ინტრიგებით დახუნძლული მუნდიალი - 2010

მსოფლიოს ჩემპიონობისთვის ბრძოლას ოთხი გუნდიღა შემორჩა და საინტერესოა, რომ მათ შორის აღარ არიან ისეთი სუპერგრანდები, როგორებიც ბრაზილია-არგენტინაა. დიახ, ეს ორი სამხრეთამერიკული ნაკრები მეოთხედფინალიდან გამოეთიშა ტურნირს.

როგორც მოსალოდნელი იყო, პლეი ოფებიდან მსოფლიო ჩემპიონატი უფრო სინტერესო და სანახაობრივი გახდა, რაც ალბათ ძალიან მოსწონს გულშემატკივარს, თუმცა ეგაა, რომ სანახაობრივი ფეხბურთის შემოქმედებად აღიარებული ბრაზილია და არგენტინა სწორედ ამ ეტაპს ემსხვერპლნენ.

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ბრაზილია ჰოლანდიასთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა (1:2) და ამ წაგების მერე ალბათ ბევრს ვერც წარმოედგინა, თუ დიეგო მარადონას გაწვრთნილ არგენტინელებსაც მოუწევდათ ბარგის ჩალაგება. ასე კი მოხდა: გერმანიამ იოტისოდენა შანსიც კი არ დაუტოვა ვარსკვლავებით გადაძეძგილ სამხრეთელებს და 4:0 გაანადგურა მეტოქე.

ეს მატჩი იმითაც საინტერესო იყო, რომ გერმანელმა მიროსლავ კლოზემ დუბლი შეასრულა და ახლა მას ერთადერთი გოლი აშორებს საყოველთაო რეკორდს: მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი გოლების რაოდენობით კლოზე მხოლოდ რონალდოს (15 გოლი) ჩამორჩება.

დანარჩენ ორ წყვილში ურუგვაიმ განა პენალტების სერიაში დაამარცხა, ესპანეთმა კი გაჭირვებით სძლია (1:0) პარაგვაის.
ცხადია, მეოთხედფინალში ნაჩვენებ ასეთ შედეგებს ბევრი ვნებათაღელვა მოჰყვებოდა და ასეც მოხდა: დუნგამ სამხრეთ აფრიკაშივე გამოაცხადა, შინ დავბრუნდები თუ არა, ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელობიდან გადავდგებიო; ალბათ მსგავსი ნაბიჯის გადადგმას მოსთხოვენ არგენტინელი ჟურნალისტები მარადონასაც; ბრაზილიელთა ლეგენდამ, რონალდომ, ვინც ჩემპიონატს რიო დე ჟანეიროდან ადევნებდა თვალს, ჰოლანდიასთან მატჩის ანტიგმირად შერაცხულ ფელიპე მელოს შინ დაბრუნებისგან თავის შეკავება ურჩია – ცუდი თამაშის გამო გულშემატკივრები პასუხს მოგთხოვენ და რაიმე შარს არ გადაეყაროო; პორტუგალიელებმა კი თავიანთ ვასრკვლავ კრიშტიანუ რონალდუს ნაკრების კაპიტნობა ჩამოართვეს, აქაოდა, ისე არ ინდომებს, როგორც კაპიტანს შეეფერებაო...

აი, ასეთი ინტრიგებითაა დახუნძლული მსოფლიო ფეხბურთი და დაველოდოთ სიახლეებს, ნახევარფინალის შემდეგ ხომ გაცილებით მეტი გვექნება სალაპარაკო…

კომენტარი