რა უფრო იოლია - მოერიო მიშას თუ მოერიო საკუთარ კოჭლ ამბიციებს?

წერეთელმა სხვა რამ დაგვიბარა, აი, ზვიად ძიძიგურმა კი სხვა რამ - კეკლუცობის დრო არააო. აბა რა, რა დროს კეკლუცობაა, ჟამია ამბიციების ყვავილობისა...
აგერ ბატონო, ზვიად ძიძიგურმა გამოგვიცხადა რომ მინდა თქვენი მერი ვიყოო. მაგანაც ემანდ თეთრი ოლარები არ ააფრიალოს. რა უფრო იოლია ქართულ პოლიტიკაში, მოერიო მიშას თუ მოერიო საკუთარ კოჭლ ამბიციებს?
ვეჭვობ, ქართულ ოპოზიციას მაზოხისტის ამპლუა ხიბლავს, მოსწონს როცა მარცხდება და მარცხდება. ძიძიგურმაც გადაწყვიტა კიდევ ერთხელ იგემოს მარცხი. ეტყობა კარგი გემო აქვს დამარცხებას. მის პრეზენტაციას კი თვით მისი კონკურენტი, მისებრ მერობის მოსურნე კობა დავითაშვილიც დაესწრო.
იღიმოდა, კიო კონკურენტები ვართ, მაგრამ ერთად ბრძოლის უფრო დიდი სტაჟი გვაქვსო. ეტყობა, მარტო პენსია კი არა, კონკურენტობაც სტაჟისა და ნამსახურების მიხედვითაა.
ამ პრინციპიდან გამომდინარე, მათთვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა ირაკლი ალასანიას მერობა და მათი კონკურენტობა. ალასანიას ხომ კობასთან და ზვიკოსთან ძმაკაცობის სტაჟი არ აქვს? აი, ალასანიას ალიანსელი ლევან ბერძენიშვილისთვის კი სრულიად მისაღებია პრაიმერის პრინციპი, მაგრამ ასევე სრულიად გაუგებარია რა ჯანდაბა უნდა გაარკვიოს ამ პრაიმერმა როცა კონკურენტების რეიტინგებს შორის უფსკურულია და ყველაფერი ისედაც ნათელია.
ალასანია, დავითაშვილი, ძიძიგური... მეოთხის ვინაობაც უკვე ცნობილია. გიორგი თარგამაძე იღრინება, მაგათთვის რომ გეკითხათ, სანამ სააკაშვილი იყო არც ერთ არჩევნებში არ აპირებდნენ მონაწილეობას და ახლა კანდიდატების წაყენებას გვასწრებენო.
თვითონ კი ახალ მანევრს მიმართავს, მერობის კანდიდატად, მენავთობე ბიჭი - გია ჭანტურია წააყენა. გია ჭანტურიას ამბიციების ყვავილობის ახალი ფაზა დაუდგა. ვეჭვობ ეს ყვავილობა ზოგიერთი მცენარის საშემოდგომო ყვავილობას არ ჰგავდეს. გია ჭანტურიას თავის დროზე საპრეზიდენტო ამბიციებიც კი ჰქონდა, მოთმინებით და ყოველგვარ ვარდ-ყვავილების ქნევის გარეშე ელოდა, როდის დასრულდებოდა მისი მამამზის - ედუარდ ამბროსოვიჩის პრეზიდენტობის ვადა და როდის გადააბარებდა ხავერდოვნად მას თავის სკამს. მაგრამ მიშას ვარდებმა და ხავერდმა იგი უსკამოდ დატოვა.
ის საერთოდ გაუჩინარდა პოლიტიკური კულისებიდან. კულისებიდან თორემ ის სცენაზე არც გამოსულა. ახლა გამოდის. უნდა რომ მერი იყოს. რატომღაც ბურგუნდიის ჰერცოგობა არ ხიბლავს.
გაჩეჩილაძეს კი ჯერაც ვერ გადაუწყვეტია არჩევნებში მიიღოს თუ არა მონაწილეობა, იმერ-იკენჭაოს თუ ნინოს ამოუდგეს გვერდში და ქვის სროლას მიჰყოს ხელი ქუჩიდან. ბურჯანაძე ახალ სპორტს უყრის საძირკველს - „ქვის სტყორცნას“. არად დაგიდევს მაცხოვრის შეგონებას რომ ქვის სროლისას ქვის მსროლელი უფრო უცოდველი რომ უნდა იყოს, ვიდრე ის ვისაც ესვრიან.
ბურჯანაძე იმ კახელივით იქცევა, თავის ვენახიდან ქვებს რომ ღობის იქით ისვრის და რომ ეტყვიან, დაიძახე მაინც კაცო, ვინმეს არ მოხვდესო და ისიც გაჯგიმული რომ იტყვის, იმან დაიძახოს ვისაც მოხვდებაო. მარგალიტებით ყელმოღერებულს მერობა არ იხიბლავს და ყველას ამუნათებს ვინც არჩევნებისკენ იწევს. მას მერობაც ეცოტავება და არჩევნებში კენჭაობაც. მას პრეზიდენტობა სწადია და დღევანდელი პრეზიდენტის ქვებით დამხობა.
