„დავითაშვილი და "რესპუბლიკელები" ივანიშვილის არა პარტნიორები, არამედ მოსამსახურეები გახდნენ"
დავითაშვილი და "რესპუბლიკელები" ბიძინა ივანიშვილის არა პარტნიორები, არამედ მოსამსახურეები გახდნენ. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა, "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ჟუნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
"ჩვენ ვნახეთ როგორ გადასცემდნენ მილიონებს ცალკეული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს, მათ შორის დავითაშვილსა და "რესპუბლიკელებს". ისინი გახდნენ არა პარტნიორები ბიძინა ივანიშვილის, არამედ დაქირავებული მოსამსახურეები", – განაცხადა წიკლაურმა.
უმრავლესობის წარმომადგენელის თქმით, ის რომ ამ ადამიანებმა ეს თანხები ხელფასის სახით ერთი წლის წინსწრებით აიღეს, არასერიოზულია. ამიტომ ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ასეთმა რამემ არჩევნების პროცესს ხელი შეუშალოს.
წიკლაურმა "ქართული ოცნების" კურსზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ ძალასთან დაკავშირებით, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინები არ უნდა იყოს.
"მათ ჰქონდათ 3 თვეზე მეტი იმისათვის, რომ მკაფიოდ ჩამოეყალიბებინათ თავიანთი მიმართება, განესაზღვრათ პრიორიტეტები და კურსი. თუმცა მსოფლიო პრესა ამ დღეებში წერს, რომ მთავარი პრობლემა ამ პოლიტიკური გუნდისა არის სრული დეზორიენტაცია საგარეო პოლიტიკაში. როცა ასეთ რამეს შენზე 4 თვის თავზე ამბობენ, უნდა მიხვდე, რომ უღრან ტყეში ხარ", - აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.
მისივე თქმით, ამ დროისთვის მაინცდამაინც არ იკვეთება ბილიკები, რომელთა მეშვეობითაც "ქართული ოცნება" ამ ტყიდან გამოწვევას შეძლებს.
კომენტარი