"დეტალურად აღწერა კომისიამ თუ როგორ - ყველა მიმართულებით - საქართველო ჩამოაშორა ქართულმა ოცნებამ ევროპულ პრინციპებს, გზას და მის მომავალს"
„ჩემთვის პირადად და ჩვენთვის, საქართველოს პროევროპული უმრავლესობისთვის, უმძიმესი დღე დადგა!
ქართული ოცნების ანტიქართულმა, ანტიევროპულმა და რუსულმა პოლიტიკამ მოსალოდნელი და ქვეყნისთვის ტრაგიკული შედეგი გამოიტანა. ორი წლის წინ ზარ-ზეიმით მიღებული კანდიდატის სტატუსი, დღეს ევროკავშირმა ბუტაფორიად შეაფასა და პრაქტიკულად გაგვიყინა. ნათლად და დეტალურად აღწერა კომისიამ თუ როგორ - ყველა მიმართულებით - საქართველო ჩამოაშორა ქართულმა ოცნებამ ევროპულ პრინციპებს, გზას და მის მომავალს.
ამას ვერ დავუშვებთ! ვერ შევეგუებით სახელმწიფოს ამგვარ მიტაცებას, მისი ორიენტაციის შეცვლას და ამ ისტორიული შანსის ხელიდან განზრახ გაშვებას. ეს რეჟიმი, ვიცით, არაფერს გამოასწორებს, არც ერთ რეფორმას არ ჩაატარებს, ანტიევროპულ რიტორიკას არ შეეშვება და რუსული კარნახით გააგრძელებს უკუსვლას.
ამიტომ, უნდა ვიცოდეთ, რომ ამ გზაზე დაბრუნება მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული!
პროტესტის გაძლიერება, ერთობის გაძლიერება და თავისუფალი არჩევნების გარდა გზა ევროპისკენ არ იქნება!
ამიტომ ყველა გამოვიდეთ უნდა და რუსთაველიდან ვუპასუხოთ! კიდევ ერთხელ ჩვენი ევროპული ხმა გავაგონოთ! ჩვენი ევროპული გზა დავიცვათ!!!
არ შევეგუებით!" - წერს საქართველოს მე-5 პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.