არჩევნები არც ლეიბორისტებს უნდათ, ყველამ ბოიკოტი გამოვაცხადოთ და მიშა მარტო დავტოვოთო. მთელ მსოფლიოს დავანახვოთ ესო. ქართულ ოპოზიციას ქართული სენი სჭირს, სხვის დასანახად მოქმედებს და ცხოვრობს. და იმდენს ვერც ხვდებიან რომ იმ სხვას არ აღელვებს მათი პროტესტი. მიშას მარტო დატოვება უნდოდათ მაშინაც პარკლამენტში რომ არ შევიდნენ, ეგონათ სამყარო ძაძებით შეიმოსებოდა, მაგრამ ჭრელი არავის გაუხდია და არც მიშას გადაუღებია თბილისის აფერადებული ფასადები შავად.
ქართველებს სხვა სენიც გვჭირს, ცუდად გვაქვს გაგებული გიყვარდეს მტერი შენი. მტრის სიყვარული იმას არ ნიშნავს რომ შენი მტრის სუფრას თუ ნასუფრალს მიუჯდე, მითუმეტეს უთამადო მას და უმღერო მას. თან რაზე? იმ თბილისზე, რომლისკენაც მისი ჯარები სულ რაღაც ერთი წლის წინ იწევდნენ.
თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე, მანანა არჩვაძემ ზვიად გამსახურდიას მეგობარს, ცნობილ საოპერო მომღერალს, მაია თომაძეს სთხოვა ემღერა. მაია თომაძე შეურაცხყოფილი დარჩა და ამაყად უთხრა რომ ის ჩანგლის დაწკარუნებაზე არ მღეროდა.
მაია თომაძემ მეგობრის დაბადების დღეზე სიმღერა ითაკილა და ნუთო სხვა მომღერლებს უბრალოდ უბრალო დისკომფორტი მაინც არ ექმნებათ სხვა რომ ძღება და ისინი მღერიან? მითუმეტეს მაშინ როცა ის სხვა შენი მტერია, ქართველი ბიჭების სისხლით გამძღარი?
პუტინი საქართვალოში რუსული საქმის დამთავრებას პრიმაკოვს აბარებს.
ნანი ბრეგვაძეს კიდე უხარია, საქართველოს გაერთიანება უნდათ, ასე გვითხრეს, მთავარია, ამერიკული რაკეტები არ მოგვიშვიროთო. ამერიკული რაკეტების დრო არააო.
პუტინის ქვეტექსტი იმდენად ცხადია რომ ქვეტექსტი კი არა უკვე „ზეტექსტია“ - გვიმღერეთ, გველაქუცეთ, დაწექით, თქვენი „პოლნი პოროგრამით“ ხმარების დროაო.
ქართულ პოლიტიკაში ახალი ფაზა იწყება, პრიმაკოვი ღიად გამოდის არენაზე, ვნახოთ ვინ ღიად და ვინ კიდევ ფარულად - ჩაებმება მის ანტიქართულ ინტრიგებსა და ინოვაციურ სქემებში.
უკვე გამოჩდნენ კიდეც, ჯერ მხოლოდ მოსკოვში მცხოვრებთა სახით ის ტიპები, ვინც „იჯერებს“ და ცდილობს ჩვენც დაგვაჯეროს, რომ რუსეთს თურმე საქართველოს მთლიანობის დარღვევა არ სურდა და ახლა კი მისი კვლავ გაერთიანება სწადია.
კონფედერაციაც ახსენეს, ესეც, ისიც, არ ახსენეს მთავარი - რომ რუსეთს მთლიანი საქართველო უნდა თავის ლოგინში. ესაა კრემლის სქემა. და ამ სქემის ფარგლებში მოექცევა პრიმაკოვის ყველა ინოვაციური სქემაც.
აი, სოზარ სუბარს კი სულ სხვა ინოვაციური სქემები აღელვებს, ხელისუფლებამ არჩევნების გასაყალბებლად მზადება დაიყო, ინოვაციურ სქემებს ამუშავებენო, კუდის ყველა თანამშრომელს 20-20 კაცის თბილისში რეგისტრაცია დაავალესო. ინფორმაციები გვაქვს სხვადასხვა წყაროებიდანაო.
მაგას თუ უსმინე, მაგათ წყაროები კი არა, ჩანჩქერები აქვთ და მერე კიდენა სწყინთ როცა მათ შეფს სპეცმსასახურულ კარიერას უხსენებენ. თან ცოტა არ იყოს, ღიმილისმომგვრელია ნაომბუდსმენარის მიერ წყაროთა დაფარვის მეთოდი - საფრთხე შეექმნება იმათ სიცოცხლესო. ემანდ უფლებები არ შეელახოთ, თქვენს მიერ ხელისუფლებაში ჩანერგილ აგენტებს სოზაარ!!!
