საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ს სანაპირო დაცვის აკადემიას ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში კონექტიკუტიში, სანაპირო დაცვის აკადემიას (United States Coast Guards Academy) ესტუმრა და აშშ-ში დაღუპული ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესარიონ (ბესო) გორჯოლაძის ხსოვნას პატივი მიაგო.

ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი აკადემიაში სამხედრო პატივით მიიღეს. ქვეყნის პირველ პირს აკადემიის ეზოში კადეტთა საპატიო ყარაული დახვდა. სტუმრის პატივსაცემად სანაპირო დაცვის აკადემიის ჰამილტონ-ჰოლის წინ საქართველოს დროშა აღმართეს, რის შემდეგაც გაისმა 21 სამხედრო ზალპი და აკადემიის სასულო ორკესტრმა საქართველოს ჰიმნი შეასრულა.

გიორგი მარგველაშვილს მასპინძლობა სასწავლებლის ხელმძღვანელმა კონტრადმირალმა ჯეიმს რენდონმა და აკადემიის ქართველმა კურსანტებმა პირადად გაუწიეს. მისალმების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები ქართველი სტუდენტების მასპინძელი ოჯახების წევრებს პირადად გაესაუბრნენ. კონტრადმირალმა რენდონმა მადლობა გადაუხადა საქარველოს პრეზიდენტს ვიზიტის გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად აკადემიაში სტუმრობისათვის. გიორგი მარგველაშვილმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა კონტრადმირალ რენდონს მასპინძლობისათვის და აღნიშნა, რომ საერთო ტრაგედიამ და ტკივილმა, ქართველი და ამერიკელი ხალხები უფრო მეტად დააახლოვა

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ჩვენი ქვეყნების მჭიდრო პარტნიორობა გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების სადარაჯოზე კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება. საქართველოს პრეზიდენტმა სანაპირო დაცვის აკადემიაში ვიზიტის ფარგლებში დაღუპული ქართველი კურსანტების სოსო მაკარიძისა და ბესო გორჯოლაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური კედელი მოინახულა. საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა აკადემიის კურსდამთავრებულთა დარბაზში შეკრებილ აკადემიურ პერსონალსა და კურსანტებს სიტყვით მიმართა.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, საოცრად ამაღელვებელია ის მეგობრობა, რომელითაც აქ ჩამოსულ ქართველ სტუდენტებს მათი თანაკურსელები ხვდებიან. ეს ნათლად ჩანს და დასტურდება იმ უდიდესი პატივისცემითაც, რომესაც კადეტები დაღუპული ქართველი თანაკურსანტების ხსოვნის უკვდავსაყოფად გამოხატავენ. საქართველოს პრეზიდენტმა კადეტებისადმი მიმართვაში რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევბის შესახებ ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება გლობალურ და რეგიონალურ კონტექსტში, შავი ზღვის სანაპირო საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, რუსეთის საგარეო პოლიტიკის შედეგად აფხაზეთსა და 2014 წელს უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ საქართველოს სანაპირო უსაფრთხოების სტაბილურობის უზრუნველყოფისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის უმაღლესი სასწავლებლების არსებობა.

ქართველმა კადეტებმა ელდარ საგანელიძემ, კონსტანტინე ყიფიანმა, ალექსანდრე წერეთელმა და ოფიცერ-კანდიდატმა თამთა ანთაძემ საქართველოს პრეზიდენტს სტუმრობისათვის მადლობა გადაუხადეს.

კომენტარი