"ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უნდა წახვიდეთ! და წახვალთ კიდეც. 31 მაისამდე ეს ჯერ კიდევ შეგიძლიათ ნებაყოფლობით გააკეთოთ"
"ვიქტორ ორბანის მარიონეტულმა პრეზიდენტმა დღეს ინტერვიუ მისცა მაფიის პროპაგანდისტულ გამოცემას, იმ გაზეთს, რომელზეც სასამართლოებმა დაადგინეს, რომ კამპანიის განმავლობაში უნამუსოდ ატყუებდა უნგრელ ხალხს. ტამაშ შუიოკი თავისი სამარცხვინო ორწლიანი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში ჩაიჭრა როგორც ადამიანური, ისე სამართლებრივი და პოლიტიკური შესაფერისობის გამოცდაში. პირველივე წუთიდან აშკარა იყო, რომ ვიქტორ ორბანს სჭირდებოდა ისეთი პრეზიდენტი, რომლის პრიორიტეტების სიაში პირველ ადგილზე ფიდესისადმი ერთგულება, ხოლო ბოლო ადგილზე კონსტიტუციურობის დაცვა და ერის ერთიანობა იქნებოდა. სწორედ ამიტომ შეაჩერა არჩევანი ტამაშ შუიოკზე.
უნგრეთს კი სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც ერთგული იქნება არა ერთი პოლიტიკური ბანაკის, არამედ უნგრელი ერისა და თითოეული უნგრელის, მათ შორის ყველაზე ღარიბისა და დაუცველის. საჭიროა პრეზიდენტი, რომელიც ხელს შეუწყობს ერის ხელახალ გაერთიანებას და არ შეეცდება მხოლოდ საკუთარი უიმედო მდგომარეობის გამართლებას. პრეზიდენტი, რომელიც არ წავა უნგრელი ხალხის ნებისა და რეჟიმის ცვლილების წინააღმდეგ, არამედ ემსახურება თავის ქვეყანას.
ტამაშ შუიოკმა მატყუარა პროპაგანდისტულ გამოცემასთან ინტერვიუში ბევრ რამეში იცრუა. მან იცრუა, მაგალითად, პრეზიდენტის უფლებამოსილებებზე, იცრუა ორბანისეული ბავშვთა დაცვის სისტემის მიერ დასახიჩრებულ ბავშვებზე და იცრუა ჩვენს შორის გამართულ პირისპირ შეხვედრებზეც. ჩვენი პირველი შეხვედრისას მას არ უარუყვია ჩემი მკაფიო მოთხოვნა გადადგომის შესახებ, არამედ მხოლოდ აღნიშნა, რომ დაფიქრდებოდა ამაზე. ჩვენი მეორე შეხვედრისას კი იკითხა, რომ თუ გადადგომას გადაწყვეტდა, იქნებოდა თუ არა მისაღები, რომ დეტალები იუსტიციის მინისტრთან შეეთანხმებინა. აშკარაა, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ მაფიის ბოსისგან მოვიდა ბრძანება, რომ ის უნდა დარჩეს.
ბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით საჯაროდ გიპასუხოთ. შესათანხმებელი არაფერია. თქვენ მართალია დღევანდელ პროპაგანდისტულ ინტერვიუში შეეცადეთ უარყოთ, რომ მილიონობით უნგრელმა 12 აპრილს არჩევანი რეჟიმის შეცვლაზე გააკეთა, მაგრამ ეს რეალობას ვერ ცვლის. თქვენ იყავით იმ დამხობილი სისტემის მარიონეტი, რომელსაც უნგრელების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მტკიცე უარი უთხრა და რომელ ბოროტ სისტემასაც დღეს უნგრელების სამი მეოთხედი უარყოფს. უნგრელები თქვენ მიგიჩნევენ რეჟიმის შეცვლისა და მომუშავე, ჰუმანური უნგრეთის მთავარ დაბრკოლებად.
ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უნდა წახვიდეთ! და წახვალთ კიდეც. 31 მაისამდე ეს ჯერ კიდევ შეგიძლიათ ნებაყოფლობით გააკეთოთ“ - წერს უნგრეთის პრემიერ მინისტრი, პიტერ მადიარი სოციალურ ქსელში.