კრემლი საქართველოში „ნამესტნიკად“ კოტე გოგელიას აგზავნის

გოგელიას სახელს უკავშირდება ლილოსა და მუხიანის ნავთობბაზებზე არსებული საწვავის გაყიდვა. ეს იყო ის მარაგი, რომელიც ქვეყანას საგანგებო სიტუაციების დროს უნდა გამოეყენებინა.

ხმები იმის შესახებ, რომ რუსეთში მცხოვრები ქართველები მოუთმენლად ელოდებიან მოვლენათა სათავისოდ განვითარებას, უკვე ოფიციალურადაც დადასტურდა. რამდენიმე წუთის წინ, მოსკოვში მცხოვრებმა ბიზნესმენმა, კოტე გოგელიამ „მაესტროსთან“ სატელეფონო ჩართვაში დაადასტურა, რომ 25 მაისს თბილისში ჩამოსვლას აპირებს. სწორედ 25 მაისია მიჩნეული ე.წ. მრისხანების დღედ, რუსული პერფორმანსით. „26 მაისს აღლუმს ჩვენ ჩავიბარებთ“, – განაცხადა კოტე გოგელიამ იმ ტელევიზიის ეთერიდან, რომლის წილის მფლობელი ცოტა ხნის წინ თვითონ გახდა.

„პრესა.ჯი“ სულ ცოტა ხნის წინ წერდა კოტე გოგელიას ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლის სურვილის შესახებ, თუმცა, იმ დროს გოგელია ამას კატეგორიულად უარყოფდა. გოგელიას მიერ „მაესტროს“ წილის ფლობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას უარყოფდნენ ტელეკომპანია „მაესტროშიც“. გთავაზობთ 16 მაისს ჩვენს მიერ გამოქვეყნებული სტატიის ნაწილს, რომელიც უშუალოდ კოტე გოგელიას ეხება:

„ექსპერტთა აზრით, ის არც პირველი და სავარაუდოდ არც უკანასკნელი ბიზნესმენია, რომელთაც რუსეთში, პუტინის გარემოცვის ხელშეწყობით იშოვეს კაპიტალი. ამიტომ მას არჩევანი არ აქვს, ვისი დახმარებითაც იშოვა ფული, მისივე სურვილით უნდა დახარჯოს. ცხადია, რომ პუტინისა და მისი გარემოცვისთვის საძულველი საქართველოს ხელისუფლების დასამხობად, გოგელია ოპოზიციას დააფინანსებს.

ვინ არის კოტე გოგელია? კოტე გოგელიას ბოიგრაფიისა და საქმიანობის შესახებ ინტერნეტში არც თუ ბევრი ინფორმაცია მოიპოვება. შესაძლოა იმიტომ, რომ მას არასდროს ჰქონია ამბიცია, პრესისა და ტელევიზიის მეშვეობით, საზოგადოებასთან ხშირი ურთიერთობა ჰქონოდა. ამის მიუხედავად, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვინც მისი ბიოგრაფია, ბავშვობიდან, დღემდე შესანიშნავად იცის. ასეთი მეგობრები, კი მას ფორუმზე „სასიამოვნო“ სურპრიზებსაც ხშირად უწყობენ. მაგალითად იხსენებენ ფაქტებს, რომელიც ამ დრომდე გოგელიას შესახებ არ გახმაურებულა.

ის საქართველოდან, პირდაპირ რუსეთში წავიდა, სადაც კაპიტალის დაგროვებას შეუდგა. ქართველ ბიზნესმენთა რეიტინგში, 50 მილიონით, 55–ე ადგილზეა. ამჟამად ის მეუღლესთან - მაკა ასათიანთან ერთად შვეიცარიაში ცხოვრობს.

