"ირანის რეჟიმი, რომელიც ცდილობს ნებისმიერ ფასად გადარჩეს, აშკარა საფრთხეს უქმნის რეგიონის ყველა სახელმწიფოს და გლობალურ სტაბილურობას"
„ჩავატარე თათბირი ახლო აღმოსავლეთსა და ყურის რეგიონში არსებულ ვითარებაზე - იმ გამოწვევებზე, რომლებიც უკრაინისა და ჩვენი პარტნიორების წინაშე დგას, ასევე ჩვენს შესაძლებლობებზე, დავეხმაროთ სიცოცხლის დაცვას, ომის გაუვრცელებლობასა და მსოფლიო ბაზრის სტაბილიზაციას.
ირანის რეჟიმი, რომელიც ცდილობს ნებისმიერ ფასად გადარჩეს, აშკარა საფრთხეს უქმნის რეგიონის ყველა სახელმწიფოს და გლობალურ სტაბილურობას. ირანის გვერდით მყოფი ვერცერთი სახელმწიფო ვერ იგრძნობს თავს უსაფრთხოდ. ნაოსნობა ჰორმუზის სრუტეში პრაქტიკულად შეჩერებულია. ირანის რეჟიმი ჯერჯერობით არ ავლენს კეთილსინდისიერი დიპლომატიისა და ფუნდამენტური ცვლილებების რეალურ განზრახვას.
უკრაინა მართავს კონსულტაციებს როგორც ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან, ისე ირანის მეზობელ ქვეყნებთან. გუშინ ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის ლიდერებს. დღეს უკვე მქონდა საუბარი იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებთან. ასევე იგეგმება საუბრები ქუვეითთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ყველა მათგანი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას და ამაზე ღიად საუბრობს: ირანული მოიერიშე დრონები - ზუსტად ისეთივე „შაჰიდებია“, რომლებიც ამ ომის განმავლობაში წლების მანძილზე უტევენ ჩვენს ქალაქებსა და სოფლებს, ჩვენს უკრაინულ ინფრასტრუქტურას.
ირანის მხრიდან რამდენიმე დღეში უკვე გამოყენებულია სხვადასხვა ტიპის 800-ზე მეტი რაკეტა და 1400-ზე მეტი მოიერიშე დრონი. სწორედ ირანული დრონები და რაკეტები წარმოადგენს მთავარ საფრთხეს თავისუფალი ნაოსნობისთვის, რაც ახდენს ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის ფასების დესტაბილიზაციას მთელ მსოფლიოში.
უკრაინას შეუძლია დაეხმაროს სიცოცხლის დაცვასა და ვითარების სტაბილიზაციას. პარტნიორები მოგვმართავენ ამ საკითხზე. დავავალე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დაზვერვასთან, თავდაცვის მინისტრთან, ჩვენს სამხედრო სარდლობასთან და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, წარმოადგინონ შესაბამისი სახელმწიფოების მხარდაჭერის ვარიანტები და აღმოუჩინონ დახმარება ისე, რომ ამან არ შეასუსტოს ჩვენი საკუთარი თავდაცვა აქ, უკრაინაში.
ჩვენი სამხედროები ფლობენ საჭირო შესაძლებლობებს. უკრაინელი ექსპერტები იმუშავებენ ადგილზე და გუნდები ამაზე უკვე თანხმდებიან. ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ სიცოცხლის დაცვაში, სამოქალაქო პირების დაცვასა და რეალური ძალისხმევის მხარდაჭერაში ვითარების სტაბილიზაციისა და, კერძოდ, რეგიონში უსაფრთხო ნაოსნობის აღსადგენად.
ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი, ევროპის სახელმწიფოები და „დიდი შვიდეული“ აქტიურები იქნებიან როგორც ირანის რეჟიმის ტერორისტული შესაძლებლობების ლიკვიდაციაში, ისე რეგიონში სიცოცხლისა და გლობალური სტაბილურობის დაცვაში. კვლავაც გავაგრძელებთ კოორდინაციას პარტნიორებთან" - ვოლოდიმირ ზელენსკი.