი, პაატა ზაქარეიშვილი, ბატალ კობახია - ეს და სხვა მონაწილეები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოწესრიგების სხვადასხვა გზებსა და საშუალებებზე მსჯელობდნენ.

მაშ ასე, მხოლოდ ციტატები:

პაატა ზაქარეიშვილი: „აფხაზური საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ განვითარებულ, ძლიერ სახელმწიფოს შეუძლია. თუკი ჩვენ ახლა ვაღიარებთ აფხაზეთს, ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი რიგზე იქნება. აფხაზეთის აღიარება (ღმერთმა ქნას) მოხდება მხოლოდ ძლიერი სახელმწიფოს პირობებში. მაგრამ ეს ძალიან გრძელი პროცესი იქნება. შესაძლოა, ბოლო აკორდიც კი გახდეს. აფხაზეთის აღიარებით საქართველოს ნამდვილი სახელმწიფოებრიობა დაიწყება. მაგრამ ეს გვიან მოხდება, ამიტომაც თქვენ მოცდა არ უნდა გიღირდეთ.“

თინა ხიდაშელი: „პაატამ მხოლოდ ორი მესამედი თქვა იმისა, რის თქმასაც მე ვაპირებდი. მე საქართველოში ვაპირებ ცხოვრებას და არსად წამსვლელი არ ვარ. მაგრამ ვაპირებ ვიბრძოლო, რომ ჩემმა შვილებმა იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, როგორშიც მე მინდა, რომ იცხოვრონ. აი, ესაა ჩემთვის მთავარი.

ვიმეორებ: აფხაზეთის გარეშე თუ აფხაზეთთან ერთად - ეს ცემთვის ყველაზე მცირე პრობლემათაგანია. ჩემთვის მთავარი გადასაჭრელი პრობლემა ისაა, ვიცხოვრო სახელმწიფოში, ისაა, რომ ქართული სახელმწიფო შედგეს. და მე მჯერა, რომ კონფლიქტი სწორედ მაშინ მოგვარდება. არ ვიცი, როგორ მოგვარდება - ვიცხოვრებთ თუ არა ჩვენ სხვადასხვა სახელმწიფოებში, მაგრამ მაშინ, ალბათ, აფხაზები თვითონ გადაწყვეტენ, სად უნდა იყვნენ და ვისთან უნდა იყვნენ: რუსული ორიენტაციისკენ, ქართულისკენ თუ კიდევ სხვისკენ.

...

...მე კი ვიცი, რა მსურს, რადგან აფხაზეთი ჩემი პრობლემა არ არის. დაურის მოსმენამ მიმიყვანა აზრამდე, რომ აფხაზეთისთვის საქართველო - თემაა, ანუ, თქვენ გინდათ აღიარება საქართველოს მხრიდან და მერე აპირებთ, რაიმე გააკეთოთ, ჩემთვის კი ეს არაა პრობლემა. აი, ამაშია სხვაობა ჩვენს შორის.

ბატალ კობახია: ჩვენ მუდამ ვლაპარაკობთ საქართველოზე, მაგრამ არა - აფხაზეთზე. რადგან, როცა თქვენ ლაპარაკობთ აფხაზეთზე, მხედველობაში გაქვთ ის, როგორც საქართველოს ნაწილი. ამიტომაც გამოგვდის მხოლოდ საქართველოზე ლაპარაკი.

თინა ხიდაშელი: ბატალ, მე კი გეუბნები, რომ აფხაზეთს საქართველოს ნაწილად არ განვიხილავ!

დავით ბერძენიშვილი: „ნებისმიერ სხვა სიტუაციაში შეთანხმებები აფხაზურ და ქართულ ნომენკლატურებს შორის ვერ იქნება ერთ სახელმწიფოში მათი თანაცხოვრების მყარი საფუძველი. მე ვფიქრობ, აფხაზებს აქვთ უფლება, შექმნან ცალკე სახელმწიფო, მაგრამ ამასთან, აუცილებელია ისეთი მოდელის პოვნა, რომლის მიხედვითაც აფხაზები და ქართველები ამჯობინებენ ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, აფხაზეთის ყოფილი ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიას გაიყოფენ აფხაზური და ქართული მხარეები.“

ზაზა შათირიშვილი: „ხუთი წუთის წინ მე ვამბობდი, რომ ათი წლის წინ ჩემს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის შესახებ განცხადების გაკეთების შემთხვევაში, მთელი საქართველო შოკში ჩავარდებოდა, რბილად რომ ვთქვათ. ახლა კი მე ამას ვამბობ და არავინ მქოლავს.

ნათელა აქაბა: და კიდევ ათი წლის შემდეგ რა იქნება?

ზაზა შათირიშვილი: კიდევ ათი წლის შემდეგ, ჩემი აზრით, რეალური დამოუკიდებლობა იქნება. მთავარი ის კი არ არის, რომ ასეთი შეხვედრები ტარდება, არამედ ის, რომ კრებულები არსებობს, რომლებსაც კითხულობენ. და, რაც მთავარია, სრულიად სხვადასხვაგვარი აზრები გამოითქმება. ესაა ჩემთვის მნიშვნელოვანი...“

რედაქციის მინაწერი: ჩვენ შეგნებულად მოგვყავს ვრცელი ციტატები, რათა არ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს მკითხველს კონტექსტიდან ამოგლეჯილ, აზრობრივად დამახინჯებულ ფრაზებს ვაწვდით. ამავდროულად, სტატიას ვურთავთ ორიგინალს რუსულ ენაზე, სადაც „ქართული ოცნების“ დღევანდელი ფავორიტების ამ და სხვა აზრების გაცნობა თავად შეგიძლიათ.

წყარო

კომენტარი