ერთი წლის წინ, ავსტრიის პოლიციამ ქართული მაფიის შესახებ ხმაურიანი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელსაც წინ უძღოდა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ერთდროულად ჩატარებული სპეცოპერაცია. სქელტანიანი ანგარიშის მცირე ფრაგმენტები მაშინ ერთ-ერთმა გერმანულმა გაზეთმა გაავრცელა, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ქართული მაფია 2009 წელს საქართველოს ხელისუფლების დასამხობად ფინანსური რესურსის მობილიზებას ახდენდა.

დასახელდა სამი გვარი – რუდიკო გოგუაძე, ლაშა შუშანაშვილი და იგორ გიორგაძე. დაკავებულთა შორის აღმოჩნდა 1990-იან წლებში საქართველოდან გაქცეული რუდიკო გოგუაძე, თუმცა მასთან კავშირში მყოფი რამდენიმე პირი სხვადასხვა გზით სასჯელს გადაურჩა. გადარჩენილთა შორის სახელდება სწორედ კოტე გოგელიაც, რომელსაც რუდიკო გოგუაძესთან საქმიანი ურთიერთობა, ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ჰქონდა.

ავსტრიის პოლიციის ანგარიშზე დაყრდნობით, „ვოლ სტრიტ ჟურნალი“ წერდა: დაჯგუფების წევრებმა იგორ გიორგაძეს გადასცეს 1 მილიონი დოლარი, რითაც დააფინანსეს საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა. 1 მილიონი დოლარის მოგროვება კი, ავსტრიის ფეშენებელურ რაიონში მდებარე რესტორან „ტიფლისის“ მეპატრონე, რუდიკო გოგუაძემ მოახერხა.

როგორც ირკვევა, გოგელიასა და გოგუაძეს შორის ურთიერთობა ჯერ კიდევ მხედრიონის დროს დაიწყო.

კოტე გოგელია ასპარეზზე გამოვიდა 1991 წლის შემოდგომაზე. ის იყო „მხედრიონის“ ყველაზე „ელიტარული“ და დაუნდობელი ნაწილის, „ვერის საძმოს“ წევრი. სწორედ ამ პერიდში წამოიწყო მან საქართველოში ნავთობის ბიზნესი.

გოგელიას სახელს უკავშირდება ლილოსა და მუხიანის ნავთობბაზებზე არსებული საწვავის გაყიდვა. ეს იყო ის მარაგი, რომელიც ქვეყანას საგანგებო სიტუაციების დროს უნდა გამოეყენებინა. გოგელია მიხვდა, რომ არავინ აპატიებდა სახელმწიფოს მიერ, დაგროვილი ნავთობის მარაგის გასხვისებას და ჯიბის გასქელებას. ამის გამო, ბიზნესის „გაპრავების“ მიზნით, კომპანია „ჯორჯიან ტრანზოილი“ დააარსა, რომლის პრეზიდენტიც „მხედრიონის“ დროს დამეგობრებული რუდიკო გოგუაძე იყო.

გოგელიას ფინანსურ კავშირებზე შქარო კალაშოვთან საუბრობს დასავლური პრესა. კალაშოვისა და გოგელიას მეგობრობა, ამ უკანასკნელის მოსკოვში ჩასვლის შემდეგ დაიწყო. სწორედ „ქურდული“ ლობის საშუალებით მოახერხა მან საკუთარი კაპიტალი 50 მილიონამდე შეევსო. ამის შემდეგ, დავალებებით დატვირთული გოგელია შვეიცარიაში გადავიდა.

ამჟამად ის ფლობს კომპანია „პროგერტას“, რომლის ტერმინალები ნოვოროსიისკში მდებარეობს. ასევე, ფლობს კომპანია „კომანდიტსერვისს“, რომელიც ქვანახშირის წარმოებითაა დაკავებული. გოგელიასა და მისი სიძის ზურაბ ფოცხვერიას (დის, ხათუნა გოგელიას მეუღლე) საკუთრებაშია რამდენიმე კაზინო რუსეთში. ფოცხვერია, თავის მხრივ, ცნობილი კანონიერი ქურდის, ტარიელ ფოცხვერიას ახლო ნათესავია.“

წყარო

კომენტარი