სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კრიმინალური ბანდის წევრები, ვინც გუშინ მეტროში ხალხს სცემდა, მკვლელობით ემუქრებოდა, შსს-მ მხოლოდ ხულიგნობის მუხლით დააკავა

შსს ამ დრომდე არ ამბობს, ვინ არიან მოძალადე ნიღბიანები, რომლებიც გუშინ მეტროში ხალხს ფიზიკურად უსწორდებოდა, შემდეგ კი ძალადობა რუსთაველის გამზირზეც განაგრძო. უცნობია ისიც, იზოლატორში ჰყავთ ისინი გადაყვანილი თუ ხელწერილით გაათავისუფლეს.

ცნობილია, რომ საზოგადოების პროტესტის შემდეგ პოლიცია იძულებული გახდა, ე.წ. ზონდერები დაეკავებინა, თუმცა მხოლოდ ადმინისტრაციული წესით. არადა, კადრები, რომელიც მედიასა და სოციალურ ქსელში გავრცელდა, კარგად ისმის, რომ ნიღბიანებს ჰქონდათ განზრახვა, რომ აქციის მონაწილეების მკვლელობა უნდა მომხდარიყო.

"პირველებმა" მომხდარის თვითმხილველები ჩაწერა, რომლებიც ამბობენ, რომ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართეს, თუმცა მათ უთხრეს, რომ თუ რაიმე სამართალდარღვევა დაინახეს, ამის შესახებ განცხადება დაეწერათ.

მე იმ დროს მივედი უკვე, როცა ესენი აქეთ იგინებოდნენ და ქალები ეუბნებოდნენ, რატომ იგინებითო და მოვიდა პოლიცია. და პოლიციამ იმის მაგივრად, რომ გაეყვანა, დაუწყო ქვევით ჩაყვანა და გავეკიდეთ ჩვენც. გააცილა პოლიციამ, ფაქტობრივად და მერე ისმის ჩემი ხმაც, რომ გაიყვანეთ-მეთქი, ეგენი ეგრე იბორიალებენ მთელი საღამო, თან მეტროში ვიღაც სცემეს და „რა დააშავა, ქალბატონო, რომ გავიყვანოთო, განცხადება დაწერეთო“, - ამბობს თვითმხილველი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მუშაობენ, ამბობენ, რომ ის პროცესები, რომელიც მეტროში განვითარდა და პოლიციის ქმედებები, აჩვენებს, რომ ძალადობრივ ჯგუფებთან სახელმწიფო გარიგებულია.

ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ძალადობრივი ჯგუფები გამოყენებულია არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან. ისინი ასრულებენ მათ დავალებებს. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ინიციატივით გავიდნენ ქუჩაში და სურთ გარკვეული აზრის გამოხატვა. ისინი ძალადობრივ მეთოდებს იყენებენ მიზანმიმართულად იმ ადამიანების მიმართ, ვინც დგას აქციაზე, ვინც გადაადგილდება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. დარწმუნებული ვარ, მათ აქვთ კონკრეტული მითითებები კონკრეტულ ადამიანებთან მიმართებით , თუ ვის მიმართ უნდა ჩაიდინონ მსგავსი ძალადობა და ყველაფერი ეს კოორდინირებულია ხელისუფლების მხრიდან. სწორედ დაუსჯელობის სინდრომი განაპირობებს იმას, რომ ეს სითავხედე, რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ თბილისის მეტროში, რუსთაველის გამზირზე, უპრეცედენტო მასშტაბებს აღწევს, - ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

მოძალადე ჯგუფების წახალისება და დაუსჯელობა ოპოზიციაში არ უკვირთ. თვლიან, რომ "ქართული ოცნება" ახლა სწორედ ძალმომრეობაზე დგას.

სუს-ის "ნასედკების" იმედად რომაა დარჩენილი ივანიშვილი, ყველა ხვდება, რომ ეს არის ბოლო ჟამი და ყველას უნდა ესმოდეს, რომ ასეთი ბანდფორმირებები ნათლად აჩვენებს ხელისუფლების იმ სახეს, რომელიც, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. ჩამოშლილია სახელმწიფო ინსტიტუტები და ამიტომ ბანდფორმირებებს მისცეს შესაძლებლობა, უთხრეს, რომ ახლა დაერიეთ ხალხს, შეაშინეთ და აქვთ წარმოდგენა, რომ ქართველი ხალხი არის ცხვარი, შეშინდება, ჩვენი სამარკო ნიშანი თითქოს არის "ჩმორობა" და უნდა ესმოდეს მას, რომ ქართველი კაცი თავისი შინაარსით არის გმირი, თავისი შინაარსით აქვს მგლის ინსტინქტები და საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინსტინქტები გადაიყოლებს სწორედ ბიძინა ივანიშვილს, - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100