პოსტრევოლუციურ ეგვიპტეს ფინანსურად გაუჭირდა

პოსტრევოლუციურ ეგვიპტეში ეკონომიკური კრიზისი დაიწყო. ახალ ხელისუფლებას ეკონომიკის კვლავ ფეხზე დასაყენებლად ფინანსების მოძიება გაუჭირდა. ამიტომ ცარიელი ბიუჯეტის შესავსებად სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას ცდილობს.

ამასობაში, ქვეყნის რევოლუციური მთავრობის ინიციატივით, შვეიცარიის ხელისუფლებამ ეგვიპტის იუსტიციის სამინისტროსთან ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის და მისი უახლოესი გარემოცვის ფინანსების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დაიწყო.

„ეგვიპტელი ხალხი მადლობას უხდის შვეიცარიის ხელისუფლებას, რომელმაც მუბარაქის ფინანსური ანგარიშების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო. ეს თანხა ეგვიპტელ ხალხის ეკუთვნის და მას უნდა დაუბრუნდეს“ – აცხადებენ კაიროში, ხელისუფლების წარმომადგენლები.

თავის მხრივ, შვეიცარიის ხელისუფლება ირწმუნება, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს იმ თანხის შენახვას, რომელიც დანაშაულებრივი გზითაა ნაშოვნი. თუ დადასტურდება, რომ ეს ნამდვილად ასეა, შვეიცარია მასზე უარს იტყვის. თუმცა, ამ დადასტურებას ეგვიპტელები, ჯერჯერობით, ვერ ეღირსნენ.

ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ღრმა ეკონომიკური კრიზისი დაიწყო, რაც ბიუჯეტის მკვეთრმა შემცირებამ გამოიწვია. ქარხნების მხოლოდ 20 პროცენტი მუშაობს, ტურისტული სექტორის აქტიურობამ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია სათანადო მაჩვენებელს.

მნიშვნელოვნად შემცირდა უცხოური ინვესტიციები. თებერვლიდან დაწყებული დღემდე ეგვიპტემ 36 მილიარდი დოლარის რეზერვები დახარჯა, რომელიც მუბარაქის მმართველობის დროს ყოველწიურად იზრდებოდა.

ამ სიტუაციაში, ახალ ხელისუფლებას ფინანსების დიდი პრობლემა აქვს და მის მოგვარებას ყოფილი მაღალჩინოსნების ქონებით ცდილობს. თავის ერთადერთ გამოსვლაში გადადგომის შემდეგ, მუბარაქმა კატეგორიულად უარყო ის ფაქტი, რომ უცხოეთში მრავალმილიარდიან ანგარიშებს ფლობს. ეგვიპტეში კი არსებული მდგომარეობით უკმაყოფილო ხალხის რაოდენობა იზრდება.

კომენტარი