სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ირაკლი ალასანია - საქართველო უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში

თავდაცვის დოქტრინა და ანალიზი მიანიშნებს, რომ საქართველო უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ კუთხით მუდმივად მოწმდება, როგორც შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა, ისე იდგმება კონკრეტული ნაბიჯები.
"ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენი სადაზვერვო მონაცემებით, პრაქტიკულად ვითარება არ შეცვლილა. ვიტყოდი, მძიმდება იმით, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში დამატებითი საფორტიფიკაციო და საიერიშო ნაგებობები და ბაზები ჩნდება, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში. აქედან გამომდინარე, თავდაცვის მთელი დოქტრინა და ანალიზი მიანიშნებს, რომ საქართველო უნდა იყოს მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში. ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორც სტრუქტურული რეფორმების და სამოქალაქო კონტროლის განხორციელება, ასევე, პირველ რიგში ის, რომ მუდმივ შეარაღებულ მზადყოფნაში გვყავდეს ჩვენი შეიარაღებული ძალები. მუდმივად ვამოწმებთ საბრძოლო მზადყოფნას და ვდგამთ ამ კუთხით კონკრეტულ ნაბიჯებსაც, რომელიც თუ აუცილებლობა გაჩნდება და შეკითხვები იარსებებს, უფრო დეტალურად შეიძლება აგიხსნათ დახურულ ფორმატში", - განაცხადა ალასანიამ, თუმცა იქვე დასძინა, რომ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობების აღდგენის თაობაზე დაწყებულმა მოლაპარაკებებმა სამხედრო მოქმედებების განახლების შესაძლებლობა უფრო შეამცირა.
ამასთან, ალასანიას თქმით, საფრთხედ რჩება დაგეგმილი ოლიმპიადის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის პოტენციური საფრთხე.
"აქედან გამომდინარე, შსს-სთან ერთად გვაქვს ძლიერი კომპლექტური ურთიერთქმედება, რომ ყველა მოსალოდნელი საფრთხე საქართველოს ტერიტორიაზე და მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაქსიმალურად იყოს გათვლილი და ჩავერთოთ საფრთხის პრევენციაში რეგიონის ქვეყნებთან", - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100