სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკა ბესელია „ქართულმა ოცნებამ“ დაღალა

ეკა ბესელია იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც ბიძინა ივანიშვილის გვერდით მაშინვე გამოჩნდა, როგორც კი მილიარდერმა პოლიტიკაში მოსვლის სურვილი ღიად გამოთქვა. როგორც ხშირად ხდება ივანიშვილის გარემოცვაში, მალე მილიარდერსა და ადვოკატს შორის შავმა კატამ გაირბინა. ამის შესახებ სხვადასხვა გამოცემებთან ერთად „დრონი.ჯი“- წერდა, თუმცა, ივანიშვილის გარემოცვისა და მხარდამჭერების მხრიდან მსგავს ინფორმაციას „ჭორების გავცელებას“ უწოდებდნენ და რედაქციებს მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში არცთუ კორექტულად ადანაშაულებდნენ.

ჯერ კიდევ 28 ნოემბერს „ჯეონიუსმა“ გაავრცელა შემდეგი შინაარსის ინფორმაცია:

„ადვოკატმა ეკა ბესელიამ, რომელიც თვენახევრის წინ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველთა საბჭოს წევრად და პირად ადვოკატად დაინიშნა, ივანიშვილის გარემოცვის უკმაყოფილება გამოიწვია. საქმე ეხება ბესელიას მიერ პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას.

მრჩეველთა საბჭო ყოველდღიურად, დილის 10.00 საათიდან 14.00 საათამდე თათბირობს. სწორედ, ერთ-ერთ ასეთ თათბირზე დადგა საკითხი ბესელიას მიერ უფლებამოსილების გადამეტების შესახებ.

"ჯეონიუსის" ინფორმაციით, ადვოკატ ეკა ბესელიას საქმიანობით თვით ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილია უკმაყოფილო. ადვოკატმა ვერ შეძლო ვერც ერთი საქმის ადგილიდან დაძვრა და მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებით ამახსოვრებს თავს საზოგადოებას.“

ამას მოჰყვა უკვე 26 დეკემბერს „დრონი.ჯი“-ზე გამოქვეყნებული ცნობა იმის შესახებ, რომ ივანიშვილმა გადაწყვიტა, ეკა ბესელია ზაქარია ქუცნაშვილით ჩაანაცვლოს. იმ მედიასაშუალებების აუგად მოხსენიებამ, რომლებიც ივანიშვილსა და ბესელიას შორის უკმაყოფილებლობის არსებობაზე მიანიშნებდნენ, ივანიშვილის მხარდამჭერთა მხრიდან მასობრივი ხასიათი მიიღო, თავად ივანიშვილის პრესსამდივნომ კი გაავრცელა ინფორმაცია, სადაც უარყო ყოველგვარი დაპირისპირების ფაქტი და განაცხადა, რომ ეკა ბესელია „ქართული ოცნებიდან“ არ წასულა და არც წასვლას აპირებს.

„ქართული ოცნების“ ლამის უჩინარ წევრად გადაქცევა, როგორც ჩანს, ეკა ბესელიას დიდად არ ეპიტნავა და იგი ღიად ალაპარაკდა იმ გულგატეხილობაზე, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მასში გამოიწვია.

„მაღალი სტატუსის ან თანამდებობის გამო არ მინდა, ყველაფერი გავაკეთო, ვიკადრო და ის ავიტანო, რაც ასატანი არ არის - დავიღალე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ გაზეთ „ვერსიასთან“ საუბარში, შემდეგ კი ინტერვიუ „რუსთავი2“-საც მისცა, სადაც „ქართული ოცნების“ შიგნით არსებულ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება.

„შეიძლება ძალიან ბევრი ადამიანი იყოს, ვისაც აქვს კონკრეტული პოლიტიკური ამბიცია - ეს ბუნებრივია. შესაძლოა, ვიღაცას კონკრეტულადაც აქვს დანახული საკუთარი თავი ამ პროცესის შემდგომ. მე ვთვლი, რომ პოლიტიკაში იქნები თუ პოლიტიკის გარეთ, ადამიანს შინაგანი ღირსება უნდა გქონდეს. შეიძლება ვიღაცისთვის იყოს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აუცილებელიც კი იყოს უკეთესი ადგილის, უკეთესი პოზიციის დამკვიდრება და ამისთვის ყველაფერი იკადროს. რატომღაც მიღებულია, რომ პოლიტიკა არის ამგვარი რბოლის არენა“, - ამბობს ეკა ბესელია.

„მოდით, პირდაპირ გეტყვით: მე არ ვიცი, რას ფიქრობს ჩემზე ზაქრო ქუცნაშვილი, მაგრამ ის ბიძინა ივანიშვილზე გავლენას ვერ მოახდენს და გადაწყვეტილებას ვერ მიაღებინებს“, - ამბობს ეკა ბესელია საგაზეთო ინტერვიუში კოლეგაზე, რომელიც ივანიშვილის რჩეულთა რიგებში აღმოჩნდა და პოლიტიკური კოალიციის პრეზენტაციაზეც, ბესელიასგან განსხვავებით, ავანსცენაზე იდგა. „აქცენტი მაშინ პოლიტიკურად ახალ სახეებზე გაკეთდა. მე ვერ ვიტყვი, ჩემი პასიურობითა იყოს გამოწვეული ის, რომ არ ვჩანვარ“, - ამბობს ბესელია.

ზაქარია ქუცნაშვილი ეკა ბესელიას განცხადებებს არ პასუხობს, რადგან მიიჩნევს, რომ რაც სამზარეულოში ხდება, იქედან არ უნდა გავიდეს. „ეს ჩემი სტილი არ არის, ქალებთან რომ ამ პოლემიკაში ჩავება, არ იქნება სწორი“, - უთხრა მან „რუსთავი-2“-ის ჟურნალისტს.

ამავე დროს, ივანიშვილის გარემოცვიდან გამოსული ხმების მიხედვით, გამორიცხული არ არის, ზაქარია ქუცნაშვილმა ბიძინა ივანიშვილის ბანკის უფლებები სტრასბურგშიც დაიცვას. ასევე ვრცელდება ხმები, რომ „ქართუ ბანკის“ 20 მილიონიან ვალთან დაკავშირებით სტრასბურგში პროცესის მოგების სანაცვლოდ, ის ივანიშვილისგან საკმაოდ სოლიდურ ანაზღაურებას - 2 მილიონ ლარს მიიღებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100