სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მერყევი, თანაც „კურდღლის სინდრომით“

„ალიანსი“ რომ ნელა, მაგრამ სტაბილურად იშლება, ამაზე უკვე თვით მისი ფორმალური ლიდერი, ირაკლი ალასანიაც აღარ დაობს. ალასანიას მერყეობამ, რესპების პატივმოყვარეობამ და მემარჯვენეების ინტრიგებმა, ამ პოლიტიკურ გაერთიანებას სერიოზული ბზარი გაუჩინა.
მათი მთავარი სლოგანი - „ჩვენ შევცვლით“, ამომრჩეველს სასაცილოდაც არ ჰყოფნის. რისი შემცვლელიცაა ალასანია, ეს სრულიად საქართველომ კარგად დაინახა მაშინ, როდესაც მან კვირაში ზუსტად სამჯერ შეიცვალა პოზიცია.

არადა, დიდხალიანი, პერანგაკაპიწებული შავტუხა, თავიდან პოლიტიკაში მაჩოსავით გამოჩნდა, თუმცა მისმა გადაჭარბებულმა სიმორცხვემ, გაუბედაობამ და პოზიციების ცვალებადობამ ეს ჩვენი „მაჩო“ ლამის ქარაფშუტად აქცია.

როცა ალასანიამ „პლასტინკების“ ცვლა დაიწყო, ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა თქვა, მართალია, მერყევია, მაგრამ მაინც მაგარიაო. ამ ამბავმა ერთი ანეკდოტი გამახსენა.

მაჭანკალი სასიძოს საპატარძლოს უქებს... ლამაზია, მდიდარია, კარგი ოჯახიდანაა, მოკლედ, უნაკლოა, ერთი ნაკლიც კი არა აქვს, უბრალოდ, კოჭლია, მაგრამ სიკოჭლე ძალიან უხდებაო...

ასეა ალასანიაც. ის ვიღაცისთვის უბრალოდ მერყევი და გაუბედავი პოლიტიკოსია, ვიღაცისთვის კი - ადამიანი, რომელსაც „კურდღლის სინდრომი“ და მერყეობა ძალიან შვენის...

კიდევ ერთი ისტორია, რომელიც ალასანიას მერყეობაზე, გაუბედაობასა და ფობიებზე მეტყველებს, ასეთია: როდესაც ალასანია მოხსნეს და მან ოპოზიციაში „კონსტრუქციული ნიშის“ დაკავება სცადა, „მარიოტში“ პირველი ბრიფინგიც დაგეგმა (ოპოზიციონერის რანგში): მაშინ ალასანია თავის გარემოცვას ეუბნებოდა, ბრიფინგზე „ხმამაღალი განცხადებებით“ უნდა გამოვიდე და მთავრობა მკაცრად გავაკრიტიკოო. თუმცა, მალევე, როგორც წესი (მისთვის), პოზიცია შეუცვლია და უთქვამს, არა, ჯერ ადრეა, ჯერ მათი კრიტიკის დრო არ მოსულაო...

ალასანიას „მარჯვენა ხელი“ იმასაც იხსენებს, რომ ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე კიდევ ერთხელ გადაუწყვეტია „ხმამაღალი განცხადებებით“ გამოსვლა (მაშინ საზოგადოებაც ამას მოელოდა მისგან), თუმცა ყველამ ერთად ვნახეთ, თუ როგორი ენისმოჩლექით ლაპარაკობდა ათას სისულელეზე...

ალასანიას მერყეობაზე მეტყველებდა ის ისტორიაც, რომელიც „დრონი.ჯი“-მ რამდენიმე ნომრის წინ გამოაქვეყნა. როდესაც „გრეჩიხა“ მასთან ნოღაიდელის დავალებით მივიდა და კანდიდატურის მოხსნის სანაცვლოდ მილიონები შესთავაზა.
ჩვენმა მკითხველმა უკვე იცის, რომ ამის შემდეგ ალასანიამ მოსაფიქრებლად რო ითხოვა, ამერიკაში წავიდა, იქიდან „გრეჩიხას“ „ესკაიპებოდა“ და წინასწარ თანხმობას ეუბნებოდა შეთავაზებულ წინადადებებზე, თუმცა ჩამოვიდა და „გრეჩიხა“-ნოღაიდელი კიდევ ერთხელ დატოვა პირში ჩალაგამოვლებული...

ძალიანაც კარგი, თუ „გრეჩიხას“ და ნოღაიდელს პირჩი ჩალა გამოავლო, თუმცა ეს უკვე სხვა თემაა. ამ ისტორიის გახსენების მიზეზი კი მხოლოდ იმის კიდევ ერთი დემონსტრირება იყო, თუ რამდენი პარასკევი (ხალი) აქვს ალასანიას კვირაში.
ყოველკვირეული გაზეთი „დრონი.ჯი“ (ყოველ ორშაბათს)

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100