გამოპრუტუნებული პუტინი და ამხანაგი ნოღაიდელი

საქართველოს ჰყავდა „მამიდა“ – კონდოლიზა რაისი. ახლა ჰილარი დეიდა გვეწვია. ოქროს ხანაც გაგვახსენა და თამარიც. ჰილარი კლინტონმა არაერთხელ ახსენა „ოკუპაცია“. პუტინი აჯიკანაჭამივით გაცეცხლდა – „ვიღაცას მიაჩნია, რომ სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულია, ვიღაცის აზრით კი გათავისუფლებული“. ერთი შეხედვით, ერთი „ვიღაცა“ ჰილარი კლინტონია, მეორე „ვიღაცა“ კი თავად.

არადა, სამხრეთ ოსეთს ოკუპირებულად მიიჩნევს მთელი მსოფლიო პუტინ-მედვედევის გამოკლებით. ასე რომ, რეალურად პუტინმა თავი მსოფლიოს გაუტოლა. ცოტაც და სუ გამოლუდოვიკოვდება და გამოაცხადებს „მსოფლიო – ეს მე ვარო“.
პუტინი გამოპრუტუნებულა და ნოღაიდელ-ხუბუტიასთან ერთად „პოკლონნაია გორაზე“ წაფრატუნებულა დიდ სამამულო ომის მუზეუმში და სწორედ იქ უპრუტუნია ეგა.

აი, ნოღაიდელი კი ფრიად ნიჭიერი მეზღაპრე ყოფილა. ბურჯანაძე კიდე იძახდა ხოლმე, ხისტია ხისტიო. ხისტი არა – ხლისტი. აგერ გამოხტა და ისეთი „ხოშიანი“ ზღაპარი მოყვა, ლოგიკა ისე გაპენტა, მთაში ქალები რომ ვერ პენტავენ მატყლს.
ესა, ისაო, ვანო ჩხარტიშვილმა ჩემი გულისთვის დატოვა საქართველოო. გმირადაც გამოიყვანა ვანუა, ჩემს წინააღდეგ ჩვენება არ მისცა კაცმა და გაიქცა საქართველოდანო, ოჯახთან ერთადო.

ახლა კიდევ ზურიკელამ რა ბრძანა? 21 დღე ჩხარტიშვილის ოჯახი მძევლად ჰყავდათ, საზღვრის გადაკვეთის უფლებას არ აძლევდნენ და მხოლოდ 21 დღის შემდეგ მოახერხეს საქართველოდან გაპარვაო.

ან ვის აბოლებს ამ ზღაპრებით ამხანაგი ნოღაიდელი? თურმე, ნუ იტყვით, ხელისუფლებას ნოღაიდელის დაჭერა მოუწადინებია და სხვა გზა ვერ უპოვიათ, გარდა იმისა, რომ ჩხარტიშვილისგან ჩვენება გამოეძალათ. აბა, აბაა, რა უმწიკვლოა ამხანაგი ნოღაიდელი. ვერაფერი გამოუქექეს.
გრიგოლ ხანცთელივით სპეტაკია ამხანაგი ნოღაიდელი. სწორედ მისმა სისპეტაკემ შთააგონა ჩხარტიშვილის გმირობა.
არც ნოღაიდელს ჩაუდენია ნაკლები გმირობა, სრული 20 დღე შეუწირავს ჩხარტიშვილის ამბების სარკვევად. მოსკოვში ბოლო ვიზიტისას კი ტელეფონითაც უსაუბრია მასთან. ტელეფონით უსაუბრია, მაგრამ ის ვერ გაურკვევია, სადაა ვანო, ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ?
კლიმიაშვილს ეცოდინება. ახლა იმას არ იკითხავთ, რას უწოდებს ამხანაგი ნოღაიდელი თავის დაკავების მცდელობას? „სასაცილოს“. უშიშარია ვითარცა უხორცო. აბაა... სოიოს კუნთები აქ...
„ედინაია რასიასთან“ დაწყებული მოლაპარაკებებიც რომ შეწყვიტა? თურმე მიშას სდომნია რუსეთთან მოლაპარაკება და ვნახოთ, აბა, რას იზამს, რას მოელაპარაკებაო. თან ახლა არ იკთხავთ, რას ითხოვს? ეს მოლაპარაკებები ღია და საჯარო უნდა იყოსო.
რა უნდა იყოს საჯარო? ორი ქვეყნის ხელისუფლების დიალოგი? ის, რაც „ტეტატეტ“ მოსალაპარაკებელია? ამ კაცს დიპლომატიის ინჩიბინჩი გაეგება?

