სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

“გული მიკვდება - რა ხელში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა!"

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი მიიჩნევს, რომ პრემიერმინისტრი და უმრავლესობა ქართველ ხალხს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების პროცესში იტყუებს.

ამის სესახებ პარლამენტის წევრი "ფეისბუქში" წერს. ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, თუ მათ ქართველი ხალხი უფლებას მისცემს, ისინი მზად არიან, საქართველოს ნაწილ-ნაწილ დაქუცმაცებას მოაწერონ ხელი:

ჩიორა თაქთაქიშვილი:

"დღეს პირველი მოსმენით გაბედეს და გამოიტანენ პარლამენტში განსახილველად "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონს.

ამ კანონის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ექნება 2 ტიპის საზღვარი _ ერთი, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის საზღვარი, რომლის დარღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაუჯდება 400 ლარი და მეორე _ საქართველოს დანარჩენ რეგიონებსა და რუსეთს შორის საზღვარი, რომლის დარღვევა სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.

ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი, ზაქარეიშვილი, ხიდაშელი, ძმები ბერძენიშვილები ბედავენ, რომ ქართველი ხალხი არჩევნების შემდგომი ეიფორიის ფონზე შეიტყუონ აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობის აღიარების შეუქცევად პროცესში. ამ ხალხისგან ეს გასაკვირი არ არის! ეს ხელისუფლება რუსეთიდან იმიტომ გამოგვიგზავნეს სწორედ, რომ ეს მთავარი დავალება შეასრულონ: გაანადგურონ ახალშექმნილი ქართული ჯარი; ძირი გამოუთხარონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის ფუნდამენტებს; უარი თქვან აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიებად მოხსენებაზე; გააუქმონ ჟენევის ფორმატზე, ერთადერთ წარმატებულ ფორმატზე საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველო-რუსეთი, როგორც სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან სხედან საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით; საერთაშორისო საზოგადოებას, როგორც საქართველოს სახელმწიფოს პოზიცია, წარუდგინონ ის, რომ საქართველომ დაიწყო ომი, რომ რუსეთის ჯარი ლეგიტიმურად არის აფხაზეთში, რომ ნამდვილად, ქართველებმა მოუწყვეს გენოციდი აფხაზებს და მძინარე ცხინვალში მყოფ ოსებს; საბოლოო ჯამში, თუ ამის უფლებას მისცემს ქართველი ხალხი, ხელი მოაწერონ საქართველოს ნაწილ-ნაწილ დაქუცმაცებას.

აი, ამას ნიშნავს დღეს პარლამენტის მიერ, ოკუპირებული ტერიტორიების კანონში პირველი და შეუქცევადი ცვლილებების შეტანა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და რუსეთს, ცხინვალის რეგიონსა და რუსეთს შორის აღარ იარსებებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი!

ეს არ იქნება მხოლოდ ამ მთავრობის პასუხისმგებლობა, ამ გადაწყვეტილების შედეგებს ჩვენი მომავალი თაობები ზღავენ.
გული მიკვდება - რა ხელში ჩავარდა ჩვენი ქვეყანა!"

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100