„რუსთავის ციხის პრესსამსახურის მორიგი განცხადება" - მიხეილ სააკაშვილის წერილი
„რუსთავის ციხის პრესსამსახურის მორიგი განცხადება
ჩვენს დაწესებულებაში განთავსებულმა პრეზიდენტის მოვალეობის ხელახლა შემსრულებელმა ბ.-მა მ. სააკაშვილმა ჩაატარა საქართველოს უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ბურჭულაძის და სხვათა მონაწილეობით.
სხდომის შედეგად გადაწყდა შემდეგი:
1. დაევალოს ჯერ კიდევ გარეთ მყოფ კახი კალაძეს დაუყოვნებლივ გამოცხადდეს თავის ბუნებრივ ადგილას, საპყრობილეში და შეწყვიტოს მისთვის განკუთვნილი საკნის ბოიკოტირება.
2. დაევალოს კალაძეს, მის კუთვნილებაში მყოფი მიწების და სამშენებლო ნებართვების უკანონოდ მიცემის სანაცვლოდ, ქრთამად აღებული 978 ცალი ბინის დაუყოვნებლივ გაყიდვა, ახალი სტადიონის მშენებლობისთვის მიღებული ატკატის დამატება და ხელისუფლების შეცვლისთვის განკუთვნილი 1 მილიარდიანი ფონდის შევსება.
3. მოქალაქე კალაძეს გამოეყოს 48 საათი ბინების გასაყიდად და ასევე სოლარიუმის მოსასწრებად, ტუჩების სილიკონის შესავსებად და ბოტოქსის აუცილებელი ინექციების გასაკეთებლად. რის შემდეგაც დაევალოს დაუყოვნებლივ გამოემგზავროს რუსთავში, ნაციონალების დაწყებული და ქოცების არ დამთავრებული თბილისი რუსთავის გზატკეცილით და ადგილზე მოგვახსენოს დავალების შესრულება.
4. ამ ყველაფრის შემდეგ მოქ. კალაძე მიღებული იქნება რუსთავის ციხის კლუბის მუდმივ წევრად და ასევე შეყვანილი იქნება უშიშროების საბჭოს მოქმედ შემადგენლობაში.
ხელს აწერენ:
სხდომის თავმჯდომარე - მ. სააკაშვილი
სხდომის მდივანი - რომეო მიქაუტაძე“ - წერს სოციალურ ქსელში, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.