ან თვითონ რომ დაძვრებოდა და ხვდებოდა ხომ, რას ამბობ, სულ შიფონივით გამჭვირვალე იყო მისი შეხვედრები.
აი, შალვა ნათელაშვილი ამერიკაშია. ვაშინგტონიდან ნიუ-იორკშიც გადაუნაცვლია. პრესსამსახური ირწმუნება, ერთ-ერთ პოლიტიკურ თოქ-შოუ „კონტაქტშიც“ მიიწვიესო, მიშაც გააკრიტიკაო, მიშაო, რეგიონში დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას ეწევაო. თავი გაანებეთ მაგის ლობირებას, მე რა, აქ ტყუილად ჩამოვედიო?
რას ჩამოიტანს ნათელაშვილი ამერიკიდან? არც არაფერს. არადა, შეეძლო ჩამოეტანა. რა? მაგალითად კაი „ზაგარი“, რომელიმე ცათამბჯენის სახურავზე მიღებული...

ახლა უკვე გაზეთი Wall Street Journal წერს, რომ ავსტრიის პოლიცია იძიებს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ 2009 წლის საპროტესტო აქციების დაფინანსებაში ევროპაში მოქმედი ერთ-ერთი კრიმინალური დაჯგუფების მონაწილეობის საკითხს....
ესეც ამბავი... ვენის პოლიციის მიერ ვენის პროკურატურისთვის მომზადებულ ანგარიშში, საუბარია იმაზედ, რომ კრიმინალურ დაჯგუფებას სააკაშვილის ჩამოგდება სურდათ და ამიტომ აფინანსებდნენ აქციებს. ანგარიშის მიხედვით, დაჯგუფების შტაბ-ბინა საბერძნეთშია, მისი დაჯგუფებები კი საქმიანობენ ესპანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში. საუბარია იმაზეც, თუ როგორ დააკავეს ამ დაჯგუფების 48 მაფიოზი, იმაზეც, რომ ამ დაჯგუფების წევრები დაკავშირებული იყვნენ იგორ გიორგაძესთან. სწორედ მისთვის გადაუციათ როდიკო გოგუაძის მიერ მოგროვებული მილიონი დოლარი, მილიონი დოლარი სააკაშვილის ჩამოსაგდებად...
ახლაც აპირებენ საშემოდგომოდ „ტანცპლაშადკის“ მოწყობას რუსთაველზე.

„წიოწ ნინა“ ფინთ შემოდგომას გვიმზადებს.
აი, ნესტან ბიცოლამ კი უკვე ტრუბაში გააძვრინა იკაკო ალასანია. ალასანია ტუჩებს იკვნეტს, რა ჯანდაბამ მათქმევინა 2013 წლამდე ამერიკიდან მილიონები მოვა, ხალხი რომ აღვწეროთ და ხელისუფლება გადავიბაროთო.
ნესტან ბიცოლამ – ვერ გავიგე, საქართველო რა, საწყობია თუ მაღაზია, რა მიღება-ჩაბარების აქტზე მელაპარაკებითო.
დასკვნებიც დაასკვნა – 2013 წლამდე მიშას გვიტოვებენ, მერე ალასანიას აბარებენ ხელისუფლებასო.
ხელისუფლების გადაბარების იმედი რომ ალასანიას მართლაც აქვს, ამაში ნესტან ბიცოლა ნამდვილად არ ცდება. თუმცა იმაში ცდება, იმას რომ ასკვნის, ეს ასე მოხდებაო. პოლიტიკა გაცრუებული იმედების პოლიგონია.
იკაკოს ჰგონია, იკაკოს უნდა, იკაკოს ჰპირდებიან, იკაკოს იმედი აქვს – გრამაფონში წერია. გრამაფონი სარდაფშია და მოფუტკნულია.
პოლიტიკური პროცესი ისეთია, შესაძლოა, ერთმა წუთმა, ერთმა წამმა უცებ შეცვალოს და თავდაყირა დააყენოს მოვლენები.
„მოვლენები მართავენ ადამიანს და არა ადამიანები მოვლენებს“ – ეს სიტყვები ეჯენ იონესკომ სასოწარკვეთილ მაკბეტს ათქმევინა.
ემანდ ბევრი არ გამო-მაკბეტდეთ, ბიჭებოოო...


კომენტარი