„რუსეთი - გარედან და კონტრელიტა – შიგნიდან“

„ისტორიას არ ჰყოლია ყველასათვის საყვარელი მეფე. დავით აღმაშენებელი მის სიცოცხლეში არ უყვარდათ, დავით აღმაშენებლის სიცოცხლეში მის შესახებ არ შექმნილა მეფის სადიდებელი არც ერთი ლექსი. მისი უფრო ეშინოდათ, ვიდრე უყვარდათ.
დარწმუნებული ვარ, მას უფრო მეტი ქართველი აგინებდა, ვიდრე ადიდებდა. დიდგორის ომის წინ ქართველებს მან საკუთარი ხელით ჩაახერგვინა უკან დასახევი გზები. დავით აღმაშენებელი მას სიკვდილის შემდეგ უწოდეს. ამიტომ, ვინც სააკაშვილს ლანძღავს და აგინებს, ის ავტოპორტრეტს უფრო ხატავს, ვიდრე პრეზიდენტის პორტრეტს“, - ასე დაიწყო საუბარი „დრონი.ჯი“-სთან მეცნიერმა და პოლიტოლოგმა გოგი გაჩეჩილაძემ.
„დრონი.ჯი“: პოლონეთის ხელისუფლების დიდი ნაწილი განადგურდა სმოლენსკთან ავიაკატასტროფაში. არის ვერსიები, რომ იყო მასობრივი მკვლელობა, ტერორისტული აქტი და კატასტროფა. როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ ტრაგედიისადმი?

გოგი გაჩეჩილაძე: ნორმალური ფსიქიკის ადამიანს, რომელსაც წარმოდგენა აქვს რუსეთის ჰაბიტუსზე და ფენომენზე, მმართველი ელიტის მენტალობაზე, შეუძლებელია არ გაუჩნდეს ეჭვი, რომ აქ მოხდა არა მხოლოდ ავიაკატასტროფა, არამედ ვერაგობა.

რუმინეთმა გაავრცელა ცნობა სათაურით „პუტინს არ შეეძლო ხელიდან გაეშვა შანსი, გაენადგურებინა მტრების ასეთი დიდი რაოდენობა ერთ თვითმფრინავში“ და ეს მითითებაა, რომ რუსეთის მიერა გაკეთებული, მაგრამ ამას მაინც მტკიცება სჭირდება. ძალიან საინტერესოა, რომ 13 მარტის მოდელირებულ ქრონიკაში, რაზეც განსხვავებული შეხედულება მაქვს, იქ დაფიქსირებული იყო, რომ კაჩინსკის მოკლავდნენ. იქ იყო ფრაზა, რომ კაჩინსკი თვითმფრინავით მოდიოდა საქართველოს დასახმარებლად, რუსებმა ჩამოაგდეს ეს თვითმფრინავი. ნოვოდვორსკაიას ეს ციტატა მოჰყავს ამ სიუჟეტიდან და ამბობს, რომ ეს იყო პირველი წინასწარმეტყველება. მისტიკა უწოდა, რომ ქართველებმა იწინასწარმეტყველეს კაჩინსკის ტრაგიკული სიკვდილი. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ იურიდიულად ამის დადასტურება ადვილი იქნება. რუსები არ არიან ისეთი გულუბრყვილოები, რომ ბრალი დაედოთ მათთვის. ფაქტის ახსნა ფაქტის უარყოფას არ ნიშნავს. ახლა იმაზე ვმსჯელობთ, ეს იყო შემთხვევა, თუ ეს რაკი რუსეთის ინტრესებს ემთხვეოდა, იყო მასობრივი მკვლელობა.

- თქვენ განაცხადეთ, რომ განსხვავებული შეხედულება გაქვთ ქრონიკის მოდელირებულ სიუჟეტზე. რას გულისხმობდით?

