"ჩვენი ხმა არის ჩვენი, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება შინ და გარეთ და მის წართმევას წინ აღვუდგებით!“

"ჩვენი ხმა არის ჩვენი, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება შინ და გარეთ და მის წართმევას წინ აღვუდგებით!“

19-11-2025 Views 41

"არალეგიტიმური ხელისუფლების მარიონეტების მიერ გაჟღერებული მორიგი ინიციატივა, რომელიც საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შეზღუდვას უკავშირდება, კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ჯგუფის მცდელობას - ბოროტმოქმედი რეგულარობით დააზიანოს საქართველოს კონსტიტუცია და ჩამოგვართვას ქვეყნის მოქალაქეებს კონსტიტუციით, ყოველი ჩვენთაგანისთვის, მონიჭებული უფლება.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების სრულფასოვანი მონაწილეები ვართ. ჩვენ არა მხოლოდ ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით ვასრულებთ მნიშვნელოვან როლს სამშობლოს განვითარებაში, არამედ კონსტიტუციით გვაქვს გარანტირებული ხმის, არჩევანისა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შეუზღუდავი უფლებაც და მოვალეობაც.

ამ უფლებების შეზღუდვა ან მათში ჩარევა წარმოადგენს დისკრიმინაციულ და ქვეყნის დემოკრატიულ საფუძვლებთან შეუთავსებელ ქმედებას. ჩვენ, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები მკაფიოდ და კატეგორიულად ვაცხადებთ: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი საარჩევნო უფლების შეზღუდვას, პირობების გართულებას ან ნებისმიერი ფორმით მის ხელყოფას. ჩვენი ხმა არის ჩვენი, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლება შინ და გარეთ და მის წართმევას წინ აღვუდგებით!“ - აღნიშნულია სტრასბურგში, ქართველი ემიგრანტების მიერ დაფუძნებული ორგანიზაციის, GéNaissance-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.