"ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისთვის"

"ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისთვის"

"1811 წელს რუსეთის იმპერატორის განკარგულებით ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა. ეს იყო უხეში დარღვევა საეკლესიო კანონიკის, მსოფლიო ეკლესიის შვიდი კრების კანონების და აი ასეთი ავტოკეფალიადაკარგული ეკლესია და დაობლებული განაგრძობდა თავის ცხოვრებას 106 წლის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ქართველი პატრიოტები არ წყვეტდნენ ბრძოლას ავტოკეფალიის აღდგენისთვის. რატომ იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები ასეთი შემართებით ჯერ ავტოკეფალიის მოპოვებისთვის, შემდეგ კი აღდგენისთვის - იმიტომ რომ ავტოკეფალიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერის სულიერ ცხოვრებაში. ავტოკეფალიის პირობებში ადგილობრივი ეკლესია სრულად იღებს პასუხისმგებლობას თავისი სამწყსოს სულიერ განათლებაზე და ავტოკეფალია განაპირობებს ღვთისმეტყველების, განათლების, მისიონერობის და ქადაგების წარმართვას და განვითარებას მშობლიურ ენაზე...

მართალია, 1917 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ ავტოკეფალიის აღდგენა, მაგრამ საჭირო იყო ამის ცნობა მსოფლიოს კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიების მიერ. ეს დიდი საქმე კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ითავა. მან მრავალწლიანი შრომით, თავისი დიდი ავტორიტეტით მიაღწია იმას, რომ 1990 წელს მართლმადიდებლობის ზეიმზე, კონსტანტინოპოლში მსოფლიო პატრიარქმა, მისმა ყოვლად უწმინდესობამ, დიმიტრიოს პირველმა საქართველოს ეკლესიას გადასცა ჩვენი ეკლესიის უძველესი დროიდან არსებული ავტოკეფალიისა და საპატრიარქო ტიტულის ცნობის, მტკიცების სიგელები. შეიძლება ითქვას, ჩვენმა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დააგვირგვინა ჩვენი წინაპრების შრომა და ბრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისთვის.

დღეს ჩვენ ვიმყოფებით სიონის წმინდა ტაძარში და დიდი მოწიწებით, მადლიერებით ვართ გამსჭვალულნი ჩვენი წმინდა პატრიარქების, წინაპრებისადმი, რომლებიც არ შეეგუენ, არ შეჰგუებიან ავტოკეფალიის დაკარგვას. თავიანთი თავგანწირვით, შრომით, დიდი ღვაწლის ფასად კვლავ დაუბრუნეს და აღუდგინეს ძველად არსებული ისტორიული ავტოკეფალია ჩვენს ქვეყანას, ეკლესიას. ესენი იყვნენ წმინდა კათოლიკოს-პატრიარქები, კირიონი, ამბროსი, კალისტრატე, ლეონიდე, ქრისტეფორე, მელქისედეკი, ეფრემი, სხვა სასულიერო და საერო პირები, მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე და სხვები. კათოლიკოს-პატრიარქები აქ, ამ წმინდა ტაძარში განისვენებენ და მათ გვერდით უკვე სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა მათმა ღირსეულმა მემკვიდრემ, მათი საქმეების გამგრძელებელმა, კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. როგორც სახარებაშია ნათქვამი, ყველანი ვხედავთ, რომ ესრე ბრწყინავენ საქმენი მისნი წინაშე კაცთა, რომ ჩვენ ვადიდებთ მამასა ჩვენსა ზეცათას.

ეს დღეები უმძიმესია ჩვენთვის. ამავე დროს, ვიცით, რომ წმინდა, მართალი ადამიანი როდესაც გარდაიცვლება, ამას თან სდევს სულიერი ნუგეშიც და სიხარულიც. ველოდებოდით, როგორ გამოვლინდებოდა ეს. ჩვენ მომსწრენი გავხდით ნამდვილი სასწაულის, მთელი საქართველო ფეხზე ადგა და დაიძრა მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის ნეშტისკენ თაყვანისცემის, მადლიერების, სიყვარულის გამოსახატად. იყო საოცარი ერთიანობა, სიყვარული ღვთისადმი და პირადად მისდამი. მასში ხომ ეკლესიას, ღმერთს განადიდებს ჩვენი ერი, ღმერთს უხდის მადლობას. ეს გამოვლენილი სიყვარული და ერთიანობა გვაძლევს დიდ სულიერ ძალას, ნუგეშს, რომ გადაგვეტანა ურთულესი დღეები. ასევე გვაძლევს დიდ იმედს, რომ ღვთის შეწევნით შევძლებთ, შევინარჩუნოთ ის დიდი ღირებულებები, რაც ჩვენამდე მოიტანეს ჩვენმა დიდმა პატრიარქებმა, წინაპრებმა, მათ შორის რაც სრულიად კათოლიკოს-პატრიარქმა ილიამ გვიანდერძა.

ეს არის ჭეშმარიტი რწმენა ღვთისა, ერთგულება სამშობლოსი, სიყვარული ადამიანისა. ამას თუ შევინარჩუნებთ, ამისთვის თუ ვიბრძოლებთ და ვიშრომებთ, უფალი აუცილებლად შეგვეწევა, შეგვაძლებინებს შენარჩუნებას როგორც ჩვენი საეკლესიო ავტოკეფალიის, ასევე ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის, შეგვაძლებინებს ქვეყნის გამთლიანებასა და გაძლიერებას. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ღმერთმა დალოცოს, მოიხსენოს, შეიწყალოს და აცხონოს სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უკვდავი სული. ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს საქართველო“ - განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა სიონის ტაძარში.