სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

უნიჭო სლოგანების ომი...

არჩევნებში გამარჯვების აუცილებელი „დეტალია“ კარგად მოფიქრებული, მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი სლოგანი, რომლითაც ქართული პოლიტიკური პარტიები სულაც არ არიან განებივრებულნი...
მოდით, თვალი გადავავლოთ და განვიხილოთ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიისა და კანდიდატის საარჩევნო სლოგანი - რას ჰპირდებიან არჩევნებში მონაწილე პარტიები ამომრჩევლებს და რატომ „გადაიტვირთა“ ქართული პოლიტიკური არენა უნიჭო, დემაგოგიური და არაფრისმთქმელი სლოგანებით?

„ალიანსისა“ და ირაკლი ალასანიას სლოგანი - „ჩვენ შევცვლით“ ჯერჯერობით ყველაზე ბუნდოვანი და ზოგადია. კი მაგრამ, რას შეცვლით ბატონო ირაკლი - ლოყაზე ხალს?

ალასანია ამომრჩეველს არ ეუბნება კონკრეტულად რას შეცვლის, როდის შეცვლის და რა მიმართულებით შეცვლის. იქნებ სულაც უარესობისკენ ცვლის სიტუაციას? ამიტომ, იგი, მხოლოდ „აკეცილი პერანგის სახელოთი“ და „ობამას პოზით“, ფონს ნამდვილად ვერ გავა...

ქართულ პოლიტიკურ ისტორიაში, ერთ-ერთი ყველაზე დემაგოგიური და სოციალისტური სლოგანი აქვთ გიორგი თარგამაძესა და მის „ქრისტიან-დემოკრატებს“ – „დენი 10 თეთრი, გაზი 5 თეთრი, წყალი უფასო“. ამ სლოგანით, ქრისტიან დემოკრატები და და მათი კანდიდატი - გია ჭანტურია ხაზს უსვავენ მემარცხენეობასა და ნოსტალგიას სოციალიზმისადმი.
თუმცა, ლეიბორისტთა იდეების მოპარვასა და პოპულიზმს ამომრჩეველთა რაღაც ნაწილის მიმხრობა ნამდვილად შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ჭანტურია-თარგამაძის „ფოჩიანი კანფეტები“ ისეთივე რეალურია, როგორც ერთ დროს, მოქალაქეთა კავშირის დაპირება - მილიონი სამუშაო ადგილის შექმნის შესახებ...

კურიოზულია სახალხო დემოკრატებისა და მათი კანდიდატის, ნიკა ივანიშვილის სლოგანიც - „თბილისი ჩემი სახლია“. რა შეიძლება ამოიკითხო ამომრჩეველმა ამ სლოგანში? კარგით, დავუშვათ და თბილისი მართლაც ივანიშვილის სახლია, მაგრამ რა გამოდის - ჩვენ, ყველა - მილიონზე მეტი ადამიანი ივანიშვილის სახლში ვცხოვრობთ?

კრიტიკას ვერ უძლებს „მრეწველთა“ კანდიდატის, გოგი თოფაძის დევიზიც - „მოვდივარ საქმით, გპირდებით საქმეს“. თუმცა, მათი სლოგანი აშკარად იმუშავებს დასაქმების მსურველ ამომრჩევლებზე, რადგან თოფაძე ის ადამიანია, ვინც საკმაოდ ბევრ სამუშაო ადგილებს ქმნის...

მიუხედავად ამისა, „მრეწველთა“ „შეტყობინება“ ამომრჩეველთა ნაწილმა შესაძლოა ისე გაიგოს, რომ „საქმე“, რომლითაც თოფაძე მოდის, და „საქმეს“, რომელსაც ის გვპირდება, სულ სხვა „საქმეა“ და მას არავითარი კავშირი არ აქვს პენსიონერებთან, პედაგოგებთან, მრავალშვილიან დედებთან, ხელმისაწვდომ ჯანდაცვასთან, ღირსეულ ცხოვრებასთან...

ცრუ გამარჯვებაზე ორიენტირებულია ე.წ. „ეროვნული საბჭოსა“ და მისი კანდიდატის, ზვიად ძიძიგურის სლოგანიც. ეროვნული საბჭოს სარეკლამო კლიპებიდან ჩანს, რომ ამ გაერთიანებამ „დიდი“ წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც „გაიმარჯვა“ - სტამბებიდან თავისი სარეკლამო პლაკატები და ბუკლეტების გამოტანა შეძლო. ეროვნული საბჭო „ცრუ“ გამარჯვებით, ამომრჩეველს ჰპირდება, რომ წინააღმდეგობას არ შეუშინდება. თუმცა, გაუგებარი რჩება - რატომ უნდა იქცეს ძიძიგურ-ნოღაიდელის გამარჯვება ამომრჩევლის გამარჯვებად?
ხელისუფლების სლოგანი კი, რომლითაც ის ამომრჩეველთა გულის მოგებას შეეცდება, ასე გამოიყურება - „ გასაკეთებელი კიდევ ბევრია“. ხელისუფლების მიზანია - გზების, ხიდებისა და სასტუმროების მშენებლობის, ქალაქებისა და სოფლების განახლების, პენსიის ზრდისა და სოციალურად დაუცველი ამომრჩევლისათვის განკუთვნილი დახმარების ფონზე, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ მას მართლაც ბევრი დარჩა გასაკეთებელი და მზადაა ეს მისია ბოლომდე შეასრულოს.

ამით, ხელისუფლება ამომრჩეველს აყენებს არჩევანის წინაშე - მან უნდა აირჩიოს ან დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა, ან მაგალითად, ის, რომ ალასანიამ რაღაც შეცვალოს, კიდევ ერთი შეუსრულებელი მისია დაეკისროს ქრისტიან დემოკრატებს, „თბილისი ივანიშვილის სახლი იყოს“, თოფაძემ აკეთოს „საქმე“, რომელიც შესაძლოა ამომრჩევლის „საქმეც“ არ იყოს, ხოლო ნოღაიდელ-ძიძიგურის დუეტმა ტყვეობიდან გაათავისუფლოს სტამბაში გამოკეტილი ბუკლეტი... ანუ, ამომრჩეველმა აირჩიოს ან განახლებული თბილისი, ბათუმი და ქუთაისი ან ბუნდოვანი და ზოგადი მომავალი...


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100