კალაძე აჭერინებს

ხელისუფლებამ პოლიტიკური დაჭერების სერია განაახლა. რამდენიმე დღის წინ, იმის გამო რომ ქართულმა ოცნებამ გარდაბნის გამგებელი გახადოს კალაძის მეგობარი, გოჩა ჯამარაული, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, დავით კირკიტაძის ძმა, ირაკლი კირკიტაძე დაიჭირეს.

ოფიციალური ინფორმაციით, ირაკლი კირკიტაძეს ბრალად ედება ხულიგნობა. საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულია მოქმედი პოლიციელი.

მოქმედი პოლიციელები არიან ის მოწმეებიც, რომლის ჩვენებასაც პროკურატურა ეყრდნობა. ირაკლი კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დავით კირკიტაძის ძმის დაკავების რეალური მიზანი

28 იანვარს, გარდაბანში გამგებლის არჩევნებია. ხელისუფლებიდან, ამ თანამდებობაზე ვიცე-პრემიერის მეგობარი, გოჩა ჯამარაული იყრის კენჭს. ჯამარაული ცოტა ხნის წინ კალაძემ ოფიციალურად წარადგინა...

თუმცა, იმის გამო რომ ქართული ოცნების რეიტინგის ვარდნა ბოლო კვლევებმაც დაადასტურა, როგორც ჩანს, ვიცე-პრემიერმა კალაძემ, რომელიც ამ კონკრეტულ არჩევნებზე პარტიის მიმართ არის პასუხისმგებელი, პოლიტიკური რეპრესიებისა და კონკურენტების დაშინების გზა აირჩია.

ქართული ოცნებისგან განსხვავებით, გარდაბანში საკმაოდ კარგი პოზიციები აქვს ნაციონალურ მოძრაობას. რაიონში დღემდე ინარჩუნებს გავლენებს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, დავით კირკიტაძეც, რომელიც ამავე დროს, საარჩევნო შტაბის უფროსიცაა.

„ამიტომ, კახი კალაძემ, პოლიციის მაღალჩინოსნებთან შეთანხმებით წინასწარ დაგეგმა გარდაბნის საარჩევნო შტაბის უფროსის, დავით კირკიტაძის ძმის პროვოკაციაზე წამოგება, მისი დაპატიმრების მიზნით.

შეირჩა მოქმედი პოლიციელი, რომელსაც ირაკლი კირკიტაძე როგორმე უნდა გამოეწვია. ინციდენტი შედგა და კალაძისთვის სასურველი შედეგიც დადგა - მთავარი ოპოზიციური პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსის ოჯახის წევრი ციხეში აღმოჩნდა“ - აცხადებენ საარჩევნო შტაბში.

სასამართლოზე, სადაც ირაკლი კირკიტაძის აღკვეთის ღონისძიების საკითხი იხილებოდა, ბრალდებულმა ღიად განაცხადა რომ ის პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლია.

„მე დამიჭირეს იმის გამო რომ ხელისუფლებამ როგორმე მოახდინოს გავლენა გარდაბნის გამგებლის არჩევნებზე“, - თქვა მან და დეტალურად გაიხსენა ის პროვოკაცია, რომელიც მისი თქმით, მოქმედმა პოლიციელმა განახორციელა.

ხელისუფლებამ კატეგორიულად უარყო ირაკლი კირკიტაძის პოლიტიკური მოტივით დაპატიმრება, მიუხედავად იმისა რომ ყველა მოწმის ჩვენება, გარდა მოქმედი პოლიციელებისა, პროკურატურის ვერსიას, ინციდენტის თაობაზე, მკვეთრად ეწინააღმდეგება.

გარდაბნის გამგებლობის სახელისუფლებო კანდიდატმა, გოჩა ჯამარაულმა კი, რომლის გამარჯვების მიზნითაც ადამიანი დააპატიმრეს, კირკიტაძის დაკავებასა და არჩევნებს შორის კავშირი გამორიცხა.

მნიშვნელობა არ აქვს როგორ დასრულდება გამგებლის არჩევნები გარდაბანში. ბატონ ჯამარაულს ყოველთვის გაუხსენებენ იმას, რომ მის საარჩევნო კამპანიას კონკრეტული ადამიანის თავისუფლება შეეწირა.

უღირს თუ არა, ყოფილ ფეხბურთელს გამგებლის სკამი სხვა ადამიანის უბედურების ფასად, ეს მისი და მის უკან მდგომი კალაძის გადასაწყვეტია, რომლის მამამ, კარლო კალაძემ, სხვათაშორის, რამდენიმე ადამიანი დააჭერინა პოლიციას, პირადი მოტივებით (თუმცა, ამაზე მოგვიანებით)...

რაც შეეხება ვიცე პრემიერს, აღსანიშნავია რომ კახი კალაძისათვის ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მისი ახირების გამო კონკრეტულ ადამიანებს აპატიმრებენ.

მაგალითად, სულ ახლახანს, ფეხბურთის ფედერაციაში არჩევნები ჩატარდა. ძირითადი ბრძოლა, მის ფავორიტ კობიაშვილსა და რეზი არველაძის შორის მიდიოდა. ხმები იყოფოდა. იყო რეალური საფრთხე იმისა რომ კობიაშვილს, ე.ი. კალაძეს არჩევნები წაეგო. ამიტომაც, „მოულოდნელად“, არჩევნების დღეს, ხმის მისაცემად წასული ერთ-ერთი დელეგატი დააპატიმრეს, რომელიც ღიად აცხადებდა რომ მხარს არველაძეს უჭერდა.

საბოლოოდ კი, დაშინების, შანტაჟისა და დაპატიმრებების წყალობით, სახელისუფლებო კანდიდატმა გაიმარჯვა, ხოლო რეზი არველაძეს დამარცხება აღიარებინეს.

ასე რომ, თუ ვიცე-პრემიერის ან მისი მამის პირად, ჩრდილოვან ინტერესებს გადაკვეთთ, სიფრთხილე გამოიჩინეთ - კალაძე აჭერინებს.

კომენტარი