- ჩემი აზრით, ეს გადაცემა ტესტი იყო, რომლითაც მოხდა ქართული საზოგადოების ინტელექტუალური დონის შემოწმება, რამდენად მზად არის ანალიტიკურად შეაფასოს ესა თუ ის მოვლენა. მიუხედავად იმისა, რომ შესრულების თვალსაზრისით ამ გადაცემას ჰქონდა ხარვეზი, მან გვიჩვენა, რომ ქართული საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად დამოუკიდებელი აზროვნებისათვის. ეს გადაცემა აგებულია იმ მოდელზე, რაზეც აგებულია შექსპირის „ჰამლეტი“.
პიესაში იდგმება პიესა, ტექსტში არის ტექსტი ჩადებული. ამის ამოცანაა პროვოცირება გაუკეთოს აუდიტორიას და სპექტაკლის მონაწილეებს, როგორი დამოკიდებულება ექნებათ სპექტაკლში განვითარებული თემისადმი. მოხეტიალე მსახიობებს აქვთ სპექტაკლი „მეფე გონზაგოს სიკვდილი“. ამაში არის ზუსტად ის სიუჟეტი, როგორც რეალობაში კლავდიუსმა, ჰამლეტის ბიძამ მოკლა თავისი ძმა და ცოლად შეირთო ჰამლეტის დედა. მამის აჩრდილი ეცხადება ჰამლეტს და ეუბნება, რომ ასე მოკლა კლავდიუსმა. ჰამლეტი დგამს სპექტაკლს ამ მოხეტიალე მსახიობების მონაწილეობით და აკვირდება დედამისსა და ბიძას. წარმოგიდგენია, ამ სპექტაკლის მაყურებელს სკანდალი აეტეხა, ეს რა დაგიდგიაო.

მარტო კაჩინსკის სიკვდილის წინასწარ¬მეტყველება რომ ყოფილიყო, ესეც საკმარისი იქნებოდა დასკვნისთვის, რომ ქრონიკის ეს სიუჟეტი ძალიან საინტერესო იქნებოდა. ამ გადაცემამ თავის მიზანს ვერ მიაღწია იმიტომ, რომ მიწვეული სტუმრები, რომლებსაც ანალიზი უნდა მიეწოდებინათ საზოგადოებისთვის, არ აღმოჩნდნენ მზად აღექვათ ის, როგორც ტექსტი ტექსტში. საზოგადოება ხედავს ამ ტრაგიკულ შესაძლებლობას. ტრაგედია არის სიტუაცია, როცა საზოგადოებას არა აქვს არჩევანის შესაძლებლობა და ნებისმიერ სიტუაციაში ყველაფერი ცუდად მთავრდება. ჩვენი სიტუაცია არ არის ტრაგიკული. გვაქვს შესაძლებლობა, ამ ანკესზე არ წამოვეგოთ და სახელმწიფო გადატრიალება არ დავუშვათ.

- ყირგიზეთი ხომ წამოეგო ამ ანკესზე და მოხდა გადატრიალება სისხლიანი ფინალით, ფაქტობრივად, იქ გათამაშდა მოდელირებული ქრონიკის ერთი სიუჟეტი. ამაზე რას იტყვით?

- რუსეთის მიერ ეს მეთოდი აპრობირებული იყო 1991-92 წლებში. ეს სცენარი რუსეთმა ყირგიზეთშიც გაიმეორა. თუ ქართულმა საზოგადოებამ ეს დაუშვა, მაშინ მას არა აქვს უფლება ილაპარაკოს საქართველოს დამოუკიდებლობაზე. ეს იქნება მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირება, რომ ქართული საზოგადოება მზად არ არის იყოს სახელმწიფოს პატრონი. მე მგონია, რომ მას შემდეგ, რაც მან მოიმოქმედა 2009 წელს და მოახდინა თვითდისკრედიტაცია, ამ სცენარის განხორციელება შეუძლებელი იქნება.

