კაცი, რომელმაც ხმები წაგართვათ, ყველაფრის მკადრებელია... ახლა საჭიროა სიმტკიცე და ბოლომდე მიწოლა- სააკაშვილი
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სადაც საპროტესტო აქციებსა და ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა.
სააკაშვილის თქმით, ქვეყანაში თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მთავრობაა.
“კაცი, რომელმაც ეს ამბავი ჩაიდინა და ხმები წაგართვათ, ყველაფრის მკადრებელია, თითოეული თქვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია“, - თქვა სააკაშვილმა სასამართლო0 პროცესზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, “ხალხსა და ქვეყნის თავისუფლებას და გადარჩენას შორის არის 4000 „რობოკოპი“ და სპეცრაზმი.“
მივესალმები გაძარცვულ საქართველოს, საქართველო მთლიანად გაიძარცვა. არ არსებობს იმაზე ძვირფასი უფლება, ვიდრე ხმის მიცემის უფლება, არჩევანის თავისუფლება. ხალხი დილით ადრე ადგა, წავიდა რეგიონში ხმის მისაცემად. ვიხილე ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვიდნენ, რათა ხმა მიეცათ. საღამოს გამოუცხადეს, რომ (არჩევნები) მოპარულია, დატოვეს ცარიელ-ტარიელი. ეს არის სიტუაცია, რომელიც მივიღეთ. საქართველო არის მთლიანად გაძარცვული, მაფიოზური კლანის ხელშია. მაფიოზური კლანი მასამართლებს მე, ქართული სახელმწიფოს შემქმნელს. ამაზე უფრო დიდი უსამართლობაა დღევანდელი საქმე, რომელიც ეხება ქვეყანაში უკანონოდ დაბრუნებას, ეს ყველა საზღვარს ცდება.
ვფიქრობ, ისტორიული პასუხისმგებლობა აქვს ყველას, ვისაც შეეძლო ჩემი უსამართლო პატიმრობის დასრულება და ეს არ გააკეთა. სიტუაცია მარტივია, ქვეყანა წაგვართვეს. ახლა აღარ არის დრო პარტიული უთანხმოებების, ჩვენ გავაგრძელებთ წინააღმდეგობას, ან შევწყვეტთ და საქართველო, როგორც ქვეყანა არსებობას შეწყვეტს.
ხვალ არის „ვარდების რევოლუციის“ 21-ე წლისთავი. „ვარდების რევოლუციის“ დროსაც ასე მოიპარეს არჩევნები. ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ არჩევნებს მოიპარავდნენ და მოვემზადეთ. ჩვენსა და ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს გადარჩენას შორის არის 4000 „რობოკოპი“ და სპეცრაზმი. ხალხო, გავიაზროთ, ჩვენსა და ჩვენს მომავალს შორის არის 4000 „რობოკოპი“. ჩვენ ხომ ბევრად მეტნი ვართ, ამიტომ უნდა შევწყვიტოთ „ბალერინკობის“ თამაში. „ტროტუარზე არ ავიდეთ“, „სკამზე არ ავიდეთ“... მუდმივად ვიმეორებთ „კანონის ფარგლებში“, რომელი კანონის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს?! რომელი კონსტიტუციის ფარგლებში, რომელიც აღარ არსებობს? რომელ მთავრობაზე საუბრობთ? ეს მთავრობა კი არ არის, თვითმარქვია, თვითგამოცხადებული მთავრობაა. სამართალდამცველები კი არა, ვითომ სამართალდამცველები არიან, სამართალდამრღვევები. ამიტომ მოვეშვათ ენის მოჩლექას, საჭიროა სიმტკიცე, მიწოლა. კაცი, რომელმაც ეს ამბავი ჩაიდინა და ხმები წაგართვათ, ყველაფრის მკადრებელია, თითოეული თქვენგანის სიცოცხლე საფრთხეშია“, - აღნიშნა სააკაშვილმა.
კომენტარი