პოლონეთში, რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს, მას ახლოდან ესროლეს

პოლონეთში, რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს, მას ახლოდან ესროლეს

პოლონეთის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ბიალა პოდლიასკაში, რუსი ოპოზიციონერი მხატვარი და სატირიკოსი სემიონ სკრეპეცკი მოკლეს. 44 წლის სკრეპეცკის 15 ივნისს დილის საათებში, ავტოსადგომზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.

ტელეარხ wPolsce24-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეიარაღებულმა პირმა მხატვარს ახლო მანძილიდან რამდენჯერმე ესროლა. მკვლელობის შემდეგ პოლიციამ გზები და ქალაქის გასასვლელები გადაკეტა, ხოლო სკოლა და საბავშვო ბაღი, სადაც სკრეპეცკის შვილები იმყოფებოდნენ, დაცვის ქვეშ აიყვანა. ამავე მედიის ცნობით, მკვლელობაში ეჭვმიტანილია, სავარაუდოდ, ორი პირი. ერთი ბელარუსის საკონსულოსთან ახლოს, ბიალა პოდლიასკაშივე დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ის ბელარუსის მოქალაქეა. მეორე ეჭვმიტანილს ეძებენ.

მკვლელობამდე 3 დღით ადრე, სკრეპეცკიმ ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან პუტინისა და სტალინის სატირული კარიკატურებით ერთკაციანი საპროტესტო აქცია გამართა.

სხვადასხვა დროს, მას დახატული აქვს პუტინის, კადიროვის, ლუკაშენკოს კარიკატურები. სკრეპეცკიმ რუსეთი 2021 წელს დატოვა და საჯაროდ დაწვა რუსული პასპორტი. მას შემდეგ ლტოლვილის სტატუსით პოლონეთში ცხოვრობდა. რუსეთმა ის „ექსტრემისტებისა და ტერორისტების“ სიაში შეიყვანა.