„ყირიმის ხიდზე უკრაინის იერიში გარდაუვალი იყო, რადგან ქვეყანა აგრესიისგან თავს იცავს“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ
„ყირიმის ხიდზე უკრაინის იერიში გარდაუვალი იყო, რადგან ქვეყანა აგრესიისგან თავს იცავს“ - განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ. განცხადება მან ბრიუსელში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის [რამშტაინის ფორმატი] მორიგი შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.
„ბევრი ადამიანი ძალიან აქტიურად მუშაობს უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. თუმცა, ამავდროულად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ მათ ჰქონდეთ ყველაფერი რაც სჭირდებათ ზამთრის გადასატანად, ასევე რესურსები, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებებში მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია ჰქონდეთ." - თქვა მან.
ქერჩის ხიდთან დაკავშირებით კი რუტემ აღნიშნა, რომ „მნიშვნელოვანია, უკრაინამ თავი დაიცვას, ეს კი ლოგისტიკურ კვანძებზე დარტყმებსაც გულისხმობს; მათი მხრიდან ეს გარდაუვალი ნაბიჯია... რა თქმა უნდა, უნდა დავინახოთ, თუ რა მოხდა ზუსტად, თუმცა, მედიაში გავრცელებული კადრებიდან თუ ვიმსჯელებთ, ჩანს, რომ მათ წარმატებას მიაღწიეს“.
17 ნოემბრის ღამეს უკრაინულმა ძალებმა ყირიმის ხიდზე განმეორებითი შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც ხიდის ერთ-ერთი თაღი და საავტომობილო გზის მონაკვეთი ჩაინგრა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ეს იყო ერთთვიანი, შვიდფაზიანი სპეცოპერაციის კულმინაცია, რომლის დროსაც უკრაინულმა დრონებმა და „ნეპტუნისა“ და „ფლამინგოს“ ტიპის ფრთოსანმა რაკეტებმა ხიდის ერთი თაღი და საავტომობილო გზის 270 მეტრზე მეტი მონაკვეთი სრულად გაანადგურეს. დაზიანებულია სარკინიგზო ხაზიც, რის გამოც ქერჩის სრუტეზე საავტომობილო მიმოსვლა მთლიანად შეჩერდა და რუსეთის სამხედრო მომარაგების მთავარი მარშრუტი მწყობრიდან გამოვიდა.