მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავს ასე ეხმაურება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავსფეისბუქისპირად გვერდზე ეხმაურება:

„2008 წლის აგვისტოს დღეებში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო საქართველოში. ჯავშანტექნიკის სამი ათასი ერთეული შემოიჭრა საქართველოში. საერთო ჯამში, ოპერაციაში 80 ათასი სამხედრო მონაწილეობდა, ხოლო უკვე 8 აგვისტოს ჩვენ 200 თვითმფრინავი გვბომბავდა. ოპერაციის მიზანი თბილისის, ხელისუფლების დამხობა იყო, რათა წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი დაესრულებინათ და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაენადგურებინათ“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მისი თქმით, ძალები თანაბარი არ იყო, თუმცა „ქართული ჯარის გმირული წინააღმდეგობის წყალობით საქართველომ შეძლო მტრის შეკავება“.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე გარეთ გამოსულიყო, ეჩვენებინა ერთობა აგრესიის წინააღმდეგ, ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნების და უკრაინის ლიდერები ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავით საქართველოში ჩამოფრინდნენ და ქართველ ხალხს გვერდით დაუდგნენ. პუტინმა ვერ შეძლო თავისი სტრატეგიული მიზნების განხორციელება 2012 წლამდე, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა“, - განმარტავს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „ქედს იხრის ყველა ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის წინაშე“.

„ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ გავიმარჯვებთ“, - დასძინა მან.

კომენტარი