"დუბინკით გაუპატიურებით და მანქანაში გაზის კაფსულების შემოგდებით გვემუქრებოდნენ" - უმძიმესი ჩვენება სასამართლოში
სანქცირებულმა მოსამართლემ ლელა მილდენბერგერმა, სასტიკად ნაცემი აქტივისტი სამართალდამრღვევად ცნო და გიორგი ჩუტკერაშვილი ორი ათას ლარით დააჯარიმა.
დღეს ჩუტკერაშვილმა ნიღბიანი სპეცრაზმელები სასტიკ ძალადობასა და დუბინკით გაუპატიურებით მუქარაში ამხილა. აქტივისტმა სხდომათა დარბაზში გაიხსენა, რომ დაკავების შემდეგ მას სასტიკად გაუწორდნენ, ძირს დააგდეს, ათრიეს, ტანსაცმელი გახადეს, ნივთები მოპარეს, შემდეგ კი აიძულებდნენ ეთქვა ის, რაც საერთოდ არ მომხდარა.
გვემუქრებოდნენ მანქანაში გაზის კაფუსლების შემოგდებით - გაიხსენა მამაკაცმა.
გზაში ერთ-ერთი პოლიციელი მხდის ბოტასს და თან მეუბნება, რა კარგი ბოტასი გაცვიაო, ასევე ქურთუკიც მოეწონათ, ქურთუკიც გამხადეს, ასევე ჩანთაც წაიღეს. შემდეგ შეაგდეს ფურგონში და დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში დაახლოებით 20 კაცი მცემდა. დარტყმა მოდიოდა თავის და ზურგის არეში. იყო იარაღით მუქარა, მეუბნებოდნენ, რომ ტვინს გაგასხმევინებთო, მთხოვდნენ ჩემს ტელეფონს. შემდეგ ერთ-ერთმა თქვა, გაზის კაფსულას შემოგიგდებთ და სულ ამოგხდითო. შემდეგ მითხრეს, რომ მეორე ბოტასიც გამხადა, გახდის პროცესში თან წიხლებს მირტყამდნენ. იყო ღვიძლის არეში დარტყმა, რამამ მომცა სპაზმები. წამებას ჰქონდა ადგილი, შემდგე შემოაგდეს მეორე ადამიანი, იმასაც საერთოდ ჩაულეწეს კბილები, სახეში ურტყეს. შემდეგ შემოიყვანეს მესამე კაცი, რომელსაც დუბინკით ემუქრებოდნენ, აი ამ დუბინკით ღირსებას აგყრითო.
დილის 5 საათზე გადამაგდეს მანქანიდან წინდებით, უკვე წვიმაც იყო, პლუს ძალიან ციოდა, არ მაცვია ქურთუკი და მეუბნებიან, ახლა გადაგიყვანთ პატრულის მანქანაშიო, სადაც ბატონი ვაჟა სირაძე დამხვდა მანქანაში. მე იქ უბრალოდ წიხლებით შემაგდეს, ვაჟა მანქანაში მარტო სახელს და პირად ნომერს მეკითხებოდა, თვალსაც ვერ მისწორებდა ისეთი ნაცემი ვიყავი. ოქმზე რომ მითხრეს ხელი მოაწერეო, იქ ეწერა, რომ დაზიანებები მივიღე დაკავების დროს, თუმცა მე ამ ოქმს ხელი არ მოვაწერე, რადგან დაკავებისას დაზიანებები არ მიმიღია", - განაცხადა ჩუტკერაშვილმა.
დღევანდელ პროცესზე იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა ტავისი პოზიცია დააფიქსირა და თქვა, რომ რაც ჩუტკერაშვილმა მოყვა, არაადამიანური მოპყრობა და ნამდვილად დასაგმობი. მან საგამოძებოს მოუწოდა, რომ ფაქტები გამოიძიოს, თუმცა ამის მიუხედავად აქტივისტი, მაინც სამართალდამრღვევად გამოაცხადა.
აქტივისტის წინააღმდეგ დღეს ჩვენება მისცა ორმა მოწმე პოლიციელმა. სამართალდამცველები ამტკიცებდნენ, რომ გიორგი ჩუტკერაშვილი იგინებოდა, ილანძღებოდა და მათ კანონიერ მოთხოვნას არ ემორჩილებოდა.
ასევე ნახეთ:
აქტივისტს, რომელიც სპეცრაზმმა სასტიკად სცემა, მხედველობა დაუქვეითდა
აღსანიშნავია, რომ ჩუტკერაშვილმა სპეცრაზმელების სისასტიკეზე მედიასთან, 3 დეკემბერს კლინიკიდან ჩართვისას ისაუბრა.
კომენტარი