სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟირინოვსკი: „დაიჭირეთ იდიოტი დიზაინერი, მის ფორმაში ჯარისკაცები იყინებიან!..“

რუსეთის სახელმწიფო დუმის ვიცე–სპიკერი და ქვეყნის ლიბერალ–დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი რუსი კუტურიეს, ვალენტინ იუდაშკინის სამართალში მიცემას ითხოვს, რომელმაც „რუსეთის ზამთრის არმიისთვის საზაფხულო ტანსაცმელი შექმნა“. როგორც "ლენტა.რუ" იუწყება, ამის შესახებ განცხადება ჟირინოვსკიმ დღეს სახელმწიფო დუმაში გამოსვლისას გააკეთა.

ჟირინოვსკი წუხს, რომ ჯარისკაცები ხშირად ცივდებიან და ამას დიზაინერის მიერ შექმნილ, არასათანადოდ თბილ ტანსაცმელს აბრალებს: „ესენი არ არიან, უბრალოდ, შემცივნული ჯარისკაცები – ბევრმა გაცივებისგან ტუბერკულოზიც კი აიკიდა“, – მრისხანებდა ვიცე–სპიკერი. მან ხაზი გაუსვა, რომ შექმნილი სიტუაციის გამო პასუხი უნდა აგოს არა თავდაცვის მინისტრმა, არამედ მათ, ვინც მინისტრს ურჩია, იუდაშკინის ტანსაცმელი ჯარისკაცებისთვის მოერგო.

დიზაინერის მხრიდან არასათანადო ტანსაცმლის შექმნის მიზეზად ჟირინოვსკიმ ის დაასახელა, რომ იუდაშკინი „ბიჭუნაა, რომელსაც არ უმსახურია ჯარში და რომელმაც არ იცის, რა არის რუსეთი. მან მხოლოდ მოსკოვი, სოჭი და ნიცა იცის“.

ჟირინოვსკიმ რუსი ჯარისკაცების შესამოსად ძველებური რუსული, ჯარისკაცული ქურქის გამოყენების რეკომენდაცია „გასცა“, რომელიც მინუს 38 გრადუს რუსულ ყინვას უძლებს, მერე კი იუდაშკინი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეადარა. მისი თქმით, ამ ორგანიზაციაში გაწევრიანება რუსებს იგივე დღეში ჩააგდებს, რადგან ევროპაში ყველაფერი ყალბია და „ევროპელები ქიმიურ პროდუქტს ჭამენ“.

„შეხედეთ ევროპელებს, რას ჰგვანან – გამხდრები, შეუხედავები, მახინჯები არიან და ისინი მხოლოდ ჩვენი ქალების, ჩვენი ბალეტის, ჩვენი ხელოვნების ხარჯზე ახერხებენ სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებას“, – თქვა ჟირინოვსკიმ.

ანატოლი იუდაშკინი ერთ–ერთია იმ მოდელთაგან, რომელსაც 2007 წელს თავდაცვის სამინისტრომ ახალი სამხედრო ფორმის დიზაინის შემუშავება დაავალა. რუსული სამხედრო გარდერობის განახლების ინიციატორი უშუალოდ თავდაცვის მინისტრი, ანატოლი სერდიუკოვი იყო. 2008 წლის იანვარში თავდაცვის უწყებამ გამოაცხადა, რომ ახალი სამხედრო ფორმის შემუშავების პროცესი დასრულდა. რუსული მედიის მონაცემებით, ახალი სამხედრო ფორმის მხოლოდ ნიმუშის შექმნაზე 170 მილიონი რუბლი დაიხარჯა.

რუსეთში ყოველწლიურად ათეულობით, ხშირ შემთხვევაში კი ასეულობით ახალწვეული ავადდება. მასობრივი სურდოს ბოლო შემთხვევა რუსულ ჯარში 2011 წლის 30 სექტემბერს, ვორონეჟის ოლქში დაფიქსირდა. იქ მდებარე გარნიზონიდან, სხვადასხვა მონაცემებით, ასიდან რვაას კაცამდეა ჰოსპიტალიზებული. სამხედრო ექიმები აცხადებენ, რომ დაავადება ახალწვეულთა დაბალი იმუნიტეტითაა გამოწვეული, მაგრამ მთავარი სამხედრო პროკურატურის მიერ ჩატარებული შემოწმების შემდეგ ამ უწყების ხელმძღვანელმა, სერგეი ფრიდინსკიმ განაცხადა: „ჩემთვის სულ ერთია, ვინ დაამზადა ახალი ფორმა, მაგრამ ფაქტია, რომ მასში ჯარისკაცები იყინებიან...“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100