2010 წელს ეს ვერ მოხდება. მე ვიყავი გამსახურდიას მრჩეველი. ის ხელისუფლება აღმოჩნდა ტრაგიკულ სიტუაციაში. გადადგამდა ნაბიჯს სახელმწიფოებრიობის დასაცავად, დაიღუპებოდა, არ გადადგამდა - მაინც დაიღუპებოდა. ზვიადის სიტყვები, ჩვენ გვესვრიან ტყვიებს და ჩვენ ვესვრით ყვავილებს, იყო სასოწარკვეთილი ადამიანის პოზიცია. 2007 წლის ნოემბერს, როცა ბადრი პატარკაციშვილის ორგანიზებული მიტინგების დროს ითქვა, უნდა დავამთავროთ სააკაშვილის ხელისუფლებაო, ქართველ ხალხს ბედმა გაუღიმა, რომ პრეზიდენტად ჰყავდათ სააკაშვილი. მან აიღო თავზე ის პასუხისმგებლობა, რაც ვერ აიღო საკუთარ თავზე ზვიად გამსახურდიამ.

მან რეზინის ტყვიებითა და ხელკეტებით გარეკა ეს ოპოზიცია. თქვა, გადავდგებიო და მოაწყო რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები. საზოგადოების ინტელექტუალურ ელიტას არ აღმოაჩნდა ამ ფაქტის ადეკვატურად შეფასების უნარი. ის, რაც გააკეთა სააკაშვილმა, დაახლოებით იყო ის, რაც გააკეთა დავით აღმაშენებელმა თავის დროზე და გიორგი ბრწყინვალემ, რომელმაც 25 ქართველ თავადს მოუწყო ნადიმი და სუფრაზე დააჭრა მათ თავები. ამ მეფეს ისტორიამ დაარქვა ბრწყინვალე. მანეჰეიმმა ფინეთში გაცილებით სასტიკი რამ გააკეთა, ვიდრე სააკაშვილმა.
ის იყო ფინეთის სამხედრო მინისტრი, როცა 1918 წელს ფინეთმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, შეიკრიბა ფინეთის პრორუსული ინტელიგენცია, ოციათასკაციანი დემონსტრაცია მოაწყვეს მოთხოვნით, რომ ფინეთი რუსეთს არ გამოყოფოდა, დახვრიტა ოცი ათასი ფინელი. დღეს იმ სკვერში დგას მანეჰეიმის ძეგლი და არა იმ ოცი ათასი დემონსტრანტისა
- ის, რომ დასავლეთის ქვეყნებმა საქართველოს მაპის პროგრამაზე უარი უთხრეს, თქვენი აზრით, 7 ნოემბერს დემონსტრანტების დარბევას არ უკავშირდებოდა?

- მიზეზი ეს არ ყოფილა. მიზეზი ის იყო, რომ რუსეთმა შეძლო გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის გადაბირება. რუსეთის არაერთი ექსპერტი უკვე აქვეყნებს მოსაზრებას, რომ შედგა რუსეთ-გერმანიის ევროპული ნათლობა, რაც საკმაოდ სერიოზული და სახიფათო საკითხია დანარჩენი ქვეყნებისთვის. თავად ევროპა დგას გამოწვევების წინაშე.
ევროკავშირის ეკონომიკურმა წარმატებამ მითოლოგიური ხასიათი მიიღო უძლეველობისა, სინამდვილეში ასე არ არის. გაირკვა, რომ ნატოს არსებობის მიუხედავად, ევროპას არ აღმოაჩნდა ენერგომომარაგების სისტემების ერთიანი სტრატეგია და უსაფრთხოების სისტემა. ამით რუსეთმა ისარგებლა და წამოაგო ამ ანკესზე გერმანია, რომელსაც თვითონ სურს იყოს ევროპაში აირის გამანაწილებელი.
- ჩრდილოეთის ნაკადის რეალიზება აქტუალური გახდა და რუსეთი ამის რეალიზებას იწყებს...

