„არის თუ არა ეს... ხატი და ჯვარი?“ ანუ კამერების წინ საყელოგაღეღილი მილიარდერი (ვიდეო)

„პოლიტიკა შოუა და არ გამიბრაზდეთ“, - ასე ახსნა „რეალ.ტვ“-ს ჟურნალისტმა მისი შეკითხვა ქართველი მილიარდერისადმი, რომელიც ივანიშვილის რწმენას და იმას უკავშირდებოდა, ატარებდა თუ არა მართლმადიდებლურ ჯვარს ბატონი ბიძინა. აღმოჩნდა, რომ ატარებს. არამარტო ჯვარს, არამედ პატრიარქის იმდღევანდელ საჩუქარსაც, როცა პარტია დაფუძნდა: წმინდა გიორგის პატარა ხატს. წმინდა გიორგი ხომ ქართულ სინამდვილეში და ზოგადად, ქრიატიანულ სარწმუნოებაში გამარჯვებასთან ასოცირდება და ალბათ, ბიძინა ივანიშვილმაც ამ პრინციპით აირჩია: მისთვის ეს ხელისუფლება ხომ გველეშაპია, რომელიც უნდა შემუსროს.

შოუ შედგა და უამრავმა კამერამ გურამ დოჩანაშვილის ვინსენტესავით საყელოგაღეღილი მილიარდერი გადაიღო. კიდევ კარგი, ივანიშვილს ვინსენტეს საყელოს მოღეღვისშემდგომი ჩვევა არ ჰქონია, თორემ ჩემს კოლეგას კარგი დღე ნამდვილად არ დაადგებოდა: ახლო და შორეულ წინაპრებს არცთუ თავაზიანად მოუკითხავდნენ. მილიარდერისგან არა, მაგრამ მსგავსი მოკითხვები ინტერნეტში მრავლად იყო - მათი უმრავლესობა ჟურნალისტს „გაუგზავნეს“, ნაწილმა კი არც მილიარდერი დაინდო, ხატისა და ჯვრის ჩვენება არასწორი ქმედება იყოო.

არ ვიცი, მიაქცია თუ არა ყურადღება ვინმემ ან რამდენმა მიაქცია, მაგრამ ჟურნალისტისა და მილიარდერის დიალოგში ერთი საინტერესო პასაჟი გამოირჩეოდა: როცა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტს შეკითხვა შეუბრუნა: თავად თუ ლოცულობთ და ეკლესიაში თუ დადიხართო და იმანაც, ლამის შეიცხადა: „რა თქმა უნდა!“, ივანიშვილმა იკითხა: „ბოლოს როდის იყავით სამებაში?“. ეს შეკითხვა, რა თქმა უნდა, „რწმენაში სათანადოდ განმტკიცებული“ ადამიანის შეკითხვას არ ჰგავს. რატომ? „ელემენტარულია, უოტსონ!“ - სალოცავად მხოლოდ სამებაში არ დადიან. ეს ისე, სასხვათაშორისოდ...

საბოლოოდ კი, მე თუ მკითხავთ, ეს დიალოგი ერთ-ერთი ყველაზე ცოცხალი და საინტერესო ნაწილი იყო იმ შოუდან, რასაც ბიძინა ივანიშვილის პარტიის დაფუძნება ჰქვია. არა, მილიარდერთან შოუების მოწყობის ექსკლუზივში „რეალ.ტვ“-ს ნამდვილად ვერავინ შეეცილება...

სრულად კი ეს დიალოგი ასე გამოიყურებოდა:

ჟურნალისტი: ძალიან ბევრი შეკითხვა გაჩნდა ინტერნეტში და საზოგადოებაში თქვენს რწმენასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გვითხრათ ატარებთ, თუ არა მართლმადიდებლურ ჯვარს?

ბიძინა ივანიშვილი: გაჩვენოთ?

ჟურნალისტი: სიამოვნებით.

ბიძინა ივანიშვილი: არა, უხერხულია, თორემ გაჩვენებდით.

ჟურნალისტი: არა, ბრძანეთ მაშინ, თუ ვერ გვაჩვენებთ...

