თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა

19-06-2025 Views 51

თბილისის ფოსტის ისტორიულ შენობაში მაღალი კლასის სასტუმრო „ტელეგრაფი“ განთავსების პირველი ობიექტია რეგიონში, რომელიც მსოფლიოში წამყვან სასტუმროების ორგანიზაციას - The Leading Hotels of The World-ს - შეუერთდა. პრესტიჟული ორგანიზაციის წევრობა საქართველოს სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას ნიშნავს.

პროექტი „სილქ დეველოპმენტმა“ განახორციელა, ჯამურმა ინვესტიციამ 65 მილიონი ევრო შეადგინა, საიდანაც თიბისის დაფინანსება 19 მილიონი ევრო იყო.

ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროს ერთი მხრივ, შენობის ძველი, ისტორიული იერსახე, მეორე მხრივ კი, ინტერიერის თანამედროვე დიზაინი გამოარჩევს: “ტელეგრაფი” სხვადასხვა კატეგორიის 239 ოთახს და 7 განსხვავებული კონცეფციის რესტორანსა და ჯაზკლუბს აერთიანებს; ასევე, მოიცავს საკონფერენციო სივრცეებსა და შეხვედრების ოთახებს. შენობის ზედა სართულზე გაიხსნება მსოფლიოში პირველი ბარი, რომელიც Rolling Stone-ის ბრენდირების ქვეშ იმუშავებს და სტუმრებს დედაქალაქის გამორჩეულ პანორამულ ხედებს შესთავაზებს.

პროექტის დიზაინზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არქიტექტურულმა კომპანიამ Neri&Hu იმუშავა, რომელსაც ისტორიული შენობების რეკონსტრუქციის უდიდესი გამოცდილება აქვს.

ხაზგასახმელია, რომ სტუმარ-მასპინძლობის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია და მშპ-ს დაახლოებით 7%-ს შეადგენს - სწორედ ამიტომ ტურიზმის ხელშეწყობა თიბისისთვის ერთ-ერთი მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2024 წლის მონაცემებით, ბანკის სასესხო პორტფელი ამ სექტორში 1.6 მილიარდ ლარს შეადგენს, 42%-მდე საბაზრო წილით კი თიბისი ბაზრის ლიდერია.

„თიბისი და „სილქ როუდ ჯგუფი“ უკვე 10 წელია სტრატეგიული პარტნიორები ვართ და საერთო ღირებულებებით ვავითარებთ ქვეყნის ეკონომიკას. მეამაყება, რომ კიდევ ერთი პროექტი წარმატებით განვახორციელეთ და თბილისში მაღალი კლასის სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა. საინტერესოა, რომ ორი წლის წინ თიბისიმ არქიტექტორ ლადო-ალექსი მესხიშვილის პროექტების გამოფენას უმასპინძლა, სადაც ფოსტის მაკეტიც იყო წარმოდგენილი, დღეს კი ამ შენობას თავისივე ისტორიული იერსახით სრულიად ახალი ფუნქცია მიენიჭა. დარწმუნებული ვარ, „ტელეგრაფი“ მალე დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება და ქვეყანაში კიდევ უფრო მეტ მაღალშემოსავლიან ტურისტს მოიზიდავს“,- ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

“ლადო ალექსი-მესხიშვილის და თეიმურაზ მიქაშავიძის არქიტექტურის ღირსშესანიშნავ ნიმუშს, ყოფილი ცენტრალური ტელეგრაფის შენობას, ახალი სიცოცხლე შესძინა რეკონსტრუქციამ და შესანიშნავმა დიზაინმა, რომელიც ეკუთვნის თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვან არქიტექტურულ კომპანიას Neri&Hu. სასტუმრო ტელეგრაფი არის რესპუბლიკის მოედნის რეკონსტრუქციის მნიშვნელოვანი ეტაპი. მჯერა, რომ ის თბილისში ახალი მიზიდულობის ადგილი გახდება უმაღლესი ხარისხის სერვისით და გამორჩეული დიზაინით”,- გიორგი რამიშვილი, “სილქ როუდ ჯგუფის” დამფუძნებელი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.