ნოღაიდელმა გრიზლოვის დავალებით რუსი პიარ–ტექნოლოგები დაიქირავა

ზურაბ ნოღაიდელი ოკუპანტებთან – მის უფროს „ძმებთან“ კიდევ ერთხელ ჩავა. მართალია, „დაღლილი ვირიც“ და მისივე პარტიის წარმომადგენლებიც მთელი ხმით გაჰყვირიან, რომ მოსკოვში საქართველოს ინტერესების დასაცავად, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დასაბრუნებლად და საჰაერო მიმოსვლის აღსადგენად ჩადიან, თუმცა, ფაქტია, რომ ნოღაიდელის ამბიცია უფრო მეტი და მასშტაბურია, ვიდრე ქართველი გლეხის მიერ მოწეული მწვანილის მოსკოვში რეალიზაცია.

ნოღაიდელის განცხადებები, ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესახებ იქნებ მალამოდაც ედებოდეს ზოგიერთს, მაგრამ ისმის კითხვა – გვიღირს თუ არა, თითოეულ ჩვენგანს მწვანილისა და ციტრუსის რუსეთში გატანის სანაცვლოდ, ოკუპანტებს საქართველოს სრული ანექსიის უფლება და ჩვენი ქვეყნის რუსულ გუბერნიად გადაქცევის შესაძლებლობა მივცეთ?

„დრონი.ჯი“–ს ინფორმაციით, ნოღაიდელმა გრიზლოვის მითითებით, რუსი პიარ–ტექნოლოგიები დაიქირავა და მისი ე.წ. ეკონომიკური „მესიჯები“ სწორედ მათ მიერაა დამუშავებული.

მათი მიზანი მარტივია. ხელისუფლებას დაუპირისპიროს და კრემლის ფავორიტის მხარდამჭერად აქციოს საზოგადოების ის ჯგუფი, რომელთა აზრით, რუსული ბაზრის ათვისების შემთხვევაში მათი ფინანსური ყულაბა შეივსება.

რუს პიარ–ტექნოლოგებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ, ნოღაიდელის სახით სურთ, საზოგადოების ეს ნაწილი დაარწმუნოს იმაში, რომ რუსული ბაზრის დახურვა და საჰაერო მიმოსვლის შეჩერება დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებაა (და არა მათი პოლიტიკური კაპრიზი) და ყინული მხოლოდ ხელისუფლების დამხობის შემდეგ დაიძვრება.

„რუსეთს მიშტერებული“ საზოგადოება კი არჩევანის წინაშეა – ან ხელისუფლების დამხობა, საქართველოს სრული რუსეთიზაცია, ქვეყნის ოკუპაცია, ან – მწვანილის, ციტრუსის რუსეთში გატანა, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა და სერგო ორჯონიკიძეების დომინანტობა პოლიტიკაში.
უცხოელ ექსპერტთა შეფასებით, 2010 წლის 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ამ მხრივ იქნება ერთგვარი ტესტი – არის თუ არა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მზად იმისათვის, რომ დაიცვას არა ხელისუფლება, ან ოპოზიცია, არამედ საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესები, მისი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, ხოლო ოცდამეერთე საუკუნის სერგო ორჯონიკიძეებს თბილისისა და მთელი საქართველოს ბიშკეკიზაციაში ხელი შეუშალოს...






კომენტარი

×