ბიძინა ივანიშვილი: არა, შემიძლია გაჩვენოთ კიდეც, მაგრამ რა გაძლევთ მაგის საფუძველს, მე ყოველკვირა ეკლესიაში ვარ...

ჟურნალისტი: ინტერნეტში...

ბიძინა ივანიშვილი: რატო ინტერნეტით სარგებლობთ მხოლოდ, სხვა ფაქტებიც ხომ არსებობს უამრავი... თქვენ თვითონ ლოცულობთ, დადიხართ ეკლესიაში?

ჟურნალისტი: რა თქმა უნდა.

ბიძინა ივანიშვილი: როდის იყავით ბოლოს სამებაში?

ჟურნალისტი: კვირას.

ბიძინა ივანიშვილი: ყველა კვირას იქა ვარ და როგორ ვერა მნახეთ?

ჟურნალისტი: გააჩნია თქვენ სად დადიხართ, ბატონო ბიძინა?

ბიძინა ივანიშვილი: სამებაზე გიპასუხე მე.

ჟურნალისტი: მე სამებაში არ ვყოფილვარ, შეგიძლიათ ჯვარი გვაჩვენოთ?

ბიძინა ივანიშვილი: მოსულა, მოსულა...

ჟურნალისტი: პოლიტიკა შოუა და არ გაგვიბრაზდეთ.

ბიძინა ივანიშვილი: გასაგებია, გასაგებია, მაგრამ მე მინდა დღეს გაჩვენოთ არა იმიტომ, რომ ჯვარი მაქვს, არამედ მე დღეს პატრიარქთან ვიყავი და მან კარგი საჩუქარი გამიკეთა და იმასაც წარმოგიდგენთ.

ჟურნალისტი: დიდი მადლობა;

ბიძინა ივანიშვილი: დაწყნარდით?

ჟურნალისტი: კი.

დაწყნარებული ჟურნალისტი და საყელოშებნეული მილიარდერი თავ-თავიანთ საქმეებს მიუბრუნდნენ. მე კი ერთი ამერიკული ფილმი „არხების გადართვისას“ გამახსენდა. ეს ფილმი ჟურნალისტებზე, მათ ცეცხლოვან სვე-ბედზეა და მანდ ერთი გამოცდილი ჟურნალისტი მეორეს, გამოუცდელს, ჟურნალისტობას ასწავლის. რასაკვირველია, პროფესიის ათვისების უფასო, მაგრამ არცთუ უანგარო (მასწავლებელს მოსწავლე უყვარდება) კურსებში პროვოკაციული შეკითხვების დასმაც შედის. გამოცდილი გამოუცდელს უხსნის, რომ პოლიტიკოსის წყობიდან გამოსვლის დასაფიქსირებლად მისთვის ნებისმიერი, თუნდაც პიკანტური შეკითხვის დასმა სრულიად გამართლებულია, მერე კი სენატორთან დასახვედრად უშვებს.

ეს სენატორი ქალია. მანქანისკენ გზად მიმავალი, ის ჟურნალისტების ალყაში ექცევა, ზოგი რას ეკითხება და ზოგი რას. ფილმში ხომ მთავარი პერსონაჟი სწორედ მოსწავლე-ჟურნალისტია და მისი შეკითხვა გამორჩეულად ისმის კადრში: „უკაცრავად, ქალბატონო, თუ შეგიძლიათ, გვიპასუხეთ, კლიტორული ორგაზმი გაქვთ თუ ვაგინალური?“

სენატორი არ ჩერდება. არც იმის ახსნას ცდილობს ვიზუალურად, როგორი ორგაზმი აქვს. იღიმება, მანქანაში ჯდება და მიდის. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სწორედ ეს ეპიზოდი გამახსენდა, როცა ქართველი ჟურნალისტისა და მილიარდერის სპარინგი ვნახე ვიდეორგოლში. რა თქმა უნდა, ამერიკულთან ერთად ერთი ქართული ფილმი და იპოლიტე ხვიჩიას გენიალური ფრაზა-შეკითხვაც: „არის თუ არა ეს ბილეთი?“ ამოტივტივდა გონებაში.

რახან დოჩანაშვილით დავიწყე, დოჩანაშვილითვე დავასრულებ:

„ქართველები ვაართა!

ტააშ?“

კომენტარი