- დიახ. საგანთა ლოგიკის თვალსაზრისით, ისტორიული განვითარების კანონზომიერებას ვგულისხმობ, ლოგიკაში საგანი არის ინტერპრეტაცია, რომელსაც ჩვენ ვაძლევთ საგანთა ლოგიკას. გალაკტიონს აქვს ლექსში „ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი“ ერთი ფრაზა: „ო, როგორ გაცუდდა ციურთა თანადი, ოცნება, ნახაზი საგანთა უარით, რომელსაც აზიის ცით გადავუარე“. არც ერთ ქართველ ისტორიკოსს ამ კუთხით არ დაუნახავს საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობით გამოწვეული ტრაგიზმი, დამოუკიდებლობა, რომელსაც, როგორც ოცნებას, ეწინააღმდეგება საგანთა ლოგიკა.

რუსეთმა, მიუხედავად ევროპაზე ასეთი ზეწოლისა, ვერ შეძლო მსოფლიოსგან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება. თვითონ რუსეთი დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე. რუსეთმა ვერ მიაღწია იმას, რომ მისი გავლენის ქვეშ მყოფმა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებმა აღიარონ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

ოსეთის მიმართ რუსეთი აღმოჩნდა კომიკურ მდგომარეობაში. ბელარუსის პარლამენტმა რუსეთს მაშინ ჩრდილოეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა სთხოვა. საკმარისია რუსეთმა ცნოს ჩრდილოეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, მაშინ სხვა რესპუბლიკებიც მოითხოვენ დამოუკიდებლობას ჩრდილოეთ კავკასიაში. გული მწყდება, რომ არ მოხდა აგვისტოს ომის ინტელექტუალურად ადეკვატური შეფასება საზოგადოებაში. არ მოხდა სამხედრო ოპერაციის შეფასება, რომელიც საქართველოს მთავარსარდლობამ 7 და 8 აგვისტოს განახორციელა, როცა საშინელი დარტყმა მიაყენა რუსეთის 58-ე არმიას.

მე ვთქვი, რომ საქართველო იგებდა ბრძოლებს, მაგრამ აგებდა ომებს. აგვისტოში ჩვენ წავაგეთ ბრძოლა, მაგრამ მივიღეთ ომის მოსაგები პოზიცია. დაასახელონ ჩემმა ოპონენტებმა მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეში დროის ის მონაკვეთი, როცა საქართველოს ჰქონდა ისეთი საერთაშორისო მხარდაჭერა, როგორიც აქვს დღეს. პირველი, რამაც განაპირობა ეს, გახლავთ რუსეთ-საქართველოს ომის სწორად განსაზღვრული ტაქტიკა, რუსეთთთან ომი მცირემიწიანმა საქართველომ თავის ტერიტორიაზე არ უნდა აწარმოოს. ეს გახლავთ 1801-დან 1842 წლამდე რუსეთთან წარმოებული ომების გამოცდილებიდან გამომდინარე, ყველა აჯანყება დამთავრდა საქართველოს დამარცხებით და რუსეთის პოზიციების გაძლიერებით კავკასიაში.

ყველა აჯანყება ინდოეთისა ინგლისის წინააღმდეგ დამთავრდა ინდოეთის დამარცხებით და ინგლისის პოზიციების გაძლიერებით. ეს გაგრძელდა განდის მოსვლამდე. გრიგოლ და დიმიტრი ორბელიანები მონაწილეობდნენ გურიის აჯანყების ჩახშობაში და ნიკოლოზ ბარათაშვილი წერს გრიგოლ ორბელიანს „უაზრო მსხვერპლი მოაქვს შეთქმასაო“. ბარათაშვილი 1842 წელს წერს დაშიფრულ ტექსტს, კრიპტოგრამას, „საფლავი მეფის ირაკლისა“ როგორ უნდა გაითავისუფლოს საქართველომ თავი რუსეთისგან, გეოფილოსოფიის პოსტულატებია ამ კრიპტოგრამაში, ეს არის ტერიტორიზაცია, დეტერიტორიზაცია და რეტერიტორიზაცია.