აი, ენდიაის ოფისში კი საარჩევნო კოდექსის თემაზე კონსენსუსი ვერა და ვერ შედგა. ალასანია ადრე 50 %-იან ბარიერს ითხოვდა, ახლა 5 % მოაკვნიტა და ჯიუტად ითხოვდა 45 %-იან ბარიერს, მაგრამ კონსენსუსი ვერ შედგა და მმართველმა პარტიამ ხელი ჩაიქნია, ასეთ შეხვედრებს აზრი არა აქვსო, ალასანია ხისტობსო.
აი, კოკო გამსახურდია ეს-ესაა შევიდა პარლამენტში და უკვე გამორბის. მიზეზი ისა რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების მიზეზების შემსწავლელი კომისია საგამოძიებო კომისია არაა და რეგლამენტის მიხედვით, კომისიის გამოძახებული პირები ვალდებულნი არ არიან გამოცხადდნენ კომისიაში, ჰოდა კოკო ითხოვს, კომისია საგამოძიებო გახდეს იქ გამოცხადება რომ სავალდებულო იყოსო.
კოკოს აცქა-ცუცქა იქით იყოს და საგამოძიებო კომისია რატომაც არ უნდა გახდეს? ამ ხელისუფლების ახალგარზობას ნამდვილად არ და ვერ მიუძღვით ბრალი გამსახურდიას სიკვდილში და რატომ უნდა იყოს დაინტერესებული ეს ხელისუფლება რომ სხვათა ნაკეთებ ბინძურ საქმეებს აფაროს ხელი? ისე, ისიც საინტერესოა საიდან განხორციელდა ის მუქარის ზარები კოკოს თანაშემწესთან? ამ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან? თუ მათგან ვისაც ლომის წვლილი მიუძღვის ზვიადის დამხობაში და ახლა სხვისი დამხობის ჟინითაა ატორღიალებული?
აი, ოპოზიციონერ მამუკა კაციტაძეს არჩევნები უნდა, დამხობის ისტერიას არაა აყოლილი, მაგრამ ხანდახან მაინც იაღლიშობს. ერთ-ერთ გაზეთს ინტერვიუ მისცა, რომ თქვეს ბატონო, მიშა ტირძნისელი ბალღების გათავისუფლებაზე ბაიდენს დაელაპარაკება, სადაა, რად არ უზვანოკებსო? იმ გაზეთმა, სანამ ეს ინტერვიუ გაშიფრა და დაბეჭდა, მიშა ბაიდენს დაელაპარაკა იმ ბავშვებზე....
კაციტაძეს რომ ჰკითხო, თურმე ჩვენს მიშას ანგელინა ბიცოლა - მერკელი აღარ იღებს და ძია სარკოზსაც ხელი ჩაუქნევია.
ბატონ მამუკას ავიწყდება ანგელინა ბიცოლას პრორუსულ-სუკური წარსული და ამიტომ, უპრიანია გავახსენოთ რომ ანგელინა ბიცოლა სიყრმიდანვე გატაცებული იყო რუსული ენით და კომკავშირით, მერე იმ ჰელმუტ კოლის ფავორიტი იყო, რომელიც ღიად იყო მხილებული რუსერთთან კავშირში, მერე ის მაინც დარჩა პოლიტ-ორბიტაზე და აღზევდა ისევ და ისევ რუსული მხარდაჭერის წყალობით და ახლა თუ აგვისტოს ომისას რაცხას ვითომ ფაცი-ცუცობდა, მხოლოდ იმიტომ რომ ღიად ომს ვერავინ დაუჭერდა მხარს და ყველას კარგად გვახსოვს რა მანევრებსაც მიმართავდა, ხან რას ამბობდა და ხან რას.
სარკოზის გააქტიურებას კი წინ ბუშის განცხადება უძღვოდა „მე ვაგზავნი სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისს პრეზიდენტ სარკოზთან...“. ნეტა რატომ ჩავიდა კონდოლიზა მაშინ სარკოზთან, ბანანის ჩირი ჩაუტანა?
არა, ლევან გაჩეჩილაძე ნამდვილად ამბობს ხოლმე სიმართლეს. თუნდაც ეს პირველ რიგში მასაც ეხებოდეს, ძიძიგურმა რომ გაიმერ-გაიმარიაჟა, გრეჩიხამ თქვა, მარტო ხელისუფლებაში კი არა, საქმე ოპოზიციაშიც ძაან ცუდადაა, ამბიციებზე ვერ ამაღლებულანო.
რა თქმა უნდა ეს თვითონ მასაც ეხება (მერე რა რომ ვერ გრძნობს), მაგრამ გრეჩიხა გარშემო მაინც ხედავს ამ შემთხვევაში სიმართლეს, სხვები არათუ საკუთარ თვალში ვერ ხედავენ დირეს, ვერც გარეთ ხედავენ, ისე გაბეცდნენ ლამის.


კომენტარი