რუსული ავიაგამანადგურებელი Су-30 ხაბაროვსკთან ჩამოვარდა

მრავალფუნქციური რუსული ავიაგამანადგურებელი, Су-30 ხაბაროვსკის მხარეში ჩამოვარდა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, ეკიპაჟის წევრებმა კატაპულტირება მოასწრეს. ორივე მფრინავი გადარჩა, თუმცა, ერთმა დაზიანებები მიიღო.

გამანადგურებელი დღეს, დაახლოებით 10:30–ზე, ამურის კომსომოლკადან 130 კმ–ში, ჩრდილო–აღმოსავლეთით ჩამოვარდა. კატასტროფის დროს თვითმფრინავი, რომელიც ადგილობრივ საავიაციო ქარხანაშია დამზადებული, საცდელს ფრენას აწარმოებდა.

Су-30 გამანადგურებელთა ჯგუფური საომარი მოქმედებების მართვისთვისა და ცაში უპირატესობის მოპოვების უზრუნველყოფისთვისაა გამიზნული, რაც, პირველ რიგში, პილოტიანი თუ უპილოტო მფრინავი აპარატების აღმოჩენასა და განადგურებას გულისხმობს. ის ასევე გამოიყენება მიწისზედა ოპერაციების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჰაერო დაზვერვის წარმოებისთვის, მიწისზედა (წყალზედა) ობიექტებზე იერიშის მისატანად.

აღსანიშნავია, რომ Су-30 50 მილიონ დოლარადაა შეფასებული და მისი გაყიდვა უახლოეს მომავალში ერთ–ერთ ქვეყანაში იყო დაგეგმილი, თუმცა, რუსული სააგენტოს წყაროს არ დაუსახელებია ქვეყანა, რომელიც Су-30–ის ყიდვას აპირებდა.

კომენტარი