დეტერიტორიზაცია ნიშნავს შენი პრობლემების გადასვლას შენი საზღვრის იქით, რეტერიტორიზაცია ნიშნავს ამ გზით ტერიტორიის აღდგენას. ბარათაშვილის ტექსტი იკითხება კონტექსტში, 1842 წელს ბრუნდებიან გადასახლებიდან 1832 წლის შეთქმულების მონაწილენი, ,,ჟამ ვითარებით გადახვეწილ შენ შვილთ მიდამო, მოაქვთ მამულში განათლება და ხმა საამო, მათი ცხოველი, ტრფიალებით აღსავსე სული უდნობს ყინულსა ჩრდილოეთსა განცეცხლებული, და მუნით ზიდვენ ამა თესლსა მშობელ ქვეყანას, მხურვალედ ცისქვეშ მოსამკელად ერთი ათასად“.

სკოლაში ამ ლექსს ასწავლიდნენ, როგორც შერიგებას რუსეთთან და სინამდვილეში ჩამოყალიბებულია აზრი, რომ მცირემიწიანმა საქართველომ თავის ტერიტორიაზე კი არ უნდა გაუმართოს ომი, არამედ უნდა მოახდინოს თავისი პრობლემის დეტერიტორიზაცია. ეს სტრიქონები პეტერბურგში წააკითხა ილია ჭავჭავაძეს ეკატერინე ჭავჭავაძემ.

1889 წელს გენიალური წინასწარმეტყველება მოჰყვა ამას ილიას წერილში „ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი“, სადაც ჩამოაყალიბა პოზიცია, რომ საქართველოს მომავალი სტრატეგიული პარტნიორი იქნება ამერიკა. სააკაშვილის სტრატეგიის გენიალობა იმაშია, რომ რუსეთთან ომი კი არ უნდა მოეგო, არამედ მოეგო რამდენიმე დღე. პეკინის ოლიმპიადა იხსნებოდა, სააკაშვილს სჭირდებოდა დროის მოგება, რომ მსოფლიოს ლიდერების ყურადღების ცენტრში მოექცია ეს პრობლემა. ეს დღეები დასჭირდა იმისათვის, რომ რუსული ტანკები არ შემოგრიალებულიყვნენ თბილისში, არ დათმო დედაქალაქი და აქ რუსეთს დაახვედრა ხუთი ქვეყნის პრეზიდენტი.

- მიუხედავად იმისა, რომ პუტინი დღეს საბჭოთა კავშირის აღდგენაზე ოცნებობს, საქართველოში მაინც არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მიდიან მასთან და სურთ საქართველო დააბრუნონ რუსულ სივრცეში. ეს რას ნიშნავს?

- კოლონიალიზმის ფსიქოლოგია ჩამოუყალიბდა ზოგიერთს, დამპრობელი შენზე ძლიერია, ეს იქცა ტრადიციად. ამის წინააღმდეგ ბრძოლაა საჭირო. აკაკი ასათიანი იყო მოსკოვში, ვიცნობ მას და მისგან არ ველი, რომ მადლობას ეტყვის რუსეთს იმის გამო, რაც რუსეთმა საქართველოში მოიმოქმედა. ქართველი ერი და ხელისუფლება დგას ორი საბედისწერო გამოწვევის წინაშე: რუსეთი - გარედან და კონტრელიტა - შიგნიდან, ოპოზიცია კი ჩანასახოვან ფაზაშია. საზოგადოებამ შესაძლოა არც იცის რა განსხვავებაა კონტრელიტასა და ოპოზიციას შორის. ქვეყანას მართავს შემოქმედებითი უმცირესობა, სახარებაში ამას ჰქვია „მარილნი სოფლისაი“.
ოპოზიცია დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელისუფლების კონკურენტია და ალტერნატიულ პროგრამებს სთავაზობს საზოგადოებას იმ გამოწვევებზე, რომელიც აქვს ხელისუფლებას. ოპოზიციას ასეთი ალტერნატიული პროექტები საჭირბოროტო საკითხებზე არ შეუთავაზებია საზოგადოებისთვის. ეს ოპოზიცია კი არა, კონტრელიტაა და მისი ამოცანაა სისტემის დანგრევა.

კომენტარი