"დააკავეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი, რომელიც მანამდე საქართველოში... "სადაზვერვო სამუშაოებს" ასრულებდა"
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, დააკავეს უნგრეთის სამხედრო დაზვერვის თანამშრომელი, რომელიც მანამდე საქართველოში დიპლომატიური მისიის საფარქვეშ "სადაზვერვო სამუშაოებს" ასრულებდა. СБУ-ს მტკიცებით, ზოლტან ანდრე საქართველოში 2016-2020 წლებში იმყოფებოდა.
უკრაინული წყაროების ცნობით, სამხრეთ კავკასიიდან დაბრუნების შემდეგ, 2021 წელს ზოლტან ანდრემ სადაზვერვო სამუშაოები უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო. მან ყოფილი უკრაინელი სამხედრო გადაიბირა და 2024 წელს გადაბირებულს ზაკარპატიეში ჯაშუშობა დაავალა. მანვე გადაბირებულ უკრაინელს დაავალა, რომ შეეგროვებინა ინფორმაცია დასავლეთ უკრაინაში ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განლაგების შესახებ, ასევე გადაებირებინა ახალი პირები უნგრეთის ჯაშუშური ქსელისთვის.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, იგი იყენებდა ზაკარპატიეში უნგრეთის დიპლომატიურ უწყებას, სადაც უკრაინელი მოქალაქეები უნგრეთის მოქალაქეობის მისაღებად პირად მონაცემებს გზავნიდნენ, ხოლო, სპეციალურად შერჩეულ მოქალაქეებს ანდრე გადაბირების მიზნით ფინანსურ დახმარებასა და უნგრეთის მხრიდან მნიშვნელოვან შეღავათებს სთავაზობდა.
უკრაინული წყაროების ცნობით, ოპერაციის ფარგლებში ანდრე ზოლტანმა მოახერხა და გადაიბირა კიდევ ერთი ადამიანი, კერძოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების საბრძოლო ბრიგადის ყოფილი წევრი, რომელიც მოგვიანებით უკრაინის უშიშროების სამსახურმა სხვა აგენტთან ერთად